მაკა ბოჭორიშვილი: თითქოს ჩვენ ვკარგავთ პერსპექტივას და შესაძლებლობას – ეს ისეთივე უსაფუძვლო და არასერიოზული ნარატივია, როგორიც ამ წლების განმავლობაში ბევრი მოვისმინეთ

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რეგიონულ თანამშრომლობასა და დაკავშირებადობაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და შავი ზღვისპირა სტატუსი ქვეყანას მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ფუნქციას ანიჭებს, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიისა და ფართო რეგიონისთვის, შესაბამისად, უსაფუძვლოა საუბარი, თითქოს საქართველო კარგავს ამ პერსპექტივას.

„თითქოს ჩვენ ვკარგავთ პერსპექტივას და შესაძლებლობას, ეს ისეთივე უსაფუძვლო და არასერიოზული ნარატივია, როგორიც ამ წლების განმავლობაში ბევრი მოვისმინეთ. ვერასდროს იყვნენ ამ ნარატივების ავტორები დამაჯერებლები, რადგან ტყუილზე და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ თეორიებზე ამყარებენ თავიანთ პოზიციებს. როდესაც დაკავშირებადობაზე და შავის ზღვის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ შეხედო ქვეყანას, რომელიც შავ ზღვას ესაზღვრება და არის მთავარი დამაკავშირებელი ზღვასთან არაერთი ქვეყნის, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის. ბუნებრივია ეს ყველამ კარგად იცის. მეორე საკითხია, თუ ვინ რატომ ვერ გათვალა, რომ ეს დღე შეიძლებოდა ძალიან მალე დამდგარიყო, როდესაც საქართველოს გვერდს უბრალოდ ვეღარ აუვლი და ვერ დახუჭავ თვალს მის არსებობაზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს დაკავშირებადობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საერთაშორისო დღის წესრიგში, შესაბამისად, საქართველოს მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ერევანში გამართული დისკუსიის ფარგლებში:

„სწორედ ამის დემონსტრირება მოხდა ერევანში. როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაკავშირებადობაზე საუბრობენ, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი თავად იღებდა მონაწილეობას დაკავშირებადობის შესახებ დისკუსიებში, იქ, რა თქმა უნდა, საქართველოს ხმა და პოზიციები ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა რეგიონის ქვეყნებთან არსებულ აქტიურ პარტნიორულ ურთიერთობებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხზე. მისი თქმით, ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესები ახალ შესაძლებლობებს ქმნის არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.

„რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა უნდა განვავითაროთ, პირველ რიგში, რეგიონის ქვეყნებთან, უშუალო მეზობლებთან, რადგან მათ გარეშე ჩვენთვისაც შეუძლებელია ამ ფუნქციის შესრულება. ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. ასევე შეხვედრა გვქონდა თურქეთის ვიცე-პრემიერთან ერევანში. თანამშრომლობა თურქულ მხარესთან ათწლეულებს ითვლის და არის ძალიან საფუძვლიანი და მნიშვნელოვანი. აზერბაიჯანი ჩაერთო ცენტრალური აზიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის ჩვენი რეგიონისთვისაც. ეს დინამიური თანამშრომლობა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი და გარკვეულწილად სტაბილურობის გარანტიც, რადგან დღეს არავის არ უნდა სჭირდებოდეს ჩვენს რეგიონში არეულობა, დაძაბულობა და არასტაბილურობა, ვინაიდან დღეს სწორედ ეს პატარა რეგიონი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როდესაც გარშემო ცეცხლის ალშია გახვეული ორი დიდი რეგიონი. ეს უნდა გამოვიყენოთ სწორად, ამასაც ვაკეთებთ, ამიტომაც ვიცავთ ამ ქვეყანაში სტაბილურობას და ხშირად ვსაუბრობთ ამაზე, რომ შევინარჩუნოთ ეს ფუნქცია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები