რატომ არ უყვარდა გიორგი დანელიას ჟან-პოლ ბელმონდო
საბჭოთა კავშირში კინოზე ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდნენ, მაგრამ, აი, ავტომობილები კი ჭირდა… ამიტომაც, ხანდახან კინემატოგრაფებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ, რათა თავიანთი მხატვრული ჩანაფიქრის რეალიზება მოეხდინათ.
ფილმის – „ცრემლები ცვიოდა“ – გადასაღებად „ზაპოროჟეცი“ იყო საჭირო. ამ ავტომობილით, ფილმის გმირი გუბეზე დგება და ორმოში ვარდება. გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა, ავტომობილი მეორადი მანქანების მაღაზიაში ეყიდა, გადაღების შემდეგ მოეწესრიგებინა და უკან ჩაებარებინა. მათ უთხრეს, რომ ამისთვის „მოსფილმის“ დირექტორს წერილი უნდა გაეგზავნა მეორადი ავტომობილების მაღაზიის დირექტორისთვის.
წერილი გააგზავნეს. მაღაზიის დირექტორმა განაცხადა, რომ ის ასეთ საკითხებს არ წყვეტდა და ეს საკითხი ფინანსთა მინისტრს უნდა გადაეწყვიტა. მაშინ „ზაპოროჟეცზე“ ორწლიანი რიგი იყო. შემდეგ წერილი მინისტრის სახელზეც დაწერეს, მაგრამ იფიქრეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ამ წერილს მინისტრს პირადად დანელია მიუტანდა. მაშინ ფილმს კალუგაში იღებდნენ. კალუგადან სამინისტრომდე გზა სამ საათს შეადგენდა.
ორშაბათი დანელიამ დასვენების დღედ გამოაცხადა და მინისტრთან წავიდა. მინისტრმა ის მიიღო, ნახა წერილი და თქვა, რომ ვერაფრით დაეხმარებოდა და ვაჭრობის მინისტრთან გადაამისამართა. დანელია კალუგაში დაბრუნდა.
სასტუმროს მოპირდაპირედ, სადაც გადამღები ჯგუფი ცხოვრობდა, იყო კინოთეატრი, რომელშიც, ბელმონდოს მონაწილეობით, ფრანგულ ფილმებს აჩვენებდნენ. იმ საღამოს დანელია კინოში წავიდა. ფილმში მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო, არაჩვეულებრივი თეთრი მანქანით, ან თავად გარბოდა ან პირიქით – ვიღაცას მისდევდა. გზად სამ მანქანას დაეჯახა და თავისიც დალეწა.
ახლა წერილი ვაჭრობის მინისტრს მისწერეს. ჩინოვნიკთან მივიდნენ დათქმულ დროს. მინისტრი ადგილზე არ იყო, მაგრამ მდივანმა თქვა, რომ ის საკითხს გაეცნო და სამწუხაროდ, ვერაფრით დაეხმარებოდა, ვინაიდან ამ საკითხს „მოსსაბჭო“ განაგებდა.
დანელია კალუგაში დაბრუნდა და ისევ კინოში წავიდა. ფილმში პოლიციელი ჟან-პოლ ბელმონდო თავისი მანქანით დამნაშავეს მისდევდა. მან ავტობუსს გზა ჩაუჭრა, რომელიც შემდეგ შემხვედრ ზოლზე გადავიდა და დაახლოებით, 20 მანქანა დალეწა, თანაც ყველა უცხოური ბრენდის…
ამჯერად წერილი „მოსსაბჭოს“ თავმჯდომარეს, პრომისლოვს მისწერეს. მან თარიღი დათქვა. დანელია მოსკოვში წავიდა. პრომისლოვმა ის მიიღო და განაცხადა, რომ ძალიან უყვარს ფილმი „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში“, მაგრამ ვერაფრით დაეხმარებოდა, რადგან ამ საკითხს სსრკ-ის მინისტრთა საბჭო განაგებდა.
კალუგაში დაბრუნების შემდეგ დანელია კვლავ წავიდა კინოში. ფილმში ბელმონდო, მდიდრული იახტით, ნაპირზე „გამოხტა“, შევარდა ავტომობილების სალონში და „როლს-როისების“ ლეწვა დაიწყო. დანელიამ ვერ გაუძლო და წავიდა.
„ზაპოროჟეცი“ მაინც ვერ იყიდეს, თუმცა ასე გამოძვრნენ: დაიყოლიეს ხმის ოპერატორი ჟენია ფიოდოროვი, გადასაღებად თავისი ახალი „ზაპოროჟეცი“ ეთხოვებინა.