სამხედრო ნაწილში წვევამდელი გარდაიცვალა – მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?
სამხედრო ნაწილში დავით ბოლოთაური წვევამდელი გარდაიცვალა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამხედრო ნაწილის ცვლის უფროსმა რიგითი დავით ბოლოთაური საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
სამინისტრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძმარს უცხადებს.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წვევამდელი დავით ხვიჩას ძე ბოლოთაურის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. რიგითი დავით ბოლოთაური სამხედრო ნაწილის ცვლის უფროსმა საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. გამოძიება დაწყებულია, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი მთავარი პროკურატურის უშუალო ზედამხედველობით აწარმოებს. 1996 წელს დაბადებული დავით ბოლოთაური საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2014 წლის 3 სექტემბრიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ პროცესებიც მხარდაჭერის ასეულში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა. თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს წვევამდელის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.