ნინო ლაცაბიძე: რუსთავის ისტორიული კულტურის სახლი, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სრულად ახალ შინაარსობრივ დატვირთვას და იერსახეს შეიძენს
რუსთავში, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებულ კულტურის სახლის ისტორიული შენობის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი აქტიურ ფაზაშია.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი ადგილზე გაეცნენ.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მათ კულტურის სახლის ახალი კონცეფცია გააცნო და პროექტის დეტალებზე ისაუბრა.
„რუსთავის ისტორიული კულტურის სახლი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სრულიად ახალ შინაარსობრივ დატვირთვასა და იერსახეს შეიძენს. აქ ახალგაზრდებისთვის გაჩნდება ახალი შესაძლებლობები მუსიკის, ქორეოგრაფიის, თეატრისა და ზოგადად ხელოვნების მიმართულებით”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტით, საკონცერტო დარბაზის სრული განახლება, შიდა სივრცის რეაბილიტაცია და შენობის ფასადის რესტავრაციაა დაგეგმილი. მოეწყობა გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის და გახმოვანება- განათების სისტემები. შენობა უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სასცენო აპარატურით, გარე პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა მწვანე სივრცეები და დასასვენებელი ზონა.
შატაკიშვილის თქმით, ეს პროექტი ერთ-ერთი დაპირება იყო.
„რუსთავში კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი დასასრულს უახლოვდება. სულ რამდენიმე თვეში ჩვენ გვექნება ახალი ინფრასტრუქტურა, სრულად ახალი კონცეფციით და რუსთაველი ახალგაზრდები შეძლებენ სამუსიკო, სახელოვნებო და ქორეოგრაფიულ წრეებზე სიარულს. ეს პროექტი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი დაპირება იყო”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
1948 წელს კლასიციზმის არქიტექტურული სტილით ნაშენები ისტორიული ნაგებობის ფასადი, რესტავრაციის შემდეგ ავთენტიკურობას შეინარჩუნებს.
„დღეს რუსთაველებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილის – კულტურის სახლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობას გავეცანით. აღნიშრული ობიექტი სრულ რეაბილიტაციას ექვემდებარება, განახლდება დარბაზი, სცენა და გარე სივრცე. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთაველები მიიღებენ თანამედროვე სტანდარტების კულტურის სახლს”, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ.
პროექტის დასრულების შემდეგ, უფუნქციოდ დარჩენილი ძველი შენობის ადგილზე, თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია გაიხსნება, სადაც რუსთაველ ახალგაზრდებს, კლასიკურის პარალელურად, მუსიკის თანამედროვე მიმდინარეობების დაუფლების შესაძლებლობაც ექნებათ.
პროექტის კონცეფცია, რუსთაველი ახალგაზრდების ჩართულობით შემუშავდა.