გორის მერი ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ორ სოფელში მოსახლეობას შეხვდა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ორ სოფელში – ქვემო არცევსა და მერეთში ახლადმოწყობილი სტადიონები დაათვალიერეს და მოსახლეობას შეხვდნენ.
სტადიონები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსგან მიღებული გრანტით განხორციელდა.
პროექტის მიხედვით მოედნებზე მოეწყო ხელოვნური საფარი, გარეგანათება, ღობე, შესასვლელი კარი, ფეხბურთის კარები.
სამუშაოების ღირებულება 265 561 ლარია.
გორის მუნიციპალიტეტმა გრანტის სახით 500 000 ჩინური იუანი (190 000 – ამდე ლარი) მიიღო.
პროექტისთვის საჭირო თანხის ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ორივე პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა.