კონსერვატორიის სტუდენტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, მირიან თოხაძეს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა.
ამის შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.
მოსამართლის განჩინებით, მირიან თოხაძეს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება.
ცნობისთვის, კონსერვატორიის სტუდენტი, 23 წლის გიორგი საყურაშვილი 27 სექტემბერს მოკლეს. სამართალდამცავებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოიღეს.
დაკავებულმა სავარაუდო დანაშაული ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩაიდინა. ბრალდებული, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებით სარგებლობს.
თოხაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.