საქართველოს მთავრობამ 2015 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი მოიწონა
საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომზე მოიწონა 2015 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, რომელიც პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილი ვადით, დღესვე წარედგინება. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, 2015 წელსაც, ისევე როგორც 2013-2014 წლებში, ბიუჯეტი მთილიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის “ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის” შესრულებას.
ხადურის განცხადებით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლის პროგნოზები. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებელი კონსევრატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2015 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5%, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4%-ს შეადგენს.
საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენელი 7 მილიარდ 930 მილიონი ლარით განისაზღვრა; სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები – 9 მილიარდ 350 მილიონი ლარის ოდენობით. მათ შორის საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 8 მილიარდ 575 მილიონ ლარს, გრანტის – 95 მილიონ ლარს, ხოლო კრედიტები – 680 მილიონ ლარს. წარმოდგენილი პრექტით გათვალისწინებული ასიგნებები უწყებების მიხედვით ასე არის გადანაწილებული: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 92 მილიონი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 750 მილიონ ლარს; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 955 მილიონი ლარი (გაზრდილია 80 მილიონი ლარით); განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 828,9 მილიონი ლარი (გაზრდილია 74,6 მილიონი ლარით); სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 291 მილიონი ლარი, რაც მიმდინარე წლის გეგმაზე 27,5 მილიონი ლარით მეტია. ენერგეტიკის სამინისტროსთვის გამოყოფილია 135 მილიონი ლარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილია 120 მილიონი ლარი, მათ შორის პროგრამისთვის: “აწარმოე საქართველოში” – 20 მილიონი ლარი. რეგიონებში განსახორციელებლი პროექტებების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის ჯამში გათვალისწინებულია 300 მილიონი ლარი. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა გაზრდილია 54,1 მილიონი ლარით და შეადგენს 850 მილიონ ლარს.
როგორც ხადურმა აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტი არის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი და მის დამუშავებაზე ოქტომბრის განმავლობაში აქტიური მუშაობა გაგრძელდება, როგორც სამინისტროებთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან.