„კარგი იქნება, თუ ოჯახში მაგიდაზე ყოველთვის იდება საბავშვო წიგნი ან ჟურნალი. ბავშვი მას უსათუოდ გადაშლის“…

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დაიბადა. დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
არის საბავშვო ზღაპრების, მოთხრობების, ლექსების და გამოცანების ავტორი.
პირველი ზღაპარი ჟურნალ „დილაში“ დაიბეჭდა. 2002 წელს პირველი წიგნიც გამოიცა – „ირმადქცეული პრინცი“.
იბეჭდებოდა გაზეთ „თორმეტ მტრედში“, აგრეთვე იბეჭდებოდა და ამავე დროს მუშაობდა ჟურნალ „ნაკადულში“.
წერასთან ერთად ქარგავს, ამზადებს ხელნაკეთ სათამაშოებს.
2023 წლის დასაწყისში „ელფის გამომცემლობამ“ სერიით „მე მიყვარს კითხვა“ დასტამბა მისი სათავგადასავლო ზღაპარი „ზღვის ნაყინი“, წლის მიწურულს კი, მისივე დაქარგული ილუსტრაციებით,  ამავე სერიით გამოიცა ზღაპარი „სოკოურელი ბიჭი“.
თანამშრომლობს ჟურნალებთან: „ანეული“, „დილა“, „საბავშვო კარუსელი“, რომლის ყოველ ნომერში ქვეყნდება მისი გამოცანები.
გამოსაცემად მზად აქვს ლექსებისა და გამოცანების კრებული, მისივე ილუსტრაციებით. – საბავშვო მწერლის მზია მექერიშვილის პერსონა.

– დავიბადე კახეთის პატარა, ლამაზ სოფელ კოლაგში. ჩვენი სახლიდან ხელისგულივით მოჩანდა ალაზნის ველი და მასზე გადმომდგარი კავკასიონი. ეს პეიზაჟი ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა და  მოთხრობაში „გემრიელი თუთა“  აღვწერე კიდეც.
მშობლები პედაგოგები იყვნენ, მამა – გეოგრაფიას ასწავლიდა, დედა კი – დაწყებითი კლასების აღმზრდელად მუშაობდა კაჭრეთის სკოლა-ინტერნატში. 3 წლიდან ოჯახი დროებით კაჭრეთში გადავედით საცხოვრებლად. მე და ჩემმა ძმამ იქ დავამთავრეთ  სკოლა.

„ზღვის ნაყინის” წარდგენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, „ელფის გამომცემლობის“ დირექტორთან, თინათინ დიდებულიძესთან ერთად.

– სკოლის პერიოდი…
– ხშირად დავყვებოდი მშობლებს სამსახურში, რადგან ოჯახში ბავშვის დამტოვებელი არავინ იყო. საინტერესო ღონისძიებებს ვესწრებოდი. დედა თავად წერდა თავისი კლასისთვის სცენარებს, ლექსებს, რაც ძალიან მაოცებდა. ამ ღონისძიებებში ხშირად მეც ვმონაწილეობდი.
პირველი ლექსი მე-4 კლასში დავწერე. თუმცა პოეტობაზე არ ვფიქრობდი. ლექსებს ხომ თითქმის ყველა ბავშვი წერს.
– პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრეთ…
– სკოლის დამთავრების შემდეგ, 1979 წელს, სწავლა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე განვაგრძე. მაგრამ დამთავრების შემდეგ სპეციალობით არ მიმუშავია. მაშინ ჩემი სპეციალობა მომავლის სპეციალობად ითვლებოდა და ჭირდა დასაქმება.
– ზღაპრების წერა ოჯახის შექმნის შემდეგ დაიწყეთ…
– 1987 წელს შევქმენი ოჯახი. მყავს ორი ვაჟი. ზღაპრების წერა სწორედ უმცროს ვაჟს, კახის, უკავშირდება. 1997 წელს, როცა კახი პირველ კლასში სწავლობდა, მისი კლასის დამრიგებელმა საშემოდგომო ღონისძიებისთვის დახმარება მთხოვა. იმავე საღამოს დავუწერე სცენარი, რაც ძალიან მოეწონა. ახალი წლისთვის კი დავწერე პირველი ზღაპარი და კლასმა სწორედ ეს ზღაპარი წარადგინა ზეიმზე.
შემდეგ კიდევ რამდენიმე ღონისძიება გაიმართა ჩემი სცენარებით. დარბაზს როგორც არ უნდა ეხმაურა, ჩემი ზღაპრების წარმოდგენისას, ყველა ჩუმდებოდა. ბოლოს კი ტაშიც არ აყოვნებდა. მაშინ მივხვდი, რომ უკვე ჩემი შემოქმედების გამოქვეყნებაზე უნდა მეფიქრა.
ეს ფოტო სტეფანწმინდაში მიმავალ გზაზეა გადაღებული. უკვე ჩვენი ოჯახის ტრადიციაა, ჩემი დაბადების დღეზე მოვილოცავთ ხოლმე სალოცავებს.
–  ზღაპრები, გამოცანები, ლექსები იბეჭდება საბავშვო ჟურნალებში…
– პირველი ზღაპარი ჟურნალ „დილაში“ დაიბეჭდა და მალევე, 2002 წელს, პირველი წიგნიც გამოიცა „ირმადქცეული პრინცი“.
ვიბეჭდებოდი გაზეთ „თორმეტ მტრედში“ აგრეთვე ვიბეჭდებოდი და ამავე დროს ვმუშაობდი ჟურნალ „ნაკადულშიც“, ეს გაზეთი და ჟურნალი, სამწუხაროდ, აღარ გამოდის.
– წიგნებს, ზღაპრებს თქვენივე ნაქარგებით აფორმებთ…
– დედის ნაქარგები მახსოვს. ძალიან მომწონდა. თუმცა აღარაფერია შემონახული. ეს იყო ძირითადად ბალიშის დეკორატიული პირები, რომლებიც ხმარებაში გაცვდა.
და აი, ერთხელაც ჩემი პერსონაჟების დაქარგვა მოვიწადინე. რამდენიმე ილუსტრაცია შევქმენი და ზღაპარ-ნაქარგებიანად ვეწვიე „დილის“ რედაქციას. რედაქციაში ხალხმრავლობა იყო. ჩემდა გასაოცრად, დაქარგულმა ილუსტრაციებმა  ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რედაქტორმა უყოყმანოდ მომცა თანხმობა ზღაპრის ამ ილუსტრაციებთან ერთად დაბეჭდვაზე.
2021 წელს გამომცემლობა „შემეცნებამ“ ჩემი ნაქარგები გამოიყენა პროექტში „დაქარგული ამბები“. გამოიცა ბარათები, ორი ზღაპარი ნინო არსენაშვილის ტექსტებით: „დათვი დუდა“ და „დაჩის დაბადების დღე“.
თუმცა წიგნად გამოცემაზე გამომცემლებისგან უარს ვიღებდი, ტექსტის წაუკითხავადვე თავს არიდებდნენ ნაქარგ ილუსტრაციებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოსწონდათ.
2023 წლის დასაწყისში „ელფის გამომცემლობამ“ სერიაში „მე მიყვარს კითხვა“ გამოსცა ჩემი სათავგადასავლო ზღაპარი „ზღვის ნაყინი“, წლის მიწურულს კი ამიხდა ოცნება და ჩემი დაქარგული ილუსტრაციებით ამავე გამომცემლობამ ამავე სერიით გამოსცა ზღაპარი „სოკოურელი ბიჭი“.
მზად მაქვს ლექსებისა და გამოცანების კრებული, ასევე ჩემი ილუსტრაციებით, თუმცა, სამწუხაროდ, ამჟამად გამომცემლები ლექსების გამოცემას თავს არიდებენ.
ვთანამშრომლობ ჟურნალებთან: „ანეული“, „დილა“, ხელშეკრულებით ვთანამშრომლობ  ჟურნალ „საბავშვო კარუსელთან“, რომლის ყოველ ნომერში ქვეყნდება ჩემი გამოცანები.
–  ერთი  ნაწარმოები…
– ერთ ზაფხულს სოფელში ღამით ჭრიჭინებმა ისეთი გნიასი ატეხეს, ძლივს დავიძინე. ასე დაიწერა ჩემი ლექსი „ჭრიჭინას იავნანა”, რომელიც მხოლოდ ჭრიჭინას კი არა, იმ ადამიანებსაც ეძღვნება, ვინც არად დაგიდევს და არღვევს სხვების სიმშვიდეს.

ილუსტრაცია წიგნისთვის – „სოკოურელი ბიჭი“.

– დღეს ჭირს წიგნის გაყიდვა. განსაკუთრებით უჭირს ჟურნალებს…
– სამწუხაროდ, დღეს ჭირს წიგნის გაყიდვა. წიგნი კი საბავშვო ბაღიდან და სკოლიდან უნდა შევაყვაროთ ბავშვს. ასევე ჭირს საბავშვო ჟურნალების გაყიდვა. მაგალითად,  ჟურნალ „დილას”, რომელსაც საიუბილეო წელი აქვს, ნოემბერში გამოცემიდან 120 წელი უსრულდება, ძალიან უჭირს. რედაქციისა და ავტორების დიდი ძალისხმევისა და შემოწირულებების წყალობით ძლივს ახერხებს თითოეული ნომრის გამოცემას.
ადრე თუ წელიწადში 12 ნომერი გამოდიოდა, ახლა 6 ნომრის გამოცემას ხერხდება. არადა, შოკოლადის ფილა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ეს ჟურნალი. მშობლები უნდა დაფიქრდნენ, რომ კანფეტების ყიდვას, რაც მათი შვილების ჯანმრთელობას კარგს არაფერს უქადის, წიგნებისა და ჟურნალების ყიდვა ჯობია.
ჩემი წიგნის  „სოკოურელი ბიჭის” ერთ თავში წაიკითხავთ,  როგორ იკრიბება  ოჯახი ბუხრის გარშემო და ყოველ საღამო ჯერჯერით კითხულობენ ზღაპრებს. ასეთი რამ ჩვენს ოჯახშიც ხდებოდა და ძალიან მოსწონდათ ჩემს შვილებს.

კარგი იქნება, მაგიდაზე თუ ყოველთვის იდება საბავშვო წიგნი ან ჟურნალი. ბავშვი მას უსათუოდ გადაშლის, ოღონდ ძალა არ უნდა დავატანოთ. და რაც მთავარია, მოვარიდოთ მობილურ ტელეფონებს!
ჩემმა შვილებმა ჯერ ლაპარაკიც კი არ იცოდნენ, მათთვის ილუსტრირებულ ჟურნალებს რომ ვყიდულობდი. მოსწონდათ და ათვალიერებდნენ ხოლმე. შემდეგ კი კითხვაც დაიწყეს.
– ხვდებით ბავშვებს, ღონისძიებებზე… რომელ საღამოს გაიხსენებდით, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელს?

ანდრიასთან ერთად

– ღონისძიებებზე ვხვდები ბავშვებს. მახსოვს ჟურნალ „დილის” წარდგენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. აქ ერთი პატარა მეჩონგურე ბიჭი, ანდრია გავიცანი. მასთან ფოტოც გადავიღე. ისე მომეწონა, უკვე დაწერილ მოთხრობაში პერსონაჟს სახელი შევუცვალე და ავამღერე კიდეც. ანდრიას წყალობით მოთხრობა უფრო საინტერესო გახდა.
თუ შევძელი ამ წიგნის გამოცემა, წარდგენაზე აუცილებლად მოვიწვევ მას ძმასთან, ლაზარესთან ერთად. ლაზარეც ჩემი მოთხრობის პერსონაჟი გახდა.
– „სოუკოურელი ბიჭი“ იაკობ გოგებაშვილის პრემიაზეა წარდგენილი…
– წიგნი წარდგენილია იაკობ გოგებაშვილის პრემიაზე ილუსტრაციების ნომინაციაში.  ეს არის პირველი ქართული საბავშვო წიგნი ავტორისავე დაქარგული ილუსტრაციებით. ჯერჯერობით მსოფლიო მასშტაბითაც ვერ მივაგენით ასეთ წიგნს.

ფეფო

„სოკოურელი ბიჭის” წარდგენაზე ჩემი დაქარგული ილუსტრაციებიც იყო გამოფენილი. ეს გოგონა არის ფეფო. მე მოვიწვიე „სოკოურელი ბიჭის” წარდგენაზე. ამ წიგნის მთავარი გმირიც ვერ დადის, თუმცა ფუტკრები გამოაჯანმრთელებენ. დედამისმა მომწერა, ფეფოც ელოდება ფუტკრებსო.
ზღაპრის გმირს მამის სახელი, დათო, დავარქვი. მამამ ბავშვობაში ტრავმა მიიღო, რამაც კვალი დაუტოვა.
– რომელი ნაქარგი გიყვართ თქვენ თავად და რატომ?
– ყველაზე ძალიან ეს ნაქარგი მიყვარს. გულს მითბობს ძალიან.  უნდოდათ კიდეც მისი შეძენა, მაგრამ ვერ დავთმე. ამ ნაქარგის ფონი აკვარელით არის შესრულებული, დაქარგულია მულინეს ძაფებით.
– ამზადებთ ნაძვის ხის სათამაშოებს…
– ამჟამად აქტიურად აღარ ვქარგავ, თუმცა გამიჩნდა სურვილი და ვამზადებ ნაძვის ხის სათამაშოებს, რომლებზეც ძირითადად ჩემი ზღაპრებისა თუ ლექსების პერსონაჟები იქნებიან დაქარგულები. ვნახოთ, რა ბედი ეწევათ მათ.


                                                                                               თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები