მაკა ბოჭორიშვილი: ამ რეგიონში სამივე ქვეყანამ კარგად ვიცით ჩვენი როლი, ჩვენი ფასი, შესაბამისად, თუ ვინმეს აზრად აქვს, რომ გააღვივოს არასაჭირო კონკურენცია, ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ევროკავშირის ბიუროკრატიის მიდგომებზე ისაუბრა.

„რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროკავშირის ბიუროკრატიიდან, მაშინ ჯერ კიდევ პარლამენტში ვიყავი, ჩემთან საუბარში ახსენა ასეთი რამ: ახლა თქვენ ჩაგანაცვლებთ სომხეთით და ნახავთ მერე როგორ იქნება ამბავიო. მაშინ კი ვფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა ჩაენაცვლებინა ბიუროკრატიას საქართველო სომხეთით, რა ლოგიკით და სად ხდებოდა საქართველოს ჩანაცვლება. შემდგომ ყველაფერი გახდა ცხადი და ნათელი, რა გეგმით მოძრაობდნენ კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები ბრიუსელის ბიუროკრატიაში. თუმცა ეს სასაცილოა, ამას სერიოზულად უბრალოდ ვერ აღვიქვამთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, საუბარი იმაზე, თითქოს საქართველო სატრანზიტო ფუნქციას კარგავს, არასერიოზულია.

„ჩვენ არც საეჭვიანო გვაქვს რამე და არც სანერვიულო. არსებობს მოქმედი მარშრუტები, ათწლეულების განმავლობაში ნაშენები გზები, რომელსაც ევროპაში მიაქვს ენერგორესურსები, ის რომ ამან დაკარგოს მნიშვნელობა, ამაზე ლაპარაკიც კი არასერიოზულია. თუმცა მცდელობები არის, არა მხოლოდ გზებისა და მარშრუტების, ხედავთ ევროინტეგრაციის პროცესშიც კი ცდილობენ გარკვეული კონკურენციის გაჩენას რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც ასევე ღიმილისმომგვრელია.

ამ რეგიონში სამივე ქვეყანამ კარგად ვიცით ჩვენი როლი, ჩვენი ფასი, შესაბამისად, თუ ვინმეს აზრად აქვს, რომ გააღვივოს არასაჭირო კონკურენცია, ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და მოკლებულია რეალურ შესაძლებლობებს, რომ ვინმემ ამ მხრივ წარმატებას მიაღწიოს“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები