ანიმატორი მხატვრების კლანიდან

          ღიმილი მისი სავიზიტო ბარათია… მაშინაც კი, როცა ცუდ ხასიათზეა, ცდილობს გარშემო მხოლოდ პოზიტივი დათესოს… არჩილ კუხიანიძის მთავარი იარაღი ბავშვური უშუალობაა, თვითგამოხატვის ინსტრუმენტი კი ყველაფერი, რითაც ხატვა შეიძლება…

– რა ასაკში დაიწყე ხატვა?
– პირველი ნახატი 2 წლისამ დავხატე, – „მამალი და  დრაკონი“ დავარქვი. დრაკონის წელში ვარ დაბადებული და ეს თემა ჩემთვის ყოველთვის აქტუალური იყო. საერთოდ, ცხოველები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით პატივს ვცემ მათ, რომლებსაც უარყოფითი არსების იმიჯი აქვთ (იცინის), მაგალითად, ყვავი, მგელი, გველი, გიენა და აშ…
ორწლინახევრის ვიყავი, დედა და ძმა მოსკოვში იყვნენ, მამა გასტროლებზე, საფრანგეთში. მათ ვუხატავდი ნახატებს სათაურით: „გეხვეწები, მოდით“. ვუხატავდი თვითმფრინავებს და ნებისმიერ ხმაურზე ცაში ვიყურებოდი – „ ბებია, ბებია, ნახე ჩამოვიდნეენ“.
7 წლისას მამაჩემმა მოსკოვიდან (ჩვენთან ჭირდა)იაპონური ვიდეომაგნიტოფონი და ტელევიზორი ჩამოიტანა, მთელი დისნეის ანიმაციებით და, რა თქმა უნდა, „ტომი და ჯერიც“. მოკლედ შემიყვარდა ანიმაცია, თუმცა ანიმატორობა უფრო მოგვიანებით დავაპირე.
– როდი გადაწყვიტე, რომ მხატვარი იქნებოდი?10707885_10203057923875250_1982100174_n
– არც არასდროს გადამიწყვეტია, რომ მხატვარი გამოვიდოდი და არც ახლა ვარ გამოსული მხატვარი… ხატვა ჩემთვის ისეთივე ჩვეულებრივი ქმედება იყო, როგორც ეზოში თამაში და სკოლაში სიარული (რომელსაც, ერთი სული მქონდა, როდის დავათავრებდი, მას მერე, რაც გავიაზრე, რომ შეიძლება დამთავრდეს).
ჩემი სკოლაში შესვლისთანავე დედაჩემმა გადაწყვიტა სამხატვრო აკადემიაში ჩაებარებინა, რადგან იქვე იყო, გზად… სტუმრადაც ხშრად დავდიოდი მასთან. დღემდე მახსოვს აკადემიის სახელოსნოს სუნი. მაშინ გადავწყვიტე – „ოდესმე მეც აქ ვიქნები“ – თუმცა, როცა გავიზარდე და ჩავაბარე აკადემიაში, ის სუნი ვეღარ ვიგრძენი, გამქრალიყო… სწავლა აღარც დამიმთავრებია, მე-3  კურსიდან გამოვედი, რადგან უკვე სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი: ოპერატორად, ანიმატორად, მხატვრად, ილუსტრატორად…
– რა ჟანრში ხატავ?
– როგორც არ უნდა დავიწყო ხატვა, მაინც რეალიზმთან მივდივარ, თუ დროზე არ დავაპაუზე… მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ შემეცვალა ხელწერა, მაინც კლასიკას ვუბრუნდები. ანიმაციის კეთებაც იმიტომ მომწონს, რომ თანამიმდევრულობა და სიზუსტე სჭირდება. მეცნიერებაა მოძრაობის შესახებ (იცინის).
პორტრეტის ხატვა მიყვარს ძალიან. პირდაპირ ურთიერთობაში შედიხარ ადამიანთან. საუბრობთ, დუმხართ, აკვირდებით ერთმანეთს. თუ საინტერესო ადამიანია, ბევრის სწავლა შეიძლება მისგან – თუნდაც მარტო თვალიერებით – იმაზე მეტის, ვიდრე ბევრი პედაგოგისგან, ლექციაზე….
– ანიმატორობაზე მოგვიყევი… მულტფილმები ბავშვობაში ყველას უყვარს, მაგრამ პროფესიად არჩევაზე, გაზრდის მერე ცოტა ფიქრობს… პირადად შენ, რამ მოგცა ბიძგი?
– მარველის გმირებმა… ერთხელაც ავდექი და გადავწყვიტე, საკუთარი კომიქსის გმირები შემექმნა. დავხატე და იქვე სცენარიც მივუწერე. ანიმაციის კეთებისთვის საჭირო აღჭურვილობა არ მქონდა იმ დროს და მხოლოდ ტიპაჟების ხატვით და მათი საგმირო ამბების შეთხზვით ვკმაყოფილდებოდი იმ იმედით, რომ ოდესმე ამ ყველაფერს გავაცოცხლებდი.
პირველად, როდესაც ამიხსნესროგორ კეთდება ანიმაცია და მერე „დამაიმედეს“ — „ამას დიდი სტუდიები ვერ აკეთებენ და შენ რას იზამ, შვილოო!“- აი სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანდი და დავუმტკიცებდი ყველას, რომ არც ისე რთულია საქმის კეთება, თუ გიყვარს და გინდა, რომ გამოვიდეს, თუნდაც მარტომ აკეთო. მით უმეტეს, რომ მყავს ძმა, რომელიც იდეებით მამარაგებს და ნიჭიერ მეგობართა ჯგუფი, რომლებთან ერთად მუშაობასაც იმ საოცნებო დისნეის სტუდიის გუნდის მუშაობას ვადარებ და ჩვენ ერთად წინ მივიწევთ ჩვენი ოცნებებისკენ.
თუმცა სულ პირველად, მარტომ დავიწყე, კომპიუტერზე, რომელსაც კალკულატორზე ცოტათი მეტი შესაძლებლობა ჰქონდა (იცინის). დავხატე ანიმაციის ერთ-ერთი პირველი სავარჯიშო, ბურთის ახტუნება-გადახტუნება და ვიყავი საშინლად ბედნიერი. მალევე ჩემი და ჩემი ძმის პირველი ანიმაციური ჩანახატი „ბატუტის მომძებნი“ გავაკეთეთ, რის შემდეგაც საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულმა და წინა ნამუშევრებით უკმაყოფილომ, ჩემს ძმასთან და მეგობრებთან ერთად კიდევ 5 ანიმაციური ფილმი თუ ჩანახატი გავაკეთე.
– რომელი უფრო მოგწონს, რომელი უფრო ახლოსაა შენთან, ანიმაცია თუ ფერწერა?10723552_10203057921795198_101671697_n
– ორივეს კეთება ძალიან მიყვარს, ორივე შემოქმედებითი პროცესია. განსხვავება იმაშია, რომ ფერწერის დროს ვისვენებ, ანიმაცია კი უფრო მეტ კვლევას და ცდებს ითხოვს, რისი შედეგიც გულის ამაჩუყებლად სასიხარულოა ხოლმე (იცინის). ხედავ საკუთარ შექმნილ არსებას, რომელიც ცოცხალია, გელაპარაკება და მოძრაობს. 
ფერწერაში რამდენიმე წელია არ მიხატია და ძალიან მენატრება. ერთგვარი თერაპიაა ჩემთვის. ანიმაციის კეთება უფრო გუნდური საქმეა და ადამიანებთან თანამშომლობას მოითხოვს.
– მუზებზე რას იტყვი, გემეგობრებიან თუ არც ისე?
– მუზებისგან მოსვენება აღარ მაქვს, დამდევენ და მავიწროებენ (იცინის), სულ მინდა რაღაც ვაკეთო და ვერ ვისვენებ. თუმცა ყურადღება და კონცენტრაციაა საჭირო, მუზა თავის ნებაზე არ უნდა მიუშვა, თორემ გაფრინდება (იცინის)… იდეები მოდიან და მიდიან…
ყოველი ახალი ნამუშევრის დახატვისას თავიდან ვსწავლობ ყველაფერს. თუ რამე გავიმეორე ვერ ვისვენებ და უკმაყოფილო ვარ, მანამ, სანამ ისე არ გადავაკეთებ, რომ მეუცხოოს.
– მხატვრები, რომლებმაც შენზე, როგორც შემოქმედზე გავლენა მოახდინეს?
– მასწავლებლები ბევრი მყავს, რამდენიმეს დავასახელებ: რემბრანტი, ვან გოგი, მიქელანჯელო, ელ გრეკო, უოლტ დისნეი, ჰაიაო მიაძაკი და კიდევ უამრავი, რომელთა ნამუშვრების დაკვირვებისას უფრო მეტი ვისწავლე, ვიდრე ნებისმიერ სასწავლებლში, ნებისმიერი პედაგოგისგან. ჩემი ჯგუფელები და მეგობრები, რომლებთანაც ერთ სახელოსნოში მუშაობამ ძალიან გამზარდა. გამიმართლა, რადგან ნიკოლაძის სამხატვრო ტექნიკუმში ძალიან კარგი ხალხი გავიცანი და მათთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი თუ გამოფენა გავაკეთე. ამჟამად ორ ანიმაციურ სტუდიაში ვმუშაობ ნიჭიერ ხალხთან ერთად. კიდევ ერთი ოცნება ასრულებულია.
– პერსონალური გამოფენა ჯერ არ გქონია?
– პერსონალური ჯერ არა… ოდესღაც მე და დედაჩემი მინანქარზე ვმუშაობდით და ხშირად ვ მონაწილეობდი საერთაშორისო ბიენალეებზე და გამოფენებზე, ჩვენი ნამუშევრები რამდენიმე ქვეყნის მუზეუმებში და კერძო კოლექციებში ინახება. ორჯერ გავაკეთეთ ოჯახური გამოფენა, სადაც ჩემი, ჩემი ძმის და დედაჩემის ნამუშევრები გამოვფინეთ.
– ანუ მხატვრობა სეიზლება ითქვას, რომ თქვენი ოჯახური ბიზნესია?
– კი, მხატვრების კლანი ვართ (იცინის) – დედა თეატრის რეჟისორი და მხატვარია, მამა მსახიობი და ანიმაციური ფილმების რაჟისორი, ჩემი ძმა ლაშაც ბავშვობიდან ხატავს და ახლა უკვე ერთად ვაკეთებთ ანიმაციებს, ძირითადად, დამდგმელი მხატვრის თანამდებობაზე ვაკავებ ხოლმე (იცინის). ამის გარდა ფაქტობრივად მასზე ვისწავლე პორტრეტის ხატვა, ის იყო ჩემი პირველი ნატურა და ყველაზე მეტი ნახატიც ლაშას თემაზე მაქვს.
– სამომავლოდ გაქვს რაიმე კონკრეტული გეგმა?
– კონკრეტული, ისეთი, თარიღი რომ ვიცოდე, არაფერი, მაგრამ უამრავი მიზანი, სურვილი თუ ოცნება მაქვს, ბევრი უკვე შესრულდა, ზოგი სრულდება… თუ რამე ვერ შევასრულე, ესეიგი კარგად არ მომინდომებია (იცინის). მაგრამ ჯერ ახალგაზრდა ვარ და ყველაფერი წინა მაქვს..

გიორგი მიქაძე

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=TTHGsvoMCpc” width=”560″ height=”315″]

10717471_10203057922875225_1230318863_n

10717610_10203057923795248_2113053619_n

10719473_10203057923835249_1040893933_n

10719560_10203057921755197_1513007811_n

10721195_10203057922915226_417539821_n

10721437_10203057922955227_1258327157_n

10723554_10203057921715196_182079369_n

10723565_10203057921675195_483761244_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები