საჩხერის მერია: სოფელ ჩიხაში საავტომობილო ხიდისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

საჩხერის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩიხაში საავტომობილო ხიდისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობის გადაადგილების პირობები გაუმჯობესდება.

“საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, მერ ლევან ივანაშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

2023 წლის პერიოდში წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია მდინარე ყვირილას ადიდება. წამოღებულმა მთის ნაშალმა მასამ  დააზიანა ჩიხის ადმინისტრაციული ერთეულისა და ქალაქ საჩხერის დამაკავშირებელი ორი ხიდი. აღნიშნული ხიდებით ჩიხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლის მცხოვრებლები სარგებლობდნენ მათ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით და უმოკლესი გზით უკავშირდებოდნენ ქალაქ საჩხერეს და მის მიმდებარე ტერიტორიულ ორგანოებს.

ხიდების არარსებობა იწვევდა მოსახლეობის უკმაყოფილებას, რაც ხშირად ჟღერდებოდა მათთან შეხვედრების დროს.

მუნიციპალიტეტმა პრობლემის გადაჭრის გზად და გაცილებით უკეთეს ალტერნატივად მიიჩნია, მდინარე ყვირილაზე მოეწყოს ერთი მასშტაბური საავტომობილო ხიდი. რის შედეგადაც განიტვირთება  ქალაქის ცენტრალური ნაწილი  და ჩიხისა და ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების (13 სოფელი) მცხოვრებლები ისარგებლებენ უმოკლესი გზით.

პროექტის ფარგლებში  მოეწყობა 147 მეტრიანი საავტომობილო ხიდი, რომლის სიგანე 6 მეტრია და შედგება 5 ბურჯისაგან და ხიდამდე მისასვლელი ასფალტო-ბეტონის 1300 მეტრის გზა.

სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს. ,,სახარია“; სახელშეკრულებო ღირებულება 4 835 480 ლარი, პროექტი გარდამავალია. ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში.

პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება  მოსახლეობის გადაადგილების პირობები. ისინი უფრო მარტივად დაუკავშირდებიან გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და საჩხერე-ონის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალებს. ასევე მოხდება ქალაქ საჩხერის ცენტრის განტვირთვაც მჭიდრო საავტომობილო მოძრაობისაგან.

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდის საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ პაატა კვიჟინაძეს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის”,- წერია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები