იაგო ხვიჩია: სააკაშვილი ხელისუფლებაში ნამყოფი ადამიანია და ბევრს იცნობდა, რა გასაკვირი იყო, რომ ევროპარლამენტში მეგობრები მოეძებნა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას გააკრიტიკებდა

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, არ უკვირს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩანაწერი გაკეთდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ხვიჩიას თქმით, სააკაშვილი ხელისუფლებაში ნამყოფი ადამიანია და ბევრს იცნობს.

„მიხეილ სააკაშვილს რომ მეგობრები ეყოლებოდა საზღვარგარეთ, ეს ხომ გასაგები იყო. ხელისუფლებაში ნამყოფი ადამიანია და ბევრს იცნობდა. შესაბამისად, რა გასაკვირი იყო, რომ ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილს მეგობრები მოეძებნა, რომელიც ხელისუფლებას გააკრიტიკებდა და ამას რაღაცასთან დააკავშირებდა. ამ წუთას ხელისუფლების მიზანია ქვეყნის გადახვევა ევროატლანტიკური სტრუქტურებიდან. „ქართული ოცნება“ ატყუებდა ქართველ ხალხს, თითქოს გულშემატკივარი იყო დასავლეთის და დასავლური ღირებულებების, საბოლოო ჯამში, დავინახეთ, რომ ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რის გამო? რაღაც უაზრო კანონის გამო, რომლის მიღებითაც და არმიღებითაც „ქართული ოცნებისთვის“ წესით, არაფერი შეიცვლებოდა აქამდე, თავად რომ არ დაეწყოთ ეს მაიმუნობები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, სააკაშვილი მარტო ევროპარლამენტარებთან მეგობრობით მოხვდა რეზოლუციაში, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა:

„ეგ ცოტაა? თქვენ გეცოტავებათ, ყოფილ პრეზიდენტთან ვინმე მეგობრობდეს ევროპარლამენტში? რა გასაკვირია? გასაკვირი ის იქნებოდა, სააკაშვილს ქვეყნის გარეთ არცერთი გულშემატკივარი რომ არ ჰყოლოდა. სააკაშვილი რომ დაიჭირეს, ჩვენ, ფაქტობრივად, პირველივე დღეებიდან ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გადაიყვანონ. მაშინ ამაზე „ნაცები“ გვაკრიტიკებდნენ, რადგან აქ არჩევნები უნდა მოეგოთ და „ქოცებს“ სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ. ჩვენ სულ ამ პოზიციაზე დავრჩით. შემდეგ მიშას გულშემატკივრები ჩვენს პოზიციაზე გადმოვიდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენ არ გვინდოდა, სააკაშვილი ყოფილიყო პრობლემა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. მესმის, შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ უნდა და მზადაა, მიხეილ სააკაშვილს გადააყოლოს ამ ქვეყნის ინტერესები, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი გარეთ იქნება თუ შიგნით, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი მგონია უვიზოდ მიმოსვლა, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა და უსაფრთხოება, რომელიც დასავლეთიდან მოდის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა გუშინ რეზოლუცია მიიღო, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებებისა და გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები