დავით ქართველიშვილი – მეთიუ მილერის განცხადებაზე: როდემდე უნდა გვამყოფონ კოლექტიურმა „მეთიუმილერებმა“ ნეანდერტალელთა როლში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ დასავლეთში ინტერნეტით სარგებლობა არ იციან, ან მოკლე მეხსიერება აქვთ, ან ფაქტების გააზრების თვალსაზრისით პრობლემები გააჩნიათ.

„ეს არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მუდამ შეშფოთებულად აღშფოთებული მეთიუ მილერის განცხადება: „საქართველოს არჩევნების დროს ისეთმა დარღვევებმა, როგორიცაა ხმების ყიდვა და ამომრჩეველთა დაშინება, ხელი შეუწყო არათანაბარ სათამაშო მოედანს და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობა სამართლიანი შედეგის მიმართ“.

ეს კი არის აშშ-ს კონგრესში 2022 წლის 8-9 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში (ამონარიდი):

არჩევნებში ადგილი ჰქონდა საარჩევნო სისტემის თანამშრომელთა შევიწროებასა და მუქარას

სახეზე იყო ისეთი სისტემური გამოწვევები, როგორიცაა ხმებით მანიპულირება

შუალედური არჩევნები კონკურენტუნარიანი და პროფესიონალურად მართული იყო, მაგრამ სახეზე იყო პოლარიზება, ორივე ძირითადი პარტიის პოლიტიკური კამპანიები განხეთქილების სულისკვეთებას ატარებდა და აალებადი ხასიათის რიტორიკა ახასიათებდა რასისტული და ტრანსფობიური თემებით, რომლებსაც ზოგიერთი კანდიდატი და გამოკვეთილი სახე იყენებდა მოვლენების კომენტირებისას

თაღლითობის უსაფუძვლო ბრალდებებს სერიოზული შედეგები მოსდევდა და საარჩევნო სისტემის თანამშრომელთა შევიწროებასა და მუქარაში აისახებოდა

ფულის განუზომელი გავლენის პრობლემაც უნდა გადაიჭრას, რათა საარჩევნო ხმების თანასწორობა იქნეს უზრუნველყოფილი. ზოგადად, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გასაჯაროების მექანიზმები ყოვლისმომცველია ქვეყანაში, მაგრამ საკანონმდებლო ჩარჩოში არსებული ხვრელების გამო პოლიტიკაზე ფინანსური გავლენა ნაკლებად გამჭვირვალეა

საარჩევნო სისტემის თანამშრომლების მიმართ მუქარები აზიანებს ამომრჩეველთა ნდობას საარჩევნო პროცესისადმი და უსაფუძვლო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, პერი ჯონ პონსის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაგრძოს თავისი ერთგულების დემონსტრირება საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, არჩევნების უსაფრთხოების გაძლიერებით და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ფრენჩაიზის გაზრდით. მისი თქმით, დემოკრატიის გამოწვევები, რომელთა წინაშეც აშშ დგას, ეუთოს ბევრი ქვეყნისთვის საერთოა და ყველამ ერთად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესების მიმართ მოქალაქეებს ნდობა ჰქონდეთ.

სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე კიდევ ერთი პრობლემა იყო დეზინფორმაცია, რომელიც ამომრჩევლის ინფორმირებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა. მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მოვლენების კომენტირებისას პოლიტიკოსები და სხვა კომენტატორები უარყოფდნენ, რომ არგამოცხადებულთა ხმები და გადასატანი საარჩევნო ყუთები 2020 წლის არჩევნების გაყალბების მიზნით იქნა გამოყენებული, რამაც უარყოფითად იმოქმედა ამ საარჩევნო პროცესისადმი ნდობის ხარისხზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობის წარმოდგენა ყველგან იყო აუცილებელი, მხოლოდ 35 შტატში შეესაბამებოდა რეალობა ჯეროვან პრაქტიკას და დაცული იყო საარჩევნო სისტემის მთლიანობა. დამკვირვებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ზოგიერთ შტატში პირადობის მოწმობები არ იყო თანაბრად ხელმისაწვდომი ყველა უფლებამოსილი მოქალაქისთვის, რაც არღვევს ხმის თანაბარუფლებიანობის პრინციპს ზოგიერთი უმცირესობისა და ეკონომიკურად დაუცველი თემის წევრთა შემთხვევაში.

როდემდე უნდა გვამყოფონ კოლექტიურმა „მეთიუმილერებმა“ ნეანდერტალელთა როლში, რომლებმაც ან ინტერნეტით სარგებლობა არ იციან, ან მოკლე მეხსიერება აქვთ, ან ფაქტების გააზრების თვალსაზრისით პრობლემები გააჩნიათ. როდემდე???“, – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები