„შემიყვარდა თაბაშირზე მუშაობა“ – დაბრუნება ბავშვობის გატაცებასთან, „მეარტი“ და სიყვარულით ნაპოვნი შთაგონება

ხელსაქმის სიყვარული დედამ  ასწავლა. ქარგვა, ქსოვა, კერვა ბავშვობიდან დაიწყო. პროფესიით სოციალური მუშაკია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამაზე და მაგისტრატურაში სწავლობდა.
არცთუ დიდი ხანია, დაუბრუნდა ბავშვობის გატაცებას. ერთ წელზე მეტია სახატავ ტილოზე პორტრეტებს ქარგავს. ხუთიოდე თვის წინ  კი თაბაშირისგან დამზადებული დეკორატიული ფიგურების შექმნა დაიწყო. ამბობს, რომ თაბაშირი მრავალფეროვანი ნამუშევრების შექმნის საშუალებას აძლევს, – მარიამ ნათელაძის პერსონა.

–  რუსთავში დაიბადეთ. ქარგვა ოჯახში  დედისგან ისწავლეთ…
– დედა პროფესიით მკერავი-დიზაინერია. სანამ მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით, სახლში ჰქონდა გახსნილი სახელოსნო. შესაბამისად, მეც მუდმივად ვუყურებდი, თუ როგორ ქმნიდა ახალ-ახალ ნამუშევრებს, როგორ ურთიერთობდა მომხმარებლებთან და რამხელა დროსა და ენერგიას ხარჯავდა. მიუხედავად ამისა, მუდამ სიყვარულს ასხივებდა და ცდილობდა, ჩვენთვისაც არ მოეკლო მზრუნველობა.
ბავშვობა ჩემთვის ძალიან ბევრ დადებით განცდასთან ასოცირდება. დედამ მასწავლა ქარგვაც, ქსოვაც და კერვაც. მისგან დამყვა ხელსაქმის სიყვარული.
– პროფესიით სოციალური მუშაკი ხართ. სხვადასხვა ადგილას მუშაობდით… ხელსაქმე კი არცთუ დიდი ხანია დაიწყეთ…
– სკოლა რომ დავამთავრე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამაზე ჩავირიცხე. შემდგომ მაგისტრატურა ამავე განხრით გავაგრძელე. პარალელურად ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციაში.
როდესაც ოჯახი შევქმენი და შვილი გავაჩინე, დეკრეტული შვებულება ავიღე. უსაქმოდ დავრჩი პატარა მეასთან ერთად და გადავწყვიტე, რამე ისეთი გამეკეთებინა, რაც სიამოვნებას მომანიჭებდა, ამავდროულად, პატარა შემოსავალსაც გამიჩენდა.
– ქარგვაც და თაბაშირზე მუშაობაც თქვენით ისწავლეთ. ალბათ იოლი არ იყო?
– ქარგვა ბავშვობიდან ასე თუ ისე ვიცოდი, მაგრამ სახატავ ტილოზე ქარგვა ახალი გამოწვევა აღმოჩნდა. იოლი არ იყო, მით უმეტეს პატარასთან ერთად, თუმცა, რადგან სიამოვნებას ვიღებდი პროცესით, ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ თავს დავანებებდი.
რაც შეეხება თაბაშირს, მასზე მუშაობა 5 თვის წინ დავიწყე. ნამდვილად რთული იყო, ვერ ვიტყვი, რომ არ გამიჭირდა, ჯერ კიდევ ვსწავლობ. შემიყვარდა თაბაშირზე მუშაობა, როდესაც დრო მაქვს, ხელები სულ თაბაშირით მაქვს მოსვრილი.
– უმეტესად რას ქარგავთ? რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?
– უფრო მეტად პორტრეტებს ვქარგავ. მომხმარებლები სასურველ სურათს მიგზავნიან, რომელიც ტილოზე გადამაქვს. პორტრეტებზე მუშაობა მიყვარს, რადგან ყველა ინდივიდუალურია და დეტალებზე ორიენტირებას საჭიროებს. ასე ფანტაზიასაც უფრო მეტად ვასხამ ფრთებს.
– თაბაშირი უფრო გვიან დაიწყეთ…
– როგორც აღვნიშნე, თაბაშირზე მუშაობა უზომოდ შემიყვარდა. ვეღარ წარმომიდგენია დღე, რომ მასზე არ ვიმუშაო. თაბაშირი მაძლევს საშუალებას, მრავალფეროვანი ნამუშევრები შევქმნა და არც ინდივიდუალიზმი დავკარგო.
– ერთი ნამუშევრის ისტორია…
–  გამოვარჩევდი პირველ პორტრეტზე მუშაობას. როდესაც შემიკვეთეს, შევათანხმეთ დეტალები, ვთხოვე სურათის გამოგზავნა და უცებ მეგობრის პორტრეტს არ მიგზავნიან?! ძალიან გამიხარდა, რომ პირველი ნამუშევარი მისი პორტრეტი იქნებოდა და თან ვღელავდი, რომ ამხელა პასუხისმგებლობა უნდა ამეღო. საბოლოოდ ყველაფერი იდეალურად დამთავრდა, შემკვეთსაც და მეგობარსაც ძალიან მოეწონათ ნამუშევარი და მეც კმაყოფილი და ამაყი ვიყავი.
–   გაქვთ გვერდი Meărt • მეარტი. რატომ ჰქვია „მეარტი“.
– სახელის შექმნაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. მსურდა რამე ისეთი დამერქმია, რომელიც ჩემს შვილს დაუკავშირდებოდა. ერთ-ერთი მეგობარი დამეხმარა სახელის მოფიქრებასა და დახვეწაში. საბოლოოდ მივიღეთ „მეარტი”. ჩემს შვილს კი მეა ჰქვია.
– ხშირად ატარებთ გათამაშებებს და ფასდაკლებებს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის – ხელოვანისთვის?
– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ. მინდა, რომ ნებისმიერს შეეძლოს ჩემი ნამუშევრების შეძენა. ამიტომ ხშირად მივმართავ ფასდაკლებებსა და გათამაშებებს.
– შესაძლებელია თუ არა, ხელოვნება იქცეს შემოსავლის წყაროდ?
– თავიდან შემოსავალი საერთოდ არ მქონდა, რამდენიმე თვე წაგებაზე ვმუშაობდი. თუმცა, როდესაც მომხმარებლების რიცხვი გაიზარდა, ჩემმა პატარა ბიზნესმა მოგება მოიტანა. ახლა კი ნამდვილად კარგად მუშაობს და ჩემი ხელოვნებაც შემოსავლის წყაროდ იქცა.
– ჰობი… ალბათ ნაქარგები და თაბაშირია. კიდევ?
ცეკვაზე ვგიჟდები, მუსიკა მესმის თუ არა, მაშინვე ვიწყებ ცეკვას. ბავშვობაში დავდიოდი ცეკვაზე თუმცა, პროფესიონალურ დონეზე არ გავყევი. ცეკვის გარდა, კითხვაც ძალიან მიყვარს და ხშირად ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას.
–  რა გაძლევთ შთაგონებას?
– ხშირად ვათვალიერებ უცხოურ ვებგვერდებს, ვცდილობ, სხვადასხვა ტექნიკა ვისწავლო, ახალი დიზაინები შევქმნა და ნამუშევრებიც უფრო მეტად დავხვეწო.
–  ოჯახი… როგორ გიდგათ მეუღლე გვერდში?
– ჩემი მეუღლე რომ არა, მე ამდენს ვერ შევძლებდი. ყველაფერში მხარში მიდგას, მასალების მომარაგებიდან დაწყებული, შეკვეთის მიწოდებით დამთავრებული. მას ძალიან ვემადლიერები  და ნამდვილად გამიმართლა, რომ მისი სახით შესანიშნავი ადამიანი მყავს გვერდით.
–  გამოფენები… გეგმები?
– სამომავლო გეგმებზე საუბარი არ მიყვარს. თუმცა, გაგანდობთ, რომ ძალიან მინდა ჩემი სახელოსნოს გახსნა. იმედია, შევძლებ ოცნების განხორციელებას და აუცილებლად დაგპატიჟებთ ჩემს გულშემატკივრებს, რომლებმაც აქამდე მომიყვანეთ.

 

                                                                                                                     თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები