პროკურატურაში შესული საქმეები, რის გამოც შესაძლოა დავით კირკიტაძე დააკავონ

  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთავარ პროკურატურას 20-ზე მეტი საქმე გადაუგზავნა, რომლებიც ცალკეული ხასიათის დარღვევებს, მათ შორის საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებს, ასევე კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის კანონის დარღვევას და სხვა მშენებლობების ნორმებისა და წესების დარღვევის საკითხებს ეხება.
გაზეთმა „ალიამ“ სამინისტროდან პროკურატურაში გადაგზავნილი საქმეების შესახებ სტატია გამოქვეყნა, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ კონკრეტული საჯარო მოხელეები პირადი ინტერესის სასარგებლოდ უკანონოდ აწარმოებდნენ მშენებლობას. მაგალითად, „ჰიუნდაი ავტო“ საქართველოს მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდი საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე, ღერძიდან 31 მეტრისა და 55 მეტრის დაშორებით განთავსებული შენობა-ნაგებობა უკანონოდ არის აშენებული და მის მშენებლობაზე გზების დეპარტამენტს თანხმობა არ გაუცია. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილებით აღნიშნულ მონაკვეთზე შენობა-ნაგებობების განთავსება აკრძალული იყო, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის მხრიდან „ალიას“ განცხადებით, მოთხოვნილი იქნა, რომ გაცემულიყო ობიექტის აშენების ნებართვა. გაზეთის ინფორმაციით, დოკუმენტიდან ჩანს, რომ კირკიტაძის მოწადინებით, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ოქტომბრის №1903 განკარგულებით მონაკვეთი, სადაც „ჰიუნდაი ავტო“ საქართველოს ავტოსალონი უნდა განთავსებულიყო, ამოღებულ იქნა დაწესებული შეზღუდვიდან.1898991_10151976829874779_816710768_n
მორიგი დოკუმენტიდან კი ირკვევა, რომ რუისი-აგარის კმ95-კმ114 მონაკვეთზე დაგეგმილი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის არეალში (ბუფერში) საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 3 ივლისის №03/ 07/04 და 2012 წლის 28 სექტემბრის №28/09/01 განკარგულებების საფუძველზე, 2012 წლის ივლისსა და 2012 წლის ოქტომბერში ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკებზე: ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მთიანეთის რეგიონული სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსის მოადგილის ოჯახის წევრებზე განხორციელდა 23,5 ჰექტარი მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით კვადრატული მეტრის 7 თეთრად პრივატიზება. აღნიშნული პირები კი ამჟამად ითხოვენ კომპენსაციას იმის გამო, რომ თავის დროზე მათ უკანონოდ მისცეს მიწის ნაკვეთები. ამჟამად ამ ტერიტორიაზე ავტომაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს.
„ალიასთვის“ სამინისტროს მხრიდან მიწოდებული კიდევ ერთი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჩაიდინეს კანონდარღვევა, რაც გულისხმობს საქართველოს ბუფერულ ზონებში სხვადასხვა ფირმისთვის ობიექტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას და, ასევე, ბუფერულ ზონებში არსებული მიწის ნაკვეთების გასხვისებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2012 წლის 10 ოქტომბერს კირკიტაძემ ვანო მერაბიშვილს მისწერა: „საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებით, საქართველოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, რომლებზეც ხორციელდება რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები, შეზღუდულია მიწის ნაკვეთების გასხვისება და სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე დამტკიცებულია პროექტი და გამოვლენილია სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაცია“, – წერდა დავით კირკიტაძე ვანო მერაბიშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები