გიორგი ცუცქირიძე: არც რევოლუცია გამოვა და არც საპარლამენტო კრიზისი შეიქმნება – ოპოზიციის მარცხი მათი უპრინციპობის, დიდი ტყუილების და ცრუ მოლოდინების შედეგია

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადება, რომ პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, სრულ თანხვედრაშია ეუთო/ოდირის გუშინდელ შეფასებებთან, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიციამ ყველაზე დიდი გაყალბება 13%-იანი, ეგზიტპოლების სახით თავად შემოგვთავაზა.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადება, რომ პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, სრულ თანხვედრაშია ეუთო/ოდირის გუშინდელ შეფასებებთან, რომ ძალიან ცოტა დადასტურებული შემთხვევაა ხმის რამდენჯერმე მიცემისა, არჩევნები კი იყო კონკურენტული და ამომრჩევლებს ჰქონდათ არჩევანის ფართო საშუალება.

ეს ყველაფერი კი მთლიანად ანგრევს საკონსტიტუციო ველიდან უკვე აშკარად გასული ქალბატონი პრეზიდენტის და ოპოზიციის მთავარ არგუმენტს არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე.

რომელ არჩევნების გაყალბებაზეა საუბარი, როდესაც ოპოზიციამ ყველაზე დიდი გაყალბება 13%-იანი, თავად შემოგვთავაზა ეგზიტპოლების სახით, როდესაც ოპოზიციური ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ მიერ შეკვეთილი და არჩევნების დამთავრებისთანავე გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგები გვამცნობდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მხოლოდ 41-42% მიიღო, ხოლო ოპოზიციამ თურმე ჯამურად მიიღო – 50%-ზე მეტი და შესაბამისად, მოუგო არჩევნები, რეალურად კი 2020 წელთან შედარებით ჯამურად ნაკლები ხმა მიიღო!!

დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ დანიშნული საპროტესტო აქცია არის სხვა არაფერი თუ არა უკვე მერამდენედ მოტყუებულ საკუთარ ელექტორატთან ამ ლუსტრაციის გადაფარვის მცდელობა. ამ ფაქტის გადაფარვას ემსახურება ერთმანეთის მიყოლებით გაკეთებული ოპოგანცხადებებიც პარლამენტში არ შესვლაზე.

კარგად გვახსოვს ამათი წინა დაპირებები საპარლამენტო საქმიანობის ბლოკირებაზე, მანდატები, რომ ვერ გააგდებინეს ხელიდან, და ბოლოს ერთმანეთს ასწრებდნენ პარლამენტში შესვლას.

ამიტომ, არც რევოლუცია გამოვა, და არც საპარლამენტო და პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება, კიდევ უფრო ილუზორული და არასერიოზულია ტექნიკური მთავრობის ფორმირებაზე აქცენტები.

რამდენიმე დღეში ეს მორიგი შოუც დასრულდება, მომავალი „გამარჯვებების“ დათქმებით.

სწორედ ამ უპრინციპობის, დიდი ტყუილების და ცრუ მოლოდინების შედეგია ოპოზიციის უკვე მერამდენე მარცხი ამ 12 წლის მანძილზე“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები