გოგი მეშველიანი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ბოლნისში გაეცნო
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი – გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი მირიანაშვილთან, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ბოლნისში, სოფლებში: რაჭისუბანი, რატევანი, სავანეთი, ქვემო ბოლნისსა და სამწევრისში გაეცნო.
ქალაქ ბოლნისში, გამსახურდიას ქუჩაზე უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე სახლი, დაზარალებულებს ადგილზე გაესაუბრნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
ამ დროისათვის, ნაწილობრივ გაწმენდილია ეზოები, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც აღრიცხავს მიყენებულ ზიანს და უმოკლეს დროში თითოეულ დაზარალებულს გაეწევა შესაბამისი დახმარება. გარდა ამისა, სტიქიამ დააზიანა ბოლნისისა და სოფელ ხატისოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი. სოფელ რაჭისუბანში ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი და მოსახლეობას შემოვლითი გზით უწევს გადაადგილება. ძლიერ დაზიანებულია ე.წ. კუზიანი ხიდი, რის გამოც ადგილობრივები საკარმიდამო მიწის ნაკვეთებთან მისვლას ვერ ახერხებენ.
ამასთანავე, მილსადენის დაზიანების გამო, სამ სოფელს შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება. ქვემო ბოლნისში, ვანკულარის დასახლებასთან საავტომობილო ხიდთან მისასვლელი გზის გამოცლის გამო, მოსახლეობამ სახელდახელოდ ააგო საცალფეხო ხიდი. ასევე სოფელ სავანეთშიც მდინარემ წაიღო საფეხმავლო ხიდი. სოფელ რატევანშიც დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთებთან დამაკავშირებელი ორი ხიდი. რამდენიმე დღე სოფელი სამწევრისი მოწყვეტილი იყო მუნიციპალურ ცენტრთან ხიდის დაზიანების გამო. თუმცა , დღეისათვის გადაადგილება აღდგენილია.
“ადგილებზე მოსახლეობას შევხვდით და მათთან ერთად ვისაუბრეთ ამ რთული ვითარებიდან გამოსვლის გზებზე. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ დროულად იქნეს აღმოფხვრილი არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები”, – აღნიშნა გოგი მეშველიანმა.