მამუკა მდინარაძე: არანაირი გამართლება არ აქვს თუნდაც ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერას იმ პოლიტიკური ძალისადმი, მისი სატელიტი პარტიებისადმი, რომელმაც დადგა, შეასრულა, ჩაიწერა და მერე ისეთი კადრები ამოუვარდა, ყურში რომ ჩაგვესმის დღესაც მეგრელი კაცის განწირული ყვირილი

არანაირი გამართლება არ აქვს მეგობრებო, იმ თუნდაც ერთი ამომრჩევლის – ხაზგასმით ვამბობ, თუნდაც ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერას იმ პოლიტიკური ძალისადმი, მისი სატელიტი პარტიებისადმი, რომელმაც დადგა, შეასრულა, ჩაიწერა და მერე ისეთი კადრები ამოუვარდა, ყურში რომ ჩაგვესმის დღესაც მეგრელი კაცის განწირული ყვირილი და არ მინდა გავაგრძელო ამ საშინელებაზე ლაპარაკი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, ამგვარი წარსულის პარტიებსაც კი ჰყავთ ამომრჩეველი, ვინაიდან, შესაძლოა, ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც რუსულს ებრძვიან, თუმცა, სადაც მათ ლიდერებს უნდა ებრძოლათ, იქ არ უბრძოლიათ და წითელ ხიდზე გარბოდნენ.

„წარმოიდგინეთ, რომ ამ ხალხსაც კი ჰყავს მხარდამჭერები, შეიძლება ცოტა, მაგრამ ჰყავთ, რომელთა ნაწილს მართლაც ჰგონიათ, შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ აქ ებრძვიან რაღაც რუსულს და სადაც საბრძოლველი იყო, მათ ლიდერებს იქ არ უბრძოლიათ და წითელ ხიდზე ვერ ასწრებდა ვერავინ. თუ საბრძოლველი იქნა, ჩვენზე მაგრად ვერავინ იბრძოლებს.“

26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი, საკონსტიტუციო უმრავლესობით აგვირჩევს იმისათვის, რომ:

პირველი – აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“ და სხვა აგენტურული პარტიები საქართველოში.

იმისათვის, რომ გვქონდეს საკონსტიტუციო მზაობა, ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანებისათვის.

იმისათვის, რომ კონსტიტუციის დონეზე ავკრძალოთ ლგბტ პროპაგანდა და გადავარჩინოთ ქართველი ერი გადაგვარებისგან.

იმისათვის, რომ კონსტიტუციით გავაძლიეროთ ეკლესიის და სარწმუნოების როლი.

იმისათვის, რომ არ ვაპატიოთ მათ ერთ-ერთ, აგენტურული ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სალომე ზურაბიშვილს, ქართველი ამომრჩევლის და ხალხის გადაგდება – პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით.

და ბოლოს, იმისათვის, რომ გაცილებით უკეთესად, გაცილებით კარგ პირობებში იცხოვროს თითოეულმა ქართველმა მშვიდობიან ქვეყანაში და მხოლოდ ამ გზით გავერთიანდეთ დიდი ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები