ყველაზე, ყველაზე, ყველაზე უცნაური ბიზნესმენი – ტიმოთი დექსტერის ისტორია
მე-18 საუკუნის მიწურულს მასაჩუსეტსის ქალაქ ნიუბერიპორტში ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური „ზღაპრის“ მთავარ გმირად დაამახსოვრდებათ. 1747 წელს ღარიბ ოჯახში დაბადებულ ტიმოთი დექსტერს ფორმალური განათლება არ მიუღია. მას არ გააჩნდა არავითარი სოციალური კაპიტალი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, განზრახული ჰქონდა, გამხდარიყო ცნობილი და წარმატებული ადამიანი, რისი შანსიც, თითქოს, არ არსებობდა.
ახალგაზრდა ტიმოთი ტყავის ხელოსნად მუშაობდა, რაც მას მოკრძალებული ცხოვრების საშუალებას აძლევდა. თუმცა, დექსტერი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი; ის ოცნებობდა სიდიადეზე და ისეთი იდეის მოფიქრებაზე, რომელიც მის სახელს საქვეყნოდ ცნობილს გახდიდა. გარდამტეხი მომენტი მამაკაცის ცხოვრებაში მაშინ დადგა, როდესაც მდიდარ ქვრივზე დაქორწინდა. ამან მას ბიზნესის დასაწყებად კაპიტალი მისცა, რასაც შემდეგ მთელი რიგი აბსურდული იდეები მოჰყვა.
ტიმოთი დექსტერის წამოწყებები იმდენად სულელურად გამოიყურებოდა, რომ ისინი წინასწარვე მარცხისთვის უნდა ყოფილიყო განწირული, თუმცა იღბლიანობის წყალობით, ყველა სასაცილო იდეა მან მომგებიან ბიზნესად აქცია.
ბიზნესში მისი პირველი ნაბიჯები კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში საწოლის გამათბობლების გაგზავნით დაიწყო. ეს მოწყობილობები ტროპიკულ კლიმატში სრულიად არასაჭირო იყო, ამიტომ დექსტერის ნაცნობები, რომლებმაც ეს წამოწყება ხუმრობით შესთავაზეს, მის წარუმატებლობას მოუთმენლად ელოდნენ, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. აღნიშნული გამათბობელი მართლაც შეიძინეს ადგილობრივებმა, რომლებმაც ისინი შესანიშნავად გამოიყენეს, ოღონდ არა საწოლების გასათბობად (რაც, ცხადია, ნამდვილად არ სჭირდებოდათ), არამედ მელასას (შაქრის წარმოების ნარჩენი – სქელი შავი სითხე, დამატკბობელი) დასამზადებლად.
შემდეგ ნიუკასლში ნახშირის გადაზიდვის ჯერი მოვიდა. ნიუკასლი ცნობილი იყო ქვანახშირის მაღაროებით, ამიტომ იქ ნახშირის ექსპორტის იდეა სასაცილო ჩანდა. თუმცა, დექსტერის ტვირთი ადგილზე მეშახტეების გაფიცვის დროს ჩავიდა. იმ მომენტში, გაფიცვის გამო, დროებითი დეფიციტი იყო შექმნილი, ამიტომაც მისი საქონელი საკმაოდ ძვირად გაიყიდა, რითაც კრიტიკოსებს თითი მოაკაკვინა.
მისი წამოწყებები აღმოსავლეთ ინდოეთში გაგზავნილი ბიბლიებით გაგრძელდა. წესით, იქ ისინი არავის უნდა ნდომებოდა, თუმცა იმ პერიოდში მისიონერებს ძალიან სჭირდებოდათ ბიბლია. ტიმოთიმ აქაც წარმატებას მიაღწია. შემდეგ კვლავ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში კატები გაგზავნა, იქ არსებულ შაქრის პლანტაციებში ვირთხების გაზრდილი პოპულაციის გასაკონტროლებლად. კატები, ფაქტობრივად, დაიტაცეს და დექსტერის მორიგ აბსურდულ იდეას შეესხა ხორცი. ამ ყველაფერმა ტიმოთი ძალიან მდიდარ ადამიანად აქცია.
მოპოვებული სიმდიდრის წყალობით, დექსტერის ექსცენტრიულობამაც იმატა. მან თავი „ლორდ ტიმოთი დექსტერად“ გამოაცხადა და ააშენა გრანდიოზული სასახლე, რომელიც ქანდაკებებით იყო მორთული. მათზე გამოსახული იყო ისტორიულ პიროვნებები, ფილოსოფოსები და თვით დექსტერიც კი, რომლის ქანდაკებასაც ჰქონდა წარწერა – „დასავლეთის უდიდესი ფილოსოფოსი“.
დექსტერის უცნაურობა ლიტერატურულ საქმიანობაზეც ვრცელდებოდა. მან დაწერა წიგნი, სახელწოდებით – „მწნილი მცოდნეთათვის“, რომელიც პუნქტუაციის სრული უგულებელყოფით იყო შესრულებული. მიუხედავად ამისა, წიგნმა საკუთარი აუდიტორია იპოვა. მომდევნო გამოცემებში ავტორმა სასვენი ნიშნების გვერდი ჩაამატა, სადაც მკითხველს საშუალებას აძლევდა, ისინი საკუთარი სურვილით გამოეყენებინა.
დექსტერის ყველაზე უცნაურ ხრიკებს შორის საკუთარი დაკრძალვის დადგმაც მოხვდა. მას აინტერესებდა, როგორ მიიღებდნენ მის სიკვდილს, ამიტომ დახვეწილი, თუმცა ყალბი დაკრძალვა მოაწყო, მგლოვიარეებითა და გრანდიოზული მსვლელობით. დექსტერი ჩრდილში იმალებოდა და უყურებდა, როგორ მიაგებდნენ პატივს მეგობრები, ოჯახი და ნაცნობები. როდესაც შეამჩნია, რომ მისი ცოლი საკმარისად არ წუხდა, სამალავიდან გამოვიდა და საჯაროდ უსაყვედურა.
ტიმოთი დექსტერის ცხოვრება 1806 წელს დასრულდა. ის ახსოვთ არა მხოლოდ როგორც წარმატებული ბიზნესმენი, არამედ როგორც უცნაური და არაპროგნოზირებადი ადამიანის სიმბოლო.