„იდუმალება სიცოცხლის ფერია” – მერი მირველაშვილის შუქმფენი სამყარო

ამ ულამაზეს სამყაროს ქალბატონი ქმნის, რომელსაც ცხოვრებამ მკაცრი გამოცდა მოუწყო. დაახლოებით ორიოდე წლის წინ ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა… სათქმელად არის იოლი, ფიქრში კი… წუთით არ შეუწყვეტია ბრძოლა. ამბობს, რომ სიმსივნე არ არის განაჩენი, სიცოცხლის დასასრული. ვინც იბრძვის, ის გადარჩება. სწორედ თურქეთში გამოკვლევების დროს დაინტერესდნენ მისი მხატვრობით და უსასყიდლოდ გამოფინეს მისი ნამუშევრებიც…
გაიცანით მხატვარი და გამომძიებელი – მერი მირველაშვილი.

– დავიბადე 1982 წელს თბილისში, დავამთავრე ორი უნივერსიტეტი, პოლიციის აკადემია, ვარ გამომძიებელი. ბავშობიდან ვხატავ, ვხატავდი ყოველთვის და არასოდეს ვამბობდი, რომ ჩემი დახატული იყო.
– ამბობთ, რომ ხატვა არა მარტო თერაპია, ხალისი და სიცოცხლის სურვილია…
– ყველა ნახატში სიცოცხლეა ჩადებული. ცუდი განწყობით ვერ დახატავ. როდესაც ვხატავ, ჩემთვის გარესამყარო ჩერდება და იქ, ნახატში ვარ მთლიანად სულით და გულით გადასული. ხატვა რთული გრაფიკის შემდეგ განტვირთვის საშუალებაც არის და ნახატებში გადმოცემულია ჩემი შინაგანი სამყარო, ხედვა, ხასიათი, განწყობა და დიდი სიყვარული.
მიყვარს ჩემი ყველა ნამუშევარი, როდესაც ჩემგან მიდის, მინდა, რომ ვისთანაც მიდის, ბედნიერება მიუტანოს.
– საინტერესო ისტორია…
– ინტერნეტსამყაროში რამდენიმე წლის წინ  პირველად დავდე ჩემი ნამუშევარი, რომელიც იყო ლურჯ ფერებში შესრულებული სათაურით – „იდუმალება სიცოცხლის ფერია”. საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია. იყო შემოთავაზება გერმანიიდან, რომ ერთ-ერთი კლინიკის ექიმს უნდოდა ნახატის შეძენა  საკმაოდ კარგ ფასად, მაგრამ ნახატი არ გავყიდე და გაჩუქდა ერთ მშვენიერ ქალბატონზე.
– ხშირად ეწევით ქველმოქმედებას…
– როდესაც პირველი ნამუშევარი გავყიდე, წავედი მაღაზიაში, ვიყიდე ტკბილეული და სიხარულით მიუტანე შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა სახლს, მინდოდა ამ ბავშვების გულები მინიმალურით გამეხარებინა.
ჩემი ოცნებაა, ყველა ჯანმრთელი იყოს და ბედნიერად ცხოვრობდეს ჩემ გარშემო.
– თურქეთში სრულიად უსასყიდლოდ მოგიწყეს გამოფენა…
– როდესაც 2023 წელს კვლევებზე წავედი თურქეთში, იქ გავიცანი საოცარი ადამიანები, რომლებმაც ჩემი ნამუშევრების გამოფენა შემომთავაზეს და ჩემი ნამუშევრები  პერსონალურად  გამოიფინა  „ნაზიმ ჰიქმედის“ სახელობის კულტურის ცენტრში, სრულიად უსასყიდლოდ, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ.

                                                                                                                           თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები