პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა, რომლებიც, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

აქციის ორგანიზატორებმა პროტესტის მონაწილეებს სთხოვეს, ხელის აწევით დაეფიქსირებინათ, სურდათ თუ არა გზის სავალი ნაწილი გადაეკეტათ, რაზეც თანხმობის შემდეგ მათ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყებამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობის სიმცირის გამო, გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს.

ამასთან, შსს-ს განცხადების თანახმად, იდენტიფიცირებულნი იქნებიან პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის“ თანახმად, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა აკრძალულია თუ ამას შეკრების მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები