ერთი ძეგლის ისტორია ანუ როგორ დასაჯეს მაიმუნი ჯაშუშობისთვის
დიდი ბრიტანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე პატარა ქალაქი, ჰარტპული მდებარეობს. ეს მოსაწყენი პროვინციაა, სადაც ტურისტებს არაფერი ესაქმებათ, მაგრამ თუ ვინმე მოგზაური ამას მაინც გადაწყვეტს, ის პორტში აუცილებლად მოხვდება. აქ მდებარეობს ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა – მაიმუნის ძეგლი. მისი გამოჩენა ქალაქის ლეგენდასთანაა დაკავშირებულია. თითქოს, 200 წლის წინ ადგილობრივმა მეთევზეებმა სანაპიროზე ჩამოახრჩვეს მაიმუნი, რომელიც საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს.
ინგლისი და საფრანგეთი, მიუხედავად მათი სიახლოვისა, იშვიათად ცხოვრობდნენ მშვიდობიანად. ამ ქვეყნებს შორის ომი, თითქმის, ყოველ საუკუნეში მიმდინარეობდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში, ნაპოლეონის ომების ეპოქაში ნისლიანი ალბიონის მკვიდრები უმიზეზოდ უფრთხოდნენ საფრანგეთის არმიის შემოჭრას. ამან აიძულა კუნძულის მაცხოვრებლები, დაეხარჯათ უზარმაზარი თანხები სანაპირო დაცვის გასაძლიერებლად.
საარტილერიო შეიარაღება სამეფოს ძვირი უჯდებოდა და ქვეყანა თანდათან ეკონომიკურ კრიზისში ჩაეფლო. ფრანგებს, რომელთა გამოც მოხდა ყველაფერი, ზიზღით ეპყრობოდნენ. არ არის გასაკვირი, რომ იმ დროინდელი ინგლისის გაზეთებში იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტს მაიმუნის სახით გამოსახავდნენ. სწორედ ამ მოვლენების ფონზე გაჩნდა ქალაქური ლეგენდა მაიმუნის შესახებ. არავინ იცის, რეალური იყო ეს ინციდენტი თუ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოგონილი, მაგრამ მეზობელ ქალაქებში ჰარტპულის მაცხოვრებლებს „მაიმუნის ჩამომკიდებლებს“ უწოდებენ. არც თუ ისე სასიამოვნო მეტსახელია, მაგრამ ზოგი ამით ამაყობს კიდეც.
ლეგენდის თანახმად…
ერთ ქარიშხლიან დღეს ჰარტპულთან ახლოს ფრანგული გემი კლდეებს დაეჯახა. ადგილობრივი მაცხოვრებლები იმით შეიარაღდნენ, რაც ხელში მოხვდათ და გემის ნარჩენებისკენ წავიდნენ, რათა გადარჩენილი მტრები დაეპყროთ. მართალია, მძვინვარე ზღვამ ფრანგებს შანსი არ დაუტოვა და თითქმის, ყველა დაიხრჩო, მაგრამ ბრიტანელებმა მაინც იპოვეს ერთი გადარჩენილი.
თავიდან მეთევზეებმა იფიქრეს, რომ სიბნელეში დაბალი მოხუცი დადიოდა, მაგრამ ეს მაიმუნი აღმოჩნდა, რომელსაც ფრანგი მეზღვაურის ფორმა ეცვა. მას, როგორც სამხედრო ტყვეს, ისე ეპყრობოდნენ. ცხოველი გაკოჭეს და ჰარტპულში წაიყვანეს. იქ მაიმუნს ნამდვილი დაკითხვა მოუწყვეს. ძნელი სათქმელია, მართლაც ფრანგად მიიღეს თუ არა ადგილობრივებმა მაიმუნი.
ლეგენდის თანახმად, მაიმუნს სერიოზულად კითხავდნენ, ყველა სამხედრო წესის დაცვით. ცხადია, ცხოველი პასუხს ვერ სცემდა. ის მხოლოდ რაღაცას ბურტყუნებდა, მაგრამ ფრანგული ენა არავინ იცოდა და ყველამ ჩათვალა, რომ ტყვე მათ დასცინოდათ. ამიტომაც, იქვე მოეწყო პატარა სამხედრო ტრიბუნალი. მაიმუნი დამნაშავედ ცნეს შპიონაჟში და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. ის სანაპიროზე დასაჯეს სიკვდილით, რასაც ბევრი ადგილობრივი ესწრებოდა. მაიმუნთან დაკავშირებული მოვლენა ჰარტპულის იმიჯის განუყრელი ნაწილი გახდა. ადგილობრივებს ხშირად დასცინოდნენ ამ ლეგენდის გამო, მაგრამ მათ ეს არ სწყინდათ. უფრო მეტიც, ამ ისტორიას ისინი თავისი იდენტობის ნაწილად თვლიდნენ და ამაყობდნენ კიდეც ამით. ქალაქის რაგბის გუნდიც კი ატარებს დასახელებას – Monkeyhangers, რაც „მაიმუნების ჩამომხრჩობლებს“ ნიშნავს.
ეს ლეგენდა 200-ზე მეტი წლისაა. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ის ნამდვილი მაიმუნი არ ყოფილა, არამედ იყო „დენთის მაიმუნი“ – ასე უწოდებდა მე-19 საუკუნეში საზღვაო ფლოტი მოზარდებს, რომლებიც დენთს ყრიდნენ იარაღში. ანუ ქალაქელებმა სიკვდილით დასაჯეს არა ცხოველი, არამედ ფრანგი იუნგა. თუმცა, ესეც მხოლოდ ჰიპოთეზაა, რომლის გადამოწმებაც შეუძლებელია.
ასეა თუ ისე, ჩამომხრჩვალი მაიმუნის ამბავი პოპულარულია. მან გავლენა მოახდინა ადგილობრივი მაცხოვრებლების გონებაზე და ჩამოაყალიბა უარყოფითი დამოკიდებულება ფრანგების მიმართ, რაც დღესაც იგრძნობა ამ მხარეებში. 2017 წელს ერთ-ერთ ბრიტანულ თეატრში დაიდგა სპექტაკლი ჰარტპულის მაიმუნის შესახებ. მასში დასცინეს ირაციონალურ ქსენოფობიას, რომელიც, სამწუხაროდ, მსოფლიომ ჯერაც ვერ დაძლია.