79 წელი ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვიდან – რა მოხდა 1945 წლის 6 აგვისტოს
1945 წლის 6 აგვისტოს, მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-მა ქალაქ ჰიროსიმაში ბირთვული ბომბი სახელად „ბიჭუნა“ („Little Boy“) ჩამოაგდო, ხოლო სამი დღის შემდეგ მეორე ბომბი სახელად „მსუქანა“ („Fat Man“) – ნაგასაკიში.
კომისიამ, რომელიც დასაბომბ სამიზნეებს არჩევდა, 1945 წლის 10-11 მაისს დაასახელა კიოტო, ჰიროსიმა, იოკოჰამა და კოკურასთან არსებული არსენალი. კომისიამ უარყო იდეა იმის თაობაზე, რომ ბირთვული იარაღი წმინდა სამხედრო ობიექტის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული, რადგან დიდი იყო იმის შანსი, რომ ბომბი აცდენოდა ასეთ მიზანს, რომელიც დიდი საქალაქო არეალით არ იქნებოდა შემოსაზღვრული. კომისიის წევრებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დაბომბვის ფსიქოლოგიურ ეფექტს. ამას გარდა, ისინი მიიჩნევდნენ, რომ ბირთვული იარაღის პირველი გამოყენება უნდა ყოფილიყო ეფექტური სანახაობა მსოფლიო საზოგადოებისთვის. კომისიამ კიოტო აირჩია, როგორც იაპონიის ინტელექტუალური ცენტრი, რომლის მოსახლეობასაც საუკეთესოდ შეეძლო, შეეფასებინა ახალი იარაღის ძალა. ჰიროსიმა არჩეულ იქნა მისი დიდი ზომის, მასში არსებული დიდი სამხედრო ბანაკის და აგრეთვე, იმის გამოც, რომ ბომბს განსაკუთრებით დიდი დამანგრეველი ძალა ექნებოდა, რადგან ეს ქალაქი მთებით იყო გარშემორტყმული.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჰენრი სტიმსონმა კიოტო ამოშალა სამიზნეთა სიიდან მისი კულტურული მემკვიდრეობის გამო, რის წინააღმდეგაც გამოვიდა გენერალი გროესი, „მანჰეტენის პროექტის“ ხელმძღვანელი. პროფესორ ედვინ რაიშაუერის სიტყვებით, სტიმსონი „იცნობდა და აღმერთებდა კიოტოს იქ ადრე გატარებული თაფლობის თვის შემდეგ”. 1945 წლის 25 ივლისს გენერალმა კარლ სპააცმა ბრძანება მიიღო შემდეგი სამიზნეებიდან ერთ-ერთზე: ჰიროსიმა, კოკურა, ნიიგატა ან ნაგასაკი. 3 აგვისტოს შემდეგ, როგორც კი ამინდი შესაფერისი ამინდი იქნებოდა მას უნდა ემოქმედა, მოგვიანებით კი, სიაში სხვა ქალაქიც ჩაიწერებოდა.
მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტად დადგენას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს: ომისდროინდელი უზუსტო მონაცემები, ის გარემოება რომ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზოგადად საკმაოდ დიდი იყო და ისინი სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ სხივური დაავადების შედეგად, აგრეთვე პოლიტიკური სპეკულაციები, რომლის დროსაც მსხვერპლთა რიცხვს ხან აზვიადებდნენ ხან კი – ამცირებდნენ. მიჩნეულია, რომ ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავშირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ნაგასაკიში – 74 000. ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
იაპონიის კაპიტულაციაში ამ დაბომბვის როლი და საერთოდ, მეორე მსოფლიო ომის დრო ბირთვული იარაღის გამოყენების მართლზომიერება იყო და არის კამათის საგანი. აშშ-ში გავრცელებული შეხედულების თანახმად, ბირთვული იარაღის გამოყენებამ ომის დასრულება დააჩქარა და ამგვარად იხსნა იმათი სიცოცხლე ვინც დაიღუპებოდა, ომი რომ კიდევ დიდი ხნით გაგრძელებულიყო, კერძოდ – აშშ რომ შეჭრილიყო უშუალოდ იაპონიის ტერიტორიაზე. იაპონიაში მიიჩნევენ, რომ დაბომბვა საჭირო არ იყო და შეგნებულად ასეთი საშინელი ძალის მიყენება მშვიდობიან მოსახლეობაზე საშინელებაა.