საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი ცოლის მიმართ მუქარის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ყოფილი მეუღლის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ეჭვიანობის ნიადაგზე, თავისი მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა, სამსახურისათვის თავის დანებებას სთხოვდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. არსებული კონფლიქტის საფუძველზე, დაზარალებული ბრალდებულთან განქორწინდა. მიუხედავად ამისა, 2024 წლის 24 ივლისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ციხისძირში, საავტომობილო გზაზე, სამართალდამცავი ავტომანქანით ყოფილ მეუღლეს დაედევნა და შეჩერება მოსთხოვა, რის შემდეგაც ავტომანქანაში მყოფ დაზარალებულთან მივიდა და პირსინგის ახევით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, რის შემდეგაც ქალს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო. ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, გამოიკითხა დაზარალებული, დაზარალებულის ოჯახის წევრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცავი დაკავებული იქნა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით აგრძელებს.

სამართალდამცავს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები