ფიქსირებული ემოცია

        სურვილმა – სხვებისთვისაც ეჩვენებინა საკუთარი თვალით დანახული რეალობა, წლების წინ ისე აანთო პატარა გოგონა, რომ ყველაფერი დათმო – მშობლიური გარემო, ოჯახი, ახლობლები… ნათელა გრიგალაშვილი ოცნების საძებრად პატარა სოფლიდან დიდ ქალაქში ჩავიდა… უცხოს და მარტოხელას, გზების გაკვლევა ძალიან გაუჭირდა… წყენაც ბევრი შეხვდა და ეკლებიც, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი გადალახა… ძველ ოცნებას ვერ დაეწია, მაგრამ გზაში, ახალი დაემგზავრა…

 – როგორ დაიწყო ყველაფერი, რა ასაკში „მოიწამლე“ ფოტოგრაფიით?
– ბავშვობიდან ვხატავდი, მერე კინომ  გამიტაცა, მინდოდა ოპერატორი გავმხდარიყავი და დოკუმენტური ფილმები გადამეღო.  მე სოფელში დავიბადე და გავიზარდე, იქიდან ყველაფერი შორეული ჩანდა,  შორეული და მიუწვდომელი. ვიცოდი, ოპერატორი რომ გავმხდარიყავი, ფოტოგრაფია უნდა მესწავლა… სწავლის პროცესში ფოტოგრაფიამ ისე გამიტაცა, პირველადი მიზანი მიმავიწყდა კიდეც… დღეს აღარ ვნანობ, რომ ოპერატორი ვერ გავხდი, ალბათ ისე ჯობდა, როგორც გამოვიდა…
– გაიხსენე შენი პირველი ნაბიჯები ფოტოგრაფიაში, პირველი ფოტოები და მათთან დაკავშირებული ემოციები…10580289_10203063412372459_1657708231_n
– პირველი ფოტოაპარატი მეგობარმა მაჩუქა. „სმენა“- რუსული წარმოების ყველაზე იაფფასიანი ფოტოაპარატი – მაშინ ნამდვილი განძი ჩემთვის… თავიდან მხოლოდ ჩემს მეგობრებს ვიღებდი, პორტრეტებს. მაშინ ძალიან მომწონდა, ახლა კი მეცინება იმ ფოტოებს რომ ვუყურებ – არაფერი განსაკუთრებული მათში არ იყო.
– რა გზა გაიარე დღემდე მოსასვლელად? პროფესიული კუთხით ვგულისხმობ…
– ძალიან გრძელი და რთული, მე ვიტყოდი მწარე გზა იყო…  მოგონებაც კი არ მინდა  მისი….  მაშინ ერთი მართალი სიტყვა, ერთი სასარგებლო რჩევაც კი ძვირფასი იყო, ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ტყუილად არაფერი ხდება ცხოვრებაში და ახლა თუკი ვინმე დამწყები მთხოვს  დახმარებას, ვცდილობ გვერდით დავუდგე, რადგან არასდროს მავიწყდება, რამდენჯერ მომიკეტეს ცხვირწინ კარები…
– ამჟამად რას საქმიანობ?
– ფოტო ჟურნალისტიკას ვასწავლი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტში, ასევე მაქვს საათები სამხატვრო აკადემიაში. ძალიან მომწონს სტუდენტებთან ურთიერთობა, ის ხალასი ენთუზიაზმი და მოტივაცია, რომელსაც ხშირად ვხედავ მათ თვალებში, ჩემს თავს მახსენებს, თითქოს საკუთარ ორეულს ვუყურებ წარსულში…
– შენი დამოკიდებულება მაინტერესებს ტერმინების – „ფოტოგრაფისა“ და „ფოტოხელოვანის მიმართ“, შენს ქართველ კოლეგებს ამ საკითხზე არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვთ…
– ჩემი აზრით, ტერმინი „ფოტოხელოვანი“ ყურით მოთრეულია… ასე ვთქვათ, ქართული სნობიზმის პირმშო ა(იცინის) ეს ტერმინი ალბათ იმათი მოგონილია, ვინც ვერ ახერხებს თავისი ნამუშევრებით დაამტკიცოს, რომ ხელოვანია და არა მოხელე… პირადად მე თავს ფოტოგრაფად ვთვლი და ამ სახელით ისევე ვამაყობ როგორც პროფესიით, რომელსაც ვემსახურები…
– კიდევ ერთი თემა, რომელიც ფოტოგრაფებს შორის კამათისა და დისკუსიის საგანია, თავად ფოტო-კამერა, მისი ტექნიკური მონაცემია – ზოგი ამტკიცებს, რომ ციფრული ფოტოს ხარისხი ბევრად ჩამორჩება ფირზე გადაღებულ ფოტოს, ზოგი არ ეთახმება ამ მოსაზრებას, შენ როგორ ფიქრობთ?
– პირადად მე „ფირის თაობა“ ვარ და მართალი გითხრათ, მაინც მიმაჩნია, რომ ფირზე გადაღებულ ფოტოს სხვა სიღრმე აქვს, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ პროფესიონალური ციფრული კამერით, შესაძლებელია ფოტოშედევრი გადაიღო (ტექნიკურად, მეტი შანსიც გაქვს)… ისე კი კამერა მხოლოდ ინსტრუმენტია, მთავარია, როგორ გამოიყენებ მას და რას დაინახავ ვიზირში, სწორედ ამიტომ, ყველა ვისაც კამერა აქვს, ფოტოგრაფად ვერ ჩაითვლება…
– როდის მოვიდა წარმატება, როდის ჩათვალე თავად, რომ წარმატებული ხარ?10715938_10203063411772444_2058747943_n
– ყოველთვის მიკვირს ეს კითხვა – არ ვთვლი, რომ წარმატებული ვარ… არ მესმის, რას ნიშნავს წარმატება ამ შემთხვევაში…  გამარჯვებები და ჯილდოები იყო, მაგრამ თავს წამატებულად ალბათ მაშინ ჩავთვლი, როცა ისეთ შედეგს მივიღებ, როგორიც მინდა… ჯერჯერობით სულ უკმაყოფილების და უკმარისობის გრძნობა მაქვს…
– ერთ-ერთი მთავარი გამარჯვება ალბათ მაინც National Geographic-ის ამერიკული გამოცემის კონკურსი – “თქვენი კადრი იყო, მოგვიყევი იმ ფოტოზე, რომელიც საუკეთესოდ დასახელდა…
– ეს ფოტო ჯავახეთში, ფარავნის ტბის ნაპირას, პატარა სოფელ ვლადიმიროვკაში გადავიღე. ძველი რუსული, ამჟამად მთლიანად სომხებით დასახლებული სოფელია. მეთევზის ოჯახში, წყლიან კასრში ცოცხალი თევზები ჰყავდათ გასაყიდად. ეს ბიჭი ცდილობდა, ჩვენი ყურადღება მიეპყრო – ამოჰყავდა თევზები კასრიდან, ეფერებოდა და კოცნიდა მათ. სულ ეს იყო…
– მხოლოდ დოკუმენტურ ჟანრში მუშაობ, თუ საკუთარ თავს სხვა მიმართულებითაც ეძებ?
– ძირითადად, დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში ვმუშაობ. დრო და დრო მხატვრულ ჟანრშიც ვიღებ ფოტოებს, მაგრამ ეს, ძირითადად, ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს. თუმცა ახლა ერთ პროექტზე დავიწყე მუშაობა, მხატვრული მიმართულებით და მასზე მუშაობა ძალიან საინტერესოდ მეჩვენება.
– სანამ ვიზირში ჩაიხედავ, ყოველთვის ზუსტად იცი, რას გადაიღებ, თუ საჭირო კადრს, ზოგჯერ ცალი თვალით პოულობ?
– სპონტანურად და ნაჩქარევად არასოდეს მივდივარ გადაღებაზე. ყოველთვის ბევრს ვფიქრობ, წარმოსახვაში ვალაგებ წინასწარ. როცა ვიზირში ვიყურები, უკვე ვიცი რა მინდა, მაგრამ არის მომენტები, როცა ცალი თვალით  ვამჩნევ და ვიღებ. ძალიან საინტერესო პროცესია… და ასევე უამრავი საინტერესო, რაც  კადრს მიღმა ხდება –  მთელი ამბები, ისტორიები, ემოციები –  რაც მხოლოდ შენ იცი და რაც ძალიან გინდა, ხოლმე სხვებსაც მოვუყვე.
– რისი თქმა გინდა შენი ფოტოებით ყველაზე ხმამაღლა, გაქვს რაიმე მთავარი სათქმელი?
– სხვადასხვა რაღაცებს ვამბობ, ჩემს სათქმელს ჩემივე გმირები ამბობენ… მინდა შევძლო, ავსახო მათი ცხოვრება, მათი გრძნობები, ფიქრები, დარდი თუ სიხარული. მე მიყვარს ისინი და რატომღაც მეცოდებიან… მინდა სხვებსაც  მოვუყვე მათ შესახებ, მინდა მათაც ისევე უყვარდეთ და  ესმოდეთ მათი. სულ ესაა, მეტი არაფერი…
– პორტრეტის გაკეთებისას ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი ნიღბის გარეშე გადაიღო, ისეთი როგორიც არის, სხვა შემთხვევაში ფოტოსგან ემოცია არ მოდის… როგორ ახერხებ ადამიანების ემოციურად „გაშიშვლებას“?
– ეს ყველაზე რთული პროცესია… ამისთვის აუცილებელია მოდელთან კომუნიკაცია და კონტაქტში შესვლა, ამას გარკვეული დრო სჭირდება, ყველაზე მთავარია, გულწრფელად დაინტერესდე მისი სულიერი სამყაროთი, ემოციებით, სიხარულითა და ტკივილებით… თუ ამას მოახერხებ, ადამიანი იხსნება და უშვებს ნამდვილ ემოციას, განწყობას რომელიც იმ წუთას აქვს…
– ორი სიტყვით, სამომავლო გეგმებზე მოგვიყევი…
– რამდენიმე ფოტოპროექტზე ვმუშაობა.  ძალიან ძნელია დოკუმენტურ  ფოტოგრაფიაში  თავის გატანა, არსებობა…  იმედი მაქვს, შევძლებ ბოლომდე მიყვანას. ძალიან მომწონს სტუდენტებთან ერთად მუშაობა.  მათთან ერთი კარგი პროექტი უკვე გავაკეთე და მომავლისთვისაც ვვგეგმავ… ვნახოთ, რა გამოვა.

გიორგი მიქაძე

10603157_10203063380931673_392909636_n

10617478_10203063411492437_2041474464_n

10668780_10203063380971674_1786242055_n

10717912_10203063413292482_582672591_n

10717939_10203063381251681_369637498_n

10718568_10203063412172454_604398947_o

10719277_10203063381291682_1620451211_n

10719277_10203063411572439_1316384277_n

10720557_10203063412932473_407096828_o

10720960_10203063412012450_720770621_n

10721406_10203063411932448_1034116459_n

10722893_10203063414412510_294685700_o

10723168_10203063411532438_943948890_n

10723225_10203063381051676_408878389_n

10723237_10203063412212455_93558586_n

10723518_10203063381171679_278863031_n

10723591_10203063381531688_1507559629_n

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები