„ვიდრე ჩაქრება თვალებში შუქი“ – პოეტი ფოთიდან, რომელსაც ისტორია და ისტორიული გმირები ბავშვობიდან უყვარს

ფოთში დაიბადა.   2004 წელს  დაამთავრა თბილისის 166ე სკოლა. 2008 წელს კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის განხრით.  დაამთავრა მაგისტრატურაც.
გამოცემული მაქვს 2 პოეტური კრებული. 2011 წლიდან  საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრი.
ამბობს, რომ მისი შთაგონების წყარო ისტორიაა. დიდი  გავლენა კი ლადო ასათიანის პოეზიამ მოახდინა. – პოეტ ოთარ რურუას პერსონა.
– ჩემი ბავშვობის წლებიდან პირველ რიგში გავიხსენებ ჩემს პირველ სიყვარულს, რომელსაც ანა ჰქვია და რომელიც დღემდე მიყვარს. პირველი სიყვარული დაუვიწყარია.
ბავშვობაში საესტრადო სიმღერებსა და ქართულ ნაციონალურ ცეკვებზე დავდიოდი. ასევე ვთამაშობდი სპექტაკლებში ფოთის კულტურის სახლში.
– ისტორია და ისტორიული გმირები ბავშვობიდანვე გიყვარდათ. მაგრამ რატომღაც სამართალმცოდნეობის განხრით გააგრძელეთ სწავლა… რატომ სამართალი?
– მართალი ბრძანდებით, ისტორია და ისტორიული გმირები ბავშვობიდან მიყვარს, მაგრამ სპეციალობად სამართალმცოდნეობა ავირჩიე, ალბათ იმიტომ რომ კანონები მცოდნოდა, სამართალი ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
– სტუდენტობის წლები…
– სტუდენტობის დროს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ-სტუდია „მოდი ნახე“-ში ვმოღვაწეობდი, სტუდენტობის შემდეგაც დავყავი თეატრში რამდენიმე წელი.
– 2005 წლიდან დაიწყეთ ლექსების წერა. ალბათ ჩვენი ისტორია იყო შთაგონების წყარო?
–  ჩემი შთაგონების წყარო ისტორია იყო. ჩემზე გავლენა ლადო ასათიანის პოეზიამ მოახდინა.
– ცხოვრება – ლექსამდე და ლექსის შემდეგ?
– სანამ ლექსის წერას დავიწყებდი, ცეკვა მხიბლავდა, მაგრამ ცეკვას არ გავყოლივარ. ლექსის შემდეგ ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო გახდა. ბევრი კარგი და საინტერესო ადამიანი გავიცანი – პოეტები, მუსიკოსები.
– უმეტესად ისტორიულ თემებსა და სამშობლოზე წერთ. როგორ მოდის მუზა? რა არის შთაგონების წყარო?
– სიტყვები თავისთავად მოდის გონებაში, წინასწარ არ ვემზადები წერისთვის. გონებაში აღბეჭდილი სიტყვები ფურცელზე გადამაქვს.
–  საინტერესო ამბავი…
– 2010 წლის გაზაფხულზე – 9 აპრილის ტრაგედიიდან 21 წლის შემდეგ, გადავწყვიტე, მეც დამეწერა ლექსი ამ თემაზე, მოკლე ან გრძელი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მხოლოდ ერთი სტროფი მომაფიქრდა, ეს ერთი სტროფი პირველად დედაჩემს წავაკითხე (ჩემი ლექსების პირველი შემფასებელი დედაჩემი იყო). რომ წაიკითხა, ასე მითხრა: აღარ გააგრძელო, ამ ერთი სტროფით უკვე ყველაფერი თქვიო. მოგვიანებით ეს ლექსი ერთ-ერთ ლიტერატურულ საიტზე გამოვაქვეყნე და 90-ზე მეტი კომენტარი დააგროვა. აი, ეს სტროფიც:
…და გაისმოდა მუსიკა ქარში,
ყველა ტაძარში სანთლები ენთო.
ვაი, რაღა ვთქვა… ოთხმოცდაცხრაში
ჩვენ გაზაფხული მოგვიკლეს, ღმერთო.
– დედა თქვენთვის უძვირფასესია. ლექსით ინახავთ დედის ხსოვნას…
დედა ჩემთვის უძვირფასესი პიროვნება იყო და და რჩება დღემდე. სანამ ცოცხალი მყავდა, მხოლოდ ერთი ლექსის დაწერა მოვასწარი მასზე. დედის გარდაცვალების მერე დამიგროვდა დედაზე ლექსები. დედის ხსოვნისადმი პატივისცემას ლექსით გამოვხატავ, გულით ვატარებ. დედასთან ჩახუტებული ვიძინებდი და ვიღვიძებდი.
– რატომ მოახდინა „დიდოსტატის მარჯვენამ“ დაუვიწყარი შთაბეჭდილება?
– ბრძნული აზრების გამო… თანაც ისტორიულ პიროვნებებზე ნაწარმოებების კითხვა ბავშვობიდან მიყვარს. კონსტანტინე გამსახურდიამ ამ ნაწარმოების მიხედვით ლექსების მთელი ციკლი შექმნა.
– „ჩვენ ოთხმოციანელთა თაობის წარმომადგენლები ვართ! – იმ ოთხმოციანელთა, რომელთაც ბავშვობა წაართვეს, რომელთაც ომების მეტი არაფერი უნახავთ“… – წერდით ერთ სტატუსში.
როგორც იმ თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი (როცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ზენიტში იყო), რა პარალელებს გაავლებდით ახლანდელ თაობასთან?
– იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც ომების მეტი არაფერი უნახავს. მე იმ დროს დავიბადე, როდესაც ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იწყებოდა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით. სამწუხაროდ, ბატონ ზვიად არ აცალეს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვა, სამხედრო გადატრიალება მოუწყვეს, რის შედეგადაც დაიწყო ეგრეთ წოდებული ,,სამოქალაქო ომი“, შემდეგ აფხაზეთის ომი, შემდეგ იყო კიდევ ერთი – აგვისტოს ომი.
რაც შეეხება ახლანდელ თაობას, ნაკითხი და განათლებული თაობა მოდის. თაობა, რომელიც ბევრ სარგებელს მოუტანს საქართველოს.
– ისტორიული გმირი, რომელსაც მიბაძავდი…
– სიამოვნებით მივბაძავდი გიორგი სააკაძეს.
– როგორც პოეტს, რა გაღელვებთ დღევანდელ საქართველოში?
– როგორც პოეტს, მაღელვებს, რომ ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია.
– ფოთი… რას შეცვლიდით ფოთში, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?
– ფოთი ჩემი მშობლიური ქალაქია. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ფოთს სიმწვანეში ჩაფლულ ქალაქად ვაქცევდი.
– ინტერნეტსივრცეში მომრავლდნენ ლექსის პლაგიატორები… როგორ უნდა დაიცვა თავი მათგან?
– მართალი ბრძანდებით. დღეს ინტერნეტსივრცეში მომრავლდნენ ლექსის პლაგიატორები. ჩემი აზრით, მათ უნდა მივუთითოთ იმ ავტორების წიგნების დასახელებები და ბმულები, რომელთა ლექსებსაც ითვისებენ. თავის დასაცავად. ასევე არსებობს საავტორო უფლებათა ასოციაცია.
– ჰობი ჭადრაკია… კიდევ?
ჭადრაკი ჩემი ჰობია. ჩემი ჰობია, ასევე, ცეკვაც.
ორი კრებულის ავტორი ხართ… 
– ვფიქრობ, პირველი კრებულის გამოცემის შემდეგ უფრო დავიხვეწე. უფრო  დახვეწილი გამიხდა ხელწერა.

– ერთი ლექსი…
–   *  *  *
ჩემთვის გმირია ბერი თევდორე,
ვაქებ ცოტნეს და ბაგრატიონებს,
ვარ იმ გმირების თანამედროვე,
აფხაზეთში რომ მაგრად იომეს.

ჩემთვის გმირია მერაბ კოსტავა,
სამშობლოსათვის ნამსახურია,
ზვიადს მამულის მადლი მოსავდა,
ნათელში იყოს გამსახურდია.

ახლა შარტავაც უნდა ვახსენო
და მასთან ერთად გაბესკირიაც,
მათ სანთლებს ვუნთებ, სანამ ვარსებობ,
წყალობას შევსთხოვ: ნანას, მირიანს.

დედა ქეთევანს – კახთა დედოფალს
ვუქებ სიმტკიცეს, რწმენას, მოდგმასაც,
წრფელი მადლობა ყველა ეპოქას,
გუბაზს, ფარნავაზს, ვახტანგ გორგასალს.

მე მოწამეთას მიწაზე ვდგავარ,
სული ტრიალებს არგვეთელ ძმების,
მათ არ სჩვევიათ უკან დახევა
და ქარქაშებში ჩაგება ხმლების.

იყო შინდისი, ცხრა აპრილი და
იყო წლების წინ ბრძოლა ტამიშის,
დღეს ჩემშიც ცოცხლობს ყველა გმირი და
ქვეყნის სიყვარულს ვერვინ დამიშლის.

ფეხზე ვუდგები სამას არაგველს,
მარაბდის ველზე დაცემულ ცხრა ძმას,
დედა ღვთისმშობლის კალთა ჰფარავდეს
ამ საქართველოს – სალოცავ ტაძარს.

არ შემიძლია – მეც არ ვახსენო
სააკაძეთა გვარი, ბუნება,
ჩვენი ქვეყანა დღეს რომ არსებობს,
არის იმათი დამსახურებაც.

ქართველი თუ ხარ, არ გქონდეს შიში,
შეინარჩუნე შენი ზნეობა,
დღემდე მაოცებს მხარგრძელთა ჯიში,
ახალციხელთა მხიბლავს მხნეობა.

მტკივა ობლობა ვაჟას შვლის ნუკრის,
წყაროს წყალს ვასმევთ ქორბუდა ირმებს…
ვიდრე ჩაქრება თვალებში შუქი,
თავს ვხრი და ვამბობ: დიდება გმირებს!

–  სამომავლოდ….
სამომავლო გეგმაა –  დაოჯახება…

                                                                                                           

                                                                                                                       თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები