გიორგი კახიანი – აუსტრევიჩუსის განცხადებაზე: საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება და ელჩმა უნდა გააკეთოს განმარტებები

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი კახიანი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებას გამოეხმაურა.

,,იმ განცხადებაზე, რაც ლიეტუვის წარმომადგენელმა ევროპარლამენტარმა გააკეთა, პოლიციის ხელმძღვანელის დასანქცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს.

როგორ შეიძლება ასე აზროვნებდე და ასე მსჯელობდე ევროპარლამენტარი. ეს არის პირდაპირი თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუციაზე და ერთგვარი ძალადობის წახალისებაც. ინსტიტუცია, რომელიც იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, წესრიგს და უზრუნველყოფს რომ შეკრებები, რომელიც იმართება, კანონის ფარგლებში ჩატარდეს, რატომ უნდა მოგივიდეს ასეთი რამ, რომ ამ ინსტიტუციის ხელმძღვანელის დასანქცირებაზე ისაუბრო, ჩემთვის წარმოუდგენელია.

ასეთი განცხადებების უბრალოდ გატარება არ შეიძლება. ჩემი აზრით, ამას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება და ელჩმა უნდა გააკეთოს განმარტებები, რატომ ხდება მათი წარმომადგენელი ევროპარლამენტარების მხრიდან თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუციებზე“, – განაცხადა კახიანმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა გუშინ განაცხადა: “მივმართავ ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ შემოიღონ წერტილოვანი სანქციები ქართველი პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დევნას ახორციელებენ. კერძოდ კი, ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ. ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები