საპარლამენტო უმრავლესობამ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატების წინაშე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარადგინა.

პრეზიდენტის ვეტოში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას, მნიშვნელოვნად უარესდება ოპოზიციური პარტიების ჩართულობის საკითხი და არ უზრუნველყოფს კონსენსუსზე დამყარებულ პოლიტიკურ პროცესს, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის, ისე როგორც ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის.

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები 30 მაისს დაამტკიცა. 80 ხმით, ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესი შეიცვალა და ე.წ. “ანტიჩიხური მექანიზმი” დაწესდა.

“საარჩევნო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებებით, თუ ცესკომ გადაწყვეტილება არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით ვერ მიიღო, ცესკოს იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები