ქუთაისის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში მზის ფოტო-ელექტრო სადგური მოეწყო

ქუთაისის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში მზის ფოტო-ელექტრო სადგური მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 100 კილოვატიანი სიმძლავრის ფოტო-ელექტრო სადგური პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში დამონტაჟდა.

პროექტის განსახორციელებლად ქუთაისის მერიას გრანტის სახით  212 779 ლარი გადაეცა. სამუშაოები შეასრულა კომპანია „მობილფონმა“.

ინოვაციური პროექტის გასაცნობად სატრანსპორტო კომპანიაში იმყოფებოდნენ: ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

„ფოტო-ელექტო სადგურები დღეისათვის აქტუალურ თემას წარმოადგენს,  რომელთა მოწყობის შემთხვევაში, ნებისმიერი კომპანია ახორციელებს ობიექტის ელექტრომომარაგებას ეფექტური და ეკონომიური პარამეტრების გაზრდით.

ქუთაისის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში მოეწყო ფოტო-ელექტროსადგურის ქსელური სისტემა, რის საფუძველზეც სატრანსპორტო კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართავს აღნიშნულ სისტემას, ანუ გასცემს და მიიღებს ელექტროენერგიას.

ქუთაისისთვის, რომელიც ეკო სმარტ ქალაქის მიმართულებით ვითარდება, მნიშვნელოვანია ასეთი ინოვაციური იდეების განხორციელება“, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები