პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აგვისტოს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ბრალდებულმა დანით ორ პირს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო. დროული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა. რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, მან ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.