“ოპოზიცია, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანიაში არ ხარჯავს არც ფინანსურ და არც ადამიანურ რესურსს, მას გათვლა არჩევნების დელეგიტიმაციის პროცესის დაწყებაზე აქვს” – კახა კახიშვილი

“ოპოზიცია, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანიაში არ ხარჯავს არც ფინანსურ და არც ადამიანურ რესურსს – რატომ? ან როგორ აპირებს მოგებას? პასუხი მარტივია, მთელი გათვლა არა არჩევნების მოგებაზე, არამედ არჩევნების შემდეგ, 26 ოქტომბრის 20:00 საათის დადგომისთანავე, არჩევნების დელეგიტიმაციის პროცესის დაწყებაზე აქვთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატი, კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნები უმნიშვნელოვანესია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.

“ფაქტია, რომ 2024 წლის არჩევნები უმნიშვნელოვანესია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ასევე ყველანი ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური ტემპერატურა ძალზედ მაღალია მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არც ერთ არჩევნებს მშვიდ გარემოში არ ჩაუვლია. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე გადამწყვეტ 2003 და 2012 წლის არჩევნებსაც კი გადაასწრო დუღილის ტემპერატურით.

ნამდვილად არ ვაპირებ აგიტაცია-პროპაგანდას ამ სტატუსით. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. არც ომზე და მშვიდობის მნიშვნელობაზე დავიწყებ ამჯერად საუბარს, რადგან ძალიან ბევრი ითქვა უკვე და გამგებმა გაიგო. ვისაც არ უნდა, ისედაც ვერ და არ გაიგებს, მაგრამ ფაქტი ერთია და ამაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ სწორედ არჩევნებზეა დამოკიდებული ქვეყნის შემდგომი განვითარების პერსპექტივა.

ამ სტატუსით მსურს გავამახვილო საზოგადოების ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია საუბრობს არჩევნების მნიშვნელობაზე და ზოგმა რეფერენდუმსაც კი შეადარა, ოპოზიციური ძალების უმრავლესობას კლასიკური საარჩევნო კამპანია არ უწარმოებია, რაც გულისხმობს კარდაკარის პრინციპით სიარულს, მოსახლეობასთან ქუჩის შეხვედრებსა, თუ მათი განწყობების და პრობლემების შესახებ საუბარს. “ქართული ოცნების” და თითო-ოროლა ოპოზიციური პარტიის გარდა, ძირითადი ოპოზიციური პარტიები არჩევნების აგიტაციას მხოლოდ სატელევიზიო ეთერებით ეწევიან. ცხადია, მედია საშუალებებს დიდი მნიშვნელობა აქვთ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, როგორც მუხტის ასაწევად, ისე ინფორმაციის გასავრცელებლად, მაგრამ საარჩევნო კამპანიის დროს გადამწყვეტი როლი მაინც მოსახლეობასთან ინდივიდუალურ მუშაობას უკავია.

რა დასკვნის გაკეთება შეიძლება აქედან?! ძალიან მარტივია, ოპოზიცია ფაქტობრივად საარჩევნო კამპანიაში არ ხარჯავს არც ფინანსურ და არც ადამიანურ რესურსს. ისმის კითხვა – რატომ? ან როგორ აპირებს მოგებას? პასუხი მარტივია, მთელი გათვლა არა არჩევნების მოგებაზე, არამედ არჩევნების შემდეგ, 26 ოქტომბრის 20:00 საათის დადგომისთანავე, არჩევნების დელეგიტიმაციის პროცესის დაწყებაზე აქვთ.

მათ მშვენივრად იციან მოსახლეობის განწყობა და საკუთარი რეიტინგიც. ისიც მშვენივრად ესმით, რომ ხელისუფლებას ვერ შეცვლიან. მათ ისიც კი არ აწყობთ, რომ ქართულმა ოცნებამ არა თუ 100 მანდატი, არამედ 76 მანდატი მოიპოვოს პარლამენტში, ანუ 1 ხმით მეტი ჰქონდეს მათზე, რომ ჩამოაყალიბოს ხელისუფლება. მათი მხრიდან ესეც კი რევოლუციურ პროცესების გამოწვევის მიზეზი და მცდელობა გახდება. რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, რეიტინგები და განწყობები ძალიან კარგად იციან და მხოლოდ ერთი დარჩენიათ – კამპანიაში ფული არ დახარჯონ და ეს ფული დაზოგონ 26 რიცხვის შემდეგ პროცესების ქუჩაში გადასატანად და ქვეყნის ასარევად იმ მიზნით, რომ არჩევნების შედეგები გაბათილდეს და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. თუ გამოუვათ არც იმაზე დაიხევენ უკან, რევოლუციის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში.

ჩვენ ყველა ვხედვათ თუ რა ძალებია ჩართული ამ ყველაფერში. ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტის, ელჩების, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს, რომლებიც არჩევნებამდე უკვე ღიად საუბრობენ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასა და დელეგიტიმაციაზე. ეს ყველაფერი მიუთითებს ერთ რამეზე – ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მოვემზადოთ 26 რიცხვში პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, რათა ყველანაირი პროვოკაცია, რომელიც იქნება დაგეგმილი კენჭისყრის დღეს თავიდან იყოს აცილებული ისე, რომ არ დაზარალდეს არჩევნების მიმდინარეობა, რაც შემდეგ საფუძვლად დაედება არჩევნების დელეგიტიმაციის მოთხოვნას. ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ თეთრზე შავს აცხადებს ზოგიერთი ელჩი და საერთაშორისო პარტნიორი. აღარ ვსაუბრობ ოპოზიციაზე, ამიტომ მცირედი საფუძველიც არ უნდა მივცეთ. თითოეული ჩვენგანი, კარგად უნდა დაფიქრდეს რა პროცესები შეიძლება განვითარდეს 26 ოქტომბრის შემდეგ და ყველამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე თავისი წილი პასუხისმგებლობა. პროცესების ამგვარად განვითარების შემთხვევაში საუბარი უკვე

აღარ იქნება კონკრეტულად ერთი პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოცილებასა და სხვა ძალის ხელისუფლებაში მოსვლაზე, აქ საუბარი იქნება ქვეყნის მომავალზე.

გთხოვთ ყველას, მშვიდ გარემოში დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი. მშვიდად მივცეთ საშუალება საარჩევნო ადმინისტრაციას დათვალოს და გამოაცხადოს შედეგები და მშვიდად მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც გამოაცხადებს საარჩევნო ადმინისტრაცია. მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც თავადაც მთელი ოპოზიცია, ელჩები, მათ შორის პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შეუძლებელია ამ ელექტრონული დათვლის სისტემის გაყალბება”, – წერს კახიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები