ამერიკის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს აწარმოებს

ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ის საგანგებოდ წარგზავნილი ქვეყნის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, ამოს ჰოხშტეინი, ისრაელში იმყოფება და ლიბანში ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს.

უცხოური მედიის თქმით, ჰოხშტეინი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ იმედი გამოთქვა, რომ ამ დღეებში ისრაელსა და “ჰეზბოლას” ჯარებს შორის მიღწეული იქნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ზავის პირობად მან გაეროს 2006 წლის რეზოლუციის შესრულება და ქვეყნის სამხრეთში ლიბანის არმიის განთავსება დაასახელა. “ჰეზბოლას” ახალმა მეთაურმა, ნაიმ ყასემმა მზადყოფნა გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტისთვის, ოღონდ გარკვეული პირობებით.

მედიის ცნობებით, აშშ-ის წინადადება ლიბანიდან ისრაელის ჯარის გაყვანას შვიდი დღის განმავლობაში გულისხმობს, მათ ნაცვლად ლიბანის სამხრეთში მალევე უნდა განთავსდეს ამ ქვეყნის რეგულარული არმიის ათი ათასი ჯარისკაცი.

შეგახსენებთ, აშშ “ჰეზბოლას” ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ხოლო ევროკავშირს მისი სამხედრო განშტოება “შავ სიაში” ჰყავს შეყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები