იზრდებოდა დედოფლისწყაროს სოფელ ზემო მაჩხაანში. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში მოდელირების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.
2020 წლიდან აქტიურად ხატავს პორტრეტებს, პეიზაჟებს. ნახატებს უკვეთავენ როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე საზღვარგარეთიდან ქართველი ემიგრანტები. – თამარ ტოკლიკიშვილის პერსონა.
– ფიროსმანის მშობლიურ მხარეში – ქიზიყში დაიბადეთ….
– დავიბადე და გავიზარდე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში – ეს გარემო ჩემთვის განსაკუთრებულად შთამაგონებელი იყო. ბუნება, სიმშვიდე და სოფლის ცხოვრება ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ჩემს წარმოსახვაზე. ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, მუსიკა, პოეზია, ფილმები და კითხვა. განსაკუთრებით მიზიდავდა ყველაფერი, რაც ემოციებს და ფერებს უკავშირდებოდა. ჩემთვის საინტერესო იყო ადამიანებზე დაკვირვება, მათი სახეების და ხასიათის „წაკითხვა“, რაც ალბათ მოგვიანებით პორტრეტების სიყვარულზეც აისახა.
ჩემთვის კიდევ სიმბოლურია ისიც, რომ ამ მხარეში – სოფელ მირზაანში დაიბადა ნიკო ფიროსმანაშვილი. მირზაანი ხომ ზემო მაჩხაანის უახლოესი სოფელია.
– სკოლის პერიოდი. პირველი ნახატები...
– სკოლის პერიოდში უკვე აქტიურად ვხატავდი. პირველი ნახატები უფრო ემოციური იყო, ვიდრე ტექნიკურად სრულყოფილი – მაგრამ სწორედ ეს იყო ყველაზე გულწრფელი ეტაპი.
ხშირად ვხატავდი ადამიანებს, ბუნებას, ჩემ ირგვლივ სხვადასხვა დეტალს. მასწავლებლებიც და ახლობლებიც ამჩნევდნენ ჩემს ინტერესს და ეს იყო მოტივაციის წყარო – კიდევ უფრო სერიოზულად გამეგრძელებინა ხატვა.
– სტუდენტობა…
– აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. მადლობას ვუხდი მშობლებს გვერდში დგომისთვის. სტუდენტობამ მასწავლა დისციპლინა, პროფესიული ხედვა და დეტალების დანახვა. იქ უკვე გავაცნობიერე, რომ ხატვა მხოლოდ ნიჭი არ არის – ეს არის შრომა, მუდმივი ძიება და განვითარება. ის წლები ჩემთვის იყო როგორც ტექნიკური, ისე შინაგანი ზრდის პერიოდი.
– რატომ გიზიდავთ პორტრეტები?
– პორტრეტი ჩემთვის ყველაზე ცოცხალი და ემოციური ჟანრია. როცა ადამიანს ვხატავ, ვცდილობ, არა მხოლოდ მისი გარეგნობა, არამედ ხასიათი და შინაგანი სამყაროც გადმოვცე. თითოეული სახე თავის ისტორიას ატარებს და ჩემთვის საინტერესოა ამ ისტორიის „დაჭერა“ ფერებით.
– პატრიარქის პორტრეტი რამდენჯერმე დახატეთ – მის სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც. პირადად იცნობდით მას?
– ილია II-ის პორტრეტის შექმნა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და დიდი პატივი იყო. მისი პიროვნება, სულიერება და სიმშვიდე თავისთავად შთაგონების წყაროა. პირადად ახლოს არ ვიცნობდი.
– ნახატებს გიკვეთენ ემიგრანტებიც.
– ემიგრანტები ხშირად მიკვეთავენ პორტრეტებს. მათთვის ეს არის ძალიან ემოციური კავშირი სამშობლოსთან – ოჯახის წევრების, მშობლების ან შვილების სახეების ტილოზე გადატანა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ხშირად ეს ნახატები ხდება სიურპრიზი და ძალიან თბილი ისტორიის ნაწილი.
– საინტერესო ამბავი…
– ემოციური შემთხვევა იყო, როდესაც ერთ-ერთმა ემიგრანტმა დამიკვეთა ოჯახის წევრის პორტრეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი. როცა ნახატი მიიღო, მითხრა, რომ თითქოს რეალურად შეეხო იმ ადამიანს. ასეთი შემთხვევები ყველაზე დიდი სტიმულია.
– ჰობი…
– ხატვის გარდა მიყვარს: მუსიკა, პოეზია, ფილმები, კითხვა და ბუნებაში ყოფნა. ეს ყველაფერი ჩემთვის შთაგონების წყაროა და მეხმარება შემოქმედებით პროცესში.
– გიყვართ ცხოველები. გყავთ ერთგული მეგობარი – ჯესიც…
– ძალიან მიყვარს ცხოველები და ჩემი ოთხფეხა მეგობარი ჯესი ჩემთვის ოჯახის წევრია. შვილივით გავზარდე… ჯერ არ დამიხატავს, თუმცა სამომავლოდ ვაპირებ მის დახატვას.
– ოჯახი… როგორ გიდგათ მხარში?
– ოჯახი (მეუღლე და შვილი) ჩემთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ისინი მაძლევენ მოტივაციას და ძალას, რომ ვაკეთო ის, რაც მიყვარს. მათი გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია.
– ხატვა თქვენთვის არის…
– საკუთარი თავის გამოხატვა, ემოციების გადმოცემა და კომუნიკაცია სამყაროსთან. ეს არის პროცესი, სადაც საკუთარ თავსაც უკეთ ვეცნობი.
– გამოფენები და სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ მსურს გამოფენის მოწყობა და ჩემი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა. ასევე მინდა, კიდევ უფრო გავაფართოო ჩემი საქმიანობა საერთაშორისო მიმართულებით.



თამარ შაიშმელაშვილი