საქართველოს ფრანგი ურბანისტები ეწვივნენ

გრძელდება საპროექტო სამუშაოები ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა: ქალაქების – ბათუმისა და ბორჯომის გენერალური გეგმები, რომლებსაც, ერთ შემთხვევაში, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო მეორე შემთხვევაში, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაკვეთით ახორციელებს კონკურსის წესით შერჩეული საპროექტო-საკონსულტაციო კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“. ამ ეტაპზე, ბათუმის შემთხვევაში დასრულებულია მუშაობა გენერალური გეგმის კონცეფციაზე, ხოლო ბორჯომის შემთხვევაში დასრულდა ქალაქის განვითარების ხედვა.

„ზღვაში არეკლილი ქალაქი“ – ამ სლოგანით შემუშავდა ხედვისა და კონცეფციის დოკუმენტაცია ბათუმისათვის, რომლის შემდგომი განვითარების ძირითად კონცეპტუალურ მიმართულებებად განისაზღვრა: თანაბრად განვითარებული ქალაქი; მულტიფუნქციური ქალაქი; მწვანე ქალაქი; მედეგი და უსაფრთხო ქალაქი. ბათუმის მომავალი გენერალური გეგმის ძირითადი იდეა და მიზანი იქნება ბათუმის არამხოლოდ ტურისტული პოტენციალის შემდგომი განვითარება და მისი ფუნქციის დივერსიფიცირება, არამედ მაქსიმალურად კომფორტული და სასიცოცხლოდ ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის.

„ძველი კურორტის ახალი ისტორია“ – ბორჯომის განვითარების ხედვის დოკუმენტის სლოგანია, რომლის მიხედვითაც ქალაქის განვითარების სამომავლო მიზნად დასახულ იქნა ბორჯომის საკურორტო იდენტობის ეტაპობრივი გაძლიერება.

აღნიშნული პროექტების შემუშავების ფარგლებში განხორციელებული და სამომავლო  სამუშაოების განხილვისა და გაანალიზების მიზნით, მიმდინარე წლის 12-17 ივლისს საქართველოს ეწვივნენ  „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს პარტნიორი ფრანგული კომპანიის, „Atelier Alfred Peter-ის“ (რომელიც საერთაშორისო დონის წამყვანი დიზაინის სტუდიაა ლანდშაფტის არქიტექტურისა და ურბანიზმის მიმართულებით) დამფუძნებელი ალფრედ პეტერი და კომპანიის დირექტორი ჟან-ბატისტ პეტერი. ვიზიტის პერიოდში, ფრანგი ურბანისტები ადგილზე გაეცნენ ბორჯომის განაშენიანებისა და ლანდშაფტის თავისებურებებს,  ქალაქის გეგმარებით სტრუქტურას, მის ღირშესანიშნაობებს. ქართველ პარტნიორებთან ერთად, ფრანგმა სტუმრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობასთან და ისაუბრეს იმ მიგნებებსა და წინადადებებზე, რომლებიც აისახება ბორჯომის გენერალური გეგმის კონცეფციის სამუშაო დოკუმენტში.

„ბორჯომის ხეობა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რომელიც მინახავს. მინდა, აღვნიშნო, რომ კურორტს ნამდვილად გააჩნია საკმარისი პოტენციალი, რათა მისი მართებულად და გეგმაზომიერად განვითარების შემთხვევაში, კვლავაც შეიძინოს ის ძლიერი მიზიდულობის ძალა, რომელიც ვიცით, რომ ჰქონდა ადრეულ წლებში. ქალაქისთვის ყველაზე ფასეული მისი ლანდშაფტი და ბუნებაა, რომელსაც დაცვა და შენარჩუნება სჭირდება, ამასთან, სავსებით შესაძლებელია, რეკრეაციული მიზნებით გაძლიერდეს მდ. მტკვრის სანაპიროები ქალაქის ფარგლებში და გაჩნდეს უფრო მეტი გამწვანებული საჯარო სივრცე მდინარის სიახლოვეს“ – აღნიშნა კომპანია „Atelier Alfred Peter“-ის დამფუძნებელმა, ცნობილმა ფრანგმა ლანდშაფტის არქიტექტორმა და ურბანისტმა, ალფრედ პეტერმა.

16 ივლისს სამუშაო შეხვედრა გაიმართა უშუალოდ დამკვეთთან – „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლებთან, სადაც ფრანგმა ურბანისტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ქალაქ ბორჯომის განვითარების პერსპექტივასა და იმ უცხოური ქალაქების მიმდინარე განვითარებაზე, რომლებიც დაახლოებით ისეთივე საკურორტო პოტენციალით გამოირჩევიან, როგორიც კურორტ ბორჯომს გააჩნია.

„სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს და ფრანგული კომპანია „Atelier Alfred Peter-ის“ პარტნიორობა და მეგობრობა უკვე 10 წელს ითვლის. ეს პროცესი დაიწყო ისეთი მასშტაბური და უმნიშვნელოვანესი პროექტიდან, როგორიც ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაა (2015-2019 წ.წ).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები