პოლონური ოდისეა
20 წლის წინ მან სამშობლო დატოვა და წარმატების საძებრად პოლონეთში გადაიხვეწა… თავის გატანა უცხო მხარეში ძნელი აღმოჩნდა, მაგრამ არჩევანი მას არ ჰქონია… საბოლოოდ, მაინც იპოვნა ადგილი მზის ქვეშ – დღეს იგი წარმატებული ბიზნესმენია… ისევე, როგორც ყველა ემიგრანტს, ნოსტალგია მასაც ხშირად სტუმრობს, თუმცა საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებს, გიორგი ჭუჭულაშვილმა პოლონეთში მეორე სამშობლო იპოვა…
– როდის დაიწყო თქვენი პოლონური ოდისეა?
– სამუდამო საცხოვრებლად პოლონეთში, მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად, 20 წლის წინ ჩამოვედი. მეუღლე პოლონელია, სანამ აქ ჩამოვიდოდით, 13 წელი საქართველოში ვიცხოვრეთ ერთად. მერე, ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში, ყველაფერი გაჩერდა… ჰოდა, მეუღლემ მითხრა, იქნებ პოლონეთში გადავიდეთ საცხოვრებლადო… კარგა ხანს ვიყოყმანე, ძნელია უცებ ადგე, მიატოვო შენი მიწა-წყალი და უცხო ქვეყანაში გადაიხვეწო… მაგრამ სხვა გზა არ მქონდა…
– მოგვიყევით როგორ მოხდა თქვენი ადაპტირება ახალ გარემოში, გაგიჭირდათ?
– მიუხედავად იმისა, რომ პოლონელები ქართველების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან და ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი, მაინც ძალიან გამიჭირდა… ყველაფერი უცხო იყო, ენა, კულტურა, მენტალობა… მზის ქვეშ ადგილის პოვნა უცხო მხარეში მართლა ძალიან რთულია…
– მაგრამ თქვენ ეს მოახერხეთ… როგორ, რის ხარჯზე?
– პირველ რიგში, თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე… ამ ვთაკილობდი არანაირ სამუშაოს, მათ შორის მძიმე, ფიზიკურ შრომას… რამდენიმე წელი ვიმუშავე ასე, ვასრულებდი ისეთ სამუშაოებს, რომელსაც საქართველოში ალბათ ვითაკილებდი, ჩვენთან ხომ სხვა მენტალობაა… თან იცი, რომ შიმშილით არ მოკვდები, მეგულება ნათესაობა, მეგობრები, ნაცნობები, ხალხი, რომელიც გაჭირვებისას ხელს გაგიმართავს, აქ კი… ფაქტობრივად, მარტო ვიყავი და ცოლ-შვილი უნდა მერჩინა, უკან დასახევი გზა, უბრალოდ არ მქონდა…
– საქართველოში რას საქმიანობდით, რა პროფესია გქონდათ?
– პროფესიით ზოოინჟინერი ვარ, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში ვმუშაობდი, სანამ ყველაფერი არ მოიშალა. მერე უკრაინაში წავედი სამუშაოდ რამდენიმე წლით…
– საბოლოოდ, რა პროფესია აირჩიეთ აქ, პოლონეთში და როგორ მოვიდა წარმატება?
– ისე გამოვიდა, რომ თავი ბიზნესში, უფრო ზუსტად კი ნავთობპროდუქტების ბიზნესში ვიპოვე (იცინის). ვარ კომპანიის თანამფლობელი, ჩვენი მთავარი საქმიანობა თხევადი გაზის დისტრიბუციაა. ჩვენი კომპანია “Polish Gaz” უკვე 5 წლისაა, ნორმალურად მიდის საქმეები, არ ვუჩივით (იცინის)… წარმატება კი, ისევ და ისევ დიდი შრომის და ძალისხმევის ხარჯზე მოვიდა.
– ოჯახზე მოგვიყევით, ორი სიტყვით…
– ოთხი შვილი მყავს, 3 უკვე დაოჯახდა, თავიანთ ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ, სახლში მხოლოდ ნაბოლარა გოგო მყავს – კაროლინა 13 წლისაა.
– ვარშავაში მცხოვრებ ქართველებზე მოგვიყევით, ხშირი ურთიერთობა გაქვთ მათთან?
– ბუნებრივია, ქართული ენა, ქართული ჩახუტება რომ მოგვენატრება, ვიკრიბებით, ყველაზე ხშირად რესტორან „თბილისში“… სხვა ქართული რესტორნებიც არის ვარშავაში… ქართული პოლონეთში საელჩო ძალიან დაგვეხმარა, რომ გაფანტული ქართული დიასპორა კვლავ შეეკრა და გაერთიანებინა. ახლა უკვე ხშირად გვაქვს ღონისძიებები, შეკრებები… ვსხდებით და ვუამბობთ ერთმანეთს ჩვენს ტკივილებზე და სიხარულზე… აქ, სამშობლოდან შორს, განსაკუთრებულად გიყვარს შენი ხალხი, ქართული ენაც სულ სხვაგვარად ეფერება ყურს…
აქ ცხოვრობენ ქართველები, რომელთა წინაპრები პოლონეთში, ემიგრაციაში ჯერ კიდევ 1921 წელს ჩამოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თითქმის ერთი საუკუნეა აქ ცხოვრობენ, ქართული სული, ქართული გენი არ დაუკარგავთ.
– ყველაზე მეტად რა გენატრებათ?
– ასე ვერ გამოვყოფ, ყველაფერი მენატრება, ხალხი, მიწა, ყველაფერი ის, რასაც, როცა იქ ხარ, ვერ გრძნობ, ვერ აფასებ სათანადოდ… როცა ნოსტალგია ძალიან მომაწვება, ჩავდივარ ხოლმე, პრინციპში თითქმის ყოველ წელს ჩავდივარ…
– სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?
– სამუდამოდ, ალბათ, ვეღარ დავბრუნდები… აქ, პოლონეთში ჩემი ადგილი ვიპოვე, აქ არის ჩემი საქმე, მეგობრები, ჩემმა შვილებმა აქ გაიდგეს ფესვები… ჩვენ ყოველთვის გვეხსომება საქართველო და ჩვენი ქართველობა, მაგრამ პოლონეთი ჩვენი მეორე სამშობლო გახდა…
გიორგი მიქაძე