გიორგი გუგუჩიამ სოფელ რიყეში ადგილობრივებს გზის რეაბილიტაციის პროექტი გააცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია სოფელ რიყეში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს გზის რეაბილიტაციის პროექტი გააცნეს, გამსახურდიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდება. აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე გრუნტის საფარია, 2,5 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს 2 087 316 ლარი მოხმარდება.

სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტის მერმა რიყელებს სოფლის ახალი რწმუნებული გიორგი ჯოჯუა წარუდგინეს.

სოფელ რიყეში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე თამუნა ჯიქია ესწრებოდნენ.

სოფელ რიყეში ამჟამად საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც 75 ბავშვზეა გათვლილი. ასევე ხორციელდება რიყე-ზედაეწერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. სოფელი უკვე გაზიფიცირდა, მთელ რიგ ქუჩებზე მოეწყო გარე განათება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ინვენტარით აღიჭურვა ძალოსნობის დარბაზი. სწორედ ამ ძალოსნობის დარბაზში აღზრდილი, რიყელი ირაკლი ჩხეიძე იღებს მონაწილეობას მსოფლიო ოლიმპიადაზე. ირაკლი ჩხეიძის გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე 10 აგვისტოს არის დაგეგმილი. წარმატებებს ვუსურვებთ ირაკლის მნიშვნელოვან ასპარეზზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები