ქალი – ქაოსი, ანუ ფილმი, რომელშიც ცხოვრობ

           ის მუდამ აქტიური და ხმაურიანია, მას მუდამ აქვს მოსაყოლი და არასოდეს ერიდება საკუთარი აზრის გამოთქმას… თავს „ცნობად სახედ“ გრძნობს, მაგრამ „ვარსკვლავური სენი“ არასდროს შეყრია… გვანცა ჯიშკარიანი პროფესიით რეჟისორია, თუმცა დღემდე თავი მხოლოდ ტელევიზიაში გამოსცადა – თანაც, კამერის ორივე მხარეს…

– მოგვიყევი, როგორ დაიწყო შენი სატელევიზიო კარიერა – სად, როდის და როგორ მოხდა ეს?
– ჩემი დებიუტი ქართულ ტელესივრცეში 2003 წელს, „მაესტროს“ დილის გადაცემაში შედგა (იცინის). იქ მეგობარი მუშაობდა  და იმან მიმიყვანა. შემათვალიერეს და მკითხეს – გინდა გადაცემის წამყვანობაო? რატომაც არა-მეთქი, იქიდან დაიწყო ყველაფერი…
– შენი პირველი ეთერი და ის ემოციები გაიხსენე, რომელიც მაშინ იგრძენი… პირდაპირი ეთერი იყო?
– კი, პირდაპირი… თან ეთერში ყოველგვარი მომზადების გარეშე, ფაქტობრივად შემაგდეს… ემოციებიდან ყველაზე მძაფრად ის მახსოვს, რომ საშინლად უხერხულად ვგრძნობდი თავს, არ ვიცოდი, სად დავმალულიყავი, ძალიან მრცხვენოდა (იცინის)
– ტანსაცმლის ღილებს აწვალებდი, არა?10715881_10203028967871368_1065656515_n
– ჰო (იცინის). ისეთი შებოჭილი ვიყავი, მგონი გამარჯობის და ნახვამდის გარდა არაფერი მითქვამს (იცინის). კიდევ კარგი, მარტო არ ვიყავი, გიორგი გაბუნია იყო ჩემი მეწყვილე და იმან მიშველა… მერე ნელ-ნელა გამიარა, თუმცა ბოლომდე თავისუფლად თავს ეთერში მაინც ვერ ვგრძნობდი…
– „მაესტროს“ გარდა კიდევ რომელ არხებზე გიმუშავია?
– „მაესტროს“ მერე, საზოგადოებრივ მაუწყებელში გადავედი, ვიმუშავე ტოქშოუში „კედელი“, ასევე „წარმატების ფორმულა“ და „არტ-კლუბი“, უკვე ჟურნალისტის ამპლუაში. პარალელურად დავიწყე მონტაჟის სწავლა და მალე ჩემს სიუჟეტებს უკვე თავადვე ვამონტაჟებდი. მერე იყო საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, სულ ბოლოს კი“ რუსთავი -2“.
– „რუსთავი2“-ზე რას აკეთებდი?
– ვამონტაჟებდი, ვამონტაჟებდი და კიდევ ერთხელ ვამონტაჟებდი (იცინის). ამით იმის თქმა მინდა, რომ დიდი მოცულობის სამუშაოს ვასრულებდი, ძალიან დამღლელი და შრომატევადი იყო, მაგრამ სამაგიეროდ „რუსთავი-2“ უდიდესი სკოლა იყო ჩემთვის.
რა გადაცემებისთვის მუშაობდი?
– „ნიჭიერი, „საქართველოს ვარსკვლავი“ და „იქს-ფაქტორი“. 5 წელი ვიმუშავე „რუსთავი 2“-ზე, უამრავი რამ ვისწავლე… და საბოლოოდ ამოვწურე ჩემი თავი, როგორც მემონტაჟემ… ამას ჩემი უშუალო უფროსი გიორგი ხაბურძანიაც მიხვდა და საყვედურის გარეშე გამომიშვა.
– რა უფრო საინტერესოა შენთვის, კამერის წინ ყოფნა თუ მის უკან?
– ჩემთვის, კამერის უკან…
– რატომ?
– უფრო მეტად შემოქმედებითი პროცესია, მონტაჟი ბევრად ახლოა რეჟისურასთან, მე კი, საერთო ჯამში, კინორეჟისორობა მინდა… უბრალოდ ამ თემას ძალიან სერიოზულად ვუყურებ, მინდ,ა სანამ უშუალოდ რეჟისორობას მოვკიდებ ხელს, ყველა მომიჯნავე პროფესიაში მეტ-ნაკლებად გავერკვე, თუნდაც იმიტომ, რომ მერე გადაღების დროს ყველას სწორი დავალება მივცე.
– იმ პერიოდში, როცა „უხილავი ფრონტის მებრძოლი“ იყავი, ანუ „რუსთავი 2“-ის სამონტაჟოში „ცხოვრობდი“, ერთი-ორჯერ მაინც გამოჩნდი ტელევიზორის ეკრანზე, რეკლამებს ვგულისხმობ…
– კი, რამდენიმე რეკლამაში გადამიღეს, მათგან ყველაზე ცნობილი „ჯეოსელის“ ორი რეკლამა იყო – მასწავლებლის და დედის როლები (იცინის).
– რას იტყვი, საინტერესო სამუშაოა, თუ არც ისე?
– კი, საინტერესო და სახალისოა, თუმცა საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა ეგეც, ეს გვერდიდან, ანუ ტელევიზორის ეკრანიდან ჩანს ყველაფერი ადვილი. 30 -წამიანი რგოლის გადაღებას ხშირად მთელი დღე სჭირდება, ზოგჯერ არც ყოფნის. თუმცა მაგ საქმიდანაც ვისწავლე რაღაცები, რაც მომავალში გამომადგება.
– სულ ბოლოს თუ არ ვცდები, მაყურებელმა „ჯეოსელის“ პროექტში გიხილა ილია ბეროშვილთან ერთად…
– კი, „კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს“, 3 გადაცემა ჩავწერეთ, მერე მე დავტოვე პროექტი.
– თუ საიდუმლო არ არის, მიზეზი რა იყო, ძალიან ცოტა ილაპარაკე?10621855_10203028968311379_20292565_n
– ეგ თავისთავად, ილოსთან ბევრს ვერ ილაპარაკებ, უბრალოდ უნდა უსმინო და იცინო (იცინის), თუმცა წამოსვლის მიზეზი სხვა იყო, წამყვანობის გარდა კიდევ ბევრ რამეს ვითავსებდი მაგ გადაცემაში, მონტაჟის ჩათვლით და უბრალოდ დრო არ მყოფნიდა, მაშინ „რუსთავი 2“-ზე უნდა მეთქვა უარი, ამიტომ წამოვედი
– სამომავლო გეგმებზე მოგვიყევი, რას აპირებ?
– მინდა რომ ნიუ-იორკში დავბრუნდე… ერთხელ უკვე წავედი, თანაც ისე რომ უკან დაბრუნებას აღარ ვაპირებდი…
– და რატომ დაბრუნდი?
– ომი დაიწყო… 2008 წლის აგვისტოს მოვლენები… და ვეღარ გავჩერდი… არ მინდა პათეტიკაში, ან რამე სხვაში ჩამომართვან, მაგრამ, ჩავთვალე რომ აუცილებლად უნდა ჩამოვსულიყავი, რაღაც უზნეობად მომეჩვენა მანჰეტენზე მესეირნა და ცხოვრებით დავმტკბარიყავი, როცა ჩემს ქვეყანას ბომბავდნენ…
ახლა ისევ მინდა დავბრუნდე, ჩემი ოცნების ქალაქში, მით უმეტეს, რომ ამ 6 წლის მანძილზე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, რაც იქ გამომადგება. მინდა ვცადო, იქაც ვიმუშავო ტელევიზიაში, თუნდაც რაიმე პატარა არხუკაზე (იცინის).
– ოცნებას გაგვიმხელ?
– ჩემი ოცნებაა ფილმში ვიცხოვრო… ისეთი გრძნობა თითქოს ფილმში ცხოვრობ, მხოლოდ ნიუ-იორკში ყოფნის დროს მქონდა… და ეს ჩემი ფილმი იყო, მე ვიყავი მისი რეჟისორი და ყველაფერი ჩემს ხელში იყო, ნებისმიერი რეკვიზიტი, ნებისმიერი მსახიობი… და მე ამ ფილმს აუცილებლად გადავიღებ…

გიორგი მიქაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები