ხატვა 3 წლის წინ დაიწყო. მანამდე ალბათ ვერც მოიფიქრებდა, თუ დადგებოდა დრო და ხატვა მთელი არსებით შეუყვარდებოდა. მის ცხოვრებაში მომხდარმა ერთმა მოულოდნელმა შემთხვევამ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
თვითნასწავლი მხატვრის – თინათინ თოიძის პერსონა.
– თოიძეების ოჯახში გაიზარდეთ, თუმცა მოგვიანებით, უკვე დაოჯახებული იყავით, რომ შეიტყვეთ სხვა მშობლების შესახებ…
– გავიზარდე თოიძეების ოჯახში, მამაჩემი მოსე თოიძის ნათესავი იყო, მაგრამ არ ხატავდა. დედა პროკურორი იყო – სანდომიანი, კარგი ადამიანი, მათ გამზარდეს სამი დღიდან. ნამდვილი მშობლები კი მოგვიანებით ვიპოვე…
როგორც აღმოჩნდა, წარმოშობით მესხეთიდან ვარ, გვარამაძის შთამომავალი, „ვინმე მესხი“ ხომ გაგიგიათ? საზოგადო მოღვაწე იყო, იმათი შთამომავლები არიან გვარამაძეები და ჩემი გენეტიკური კოდიც იქიდან მოდის. ჩემი ბიოლოგიური დედა კი სოფელ ვალედან არის, ჩიტაშვილის გვარის.
ჩემს თავს გადახდენილი ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ შევიტყვე, როდესაც უკვე შვილიშვილი მყავდა. დედა და მამა აღარ იყვნენ ცოცხლები და ოჯახის წევრებიდან მე, ჩემი მეუღლე და სამი შვილი დავრჩით. როგორც დედისერთამ, ვინატრე და-ძმა. სწორედ მაშინ მოხდა საოცრება, მესინჯერში მომწერეს, რომ ჩემთან შეხვედრა სურდათ… და სწორედ ისინი აღმოჩნდნენ ჩემი და-ძმა.
ისტორია კი ასეთი იყო: ჩემი ბიოლოგიური დედა და მამა ოფიციალური ცოლ-ქმარი ყოფილან, მაგრამ ორსულობის დროს ოჯახი დაიშალა და რაღაც პრინციპებს მე შევწირვივარ. ბებიებმა გადამიწყვიტეს, რომ მე უნდა გავეშვილებინე, რადგან თურმე მათი შვილი სხვანაირად ბედნიერი ვერ იქნებოდა?!
დედა მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი იყო და ოჯახის წინააღმდეგ ნაბიჯი ვერ გადადგა. ისეთ ადამიანს გადასცეს ჩემი თავი, არც იცოდნენ, ვინ იყო. ჩემი კვალი კი დაკარგეს… გავიდა ხანი და და-ძმის წყალობით მაინც მიპოვეს…დედა არ იყო საქმის კურსში. როცა აცნობეს, მისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. ბებია კი, რომელმაც გამაშვილა, ლოგინად იყო ჩავარდნილი, მომესწრო, მნახა და ჩამეხუტა… ჩემმა ოჯახმა, შვილებმა და-ძმამ მითხრეს, რომ ჩვენ გარდა მყავდა კიდევ სამი ძმა, ვარ გვარამაძე და ისინიც მეძებდნენ. ახალციხეში გვარამაძეები რაბათელები არიან, მამაჩემი კიდევ ახალციხის კოლორიტად ითვლებოდა, უცებ აღმოვჩნდი 13 ბავშვის დეიდა და მამიდა, საერთო ჯამში, ნახევარი და-ძმები ვინც მყავს, 6-ნი გამოვდივართ, და პლუს – დიდი სანათესავო….
გავიზარდე ფუფუნებაში, დედაჩემი იყო სოფიკო თოიძე – ცნობილი იურისტი, ძალიან კარგი ადამიანი, 56 წელი მუშაობდა ძალოვანებში, ნიჭიერი და ძალიან დაფასებული იყო.
მამა 12 წლისას გარდამეცვალა, დედა გვერდით მომყვებოდა, შვილები დამაზრდევინა, მზრუნველი და თბილი ადამიანი იყო. ჩემი ბიოლოგიურმა დედა კი, რომელმაც ოჯახის წინააღმდეგ ნაბიჯი ვერ გადადგა, მთელი ცხოვრება იტანჯებოდა, დღემდე დეპრესიაშია და ძალიან განიცდის მომხდარს.
– ეს ამბავი, ბუნებრივია, ემოციურად იმოქმედებდა თქვენზე…
– რამდენადაც სასიხარულო იყო ის ინფორმაცია, რომ ამდენი და-ძმა, ამდენი ხალხი ერთბაშად შევიძინე, ძალიან დიდი ტრავმა მივიღე. ტექნიკური განათლება მაქვს მიღებული, არც ვწერდი, ფუნჯიც არ მჭერია ხელში… ერთი სიტყვით, რაღაც ძალამ დამაწყებინა წერა, მეღვიძებოდა და ვიწყებდი ლექსების წერას. ფეისბუქზე ვდებდი, მინდოდა გული გამესუფთავებინა. ამ ყველაფერმა მიმკურნალა და, საბოლოო ჯამში, მესხეთსაც მივუძღვენი ლექსი.
– შემდეგ ხატვაც დაიწყეთ… გაგიტაცათ ფერებმა…
– ერთი წელი ვხატე ფურცლებზე, მერე მირჩიეს ტილოზე გადასვლა. მერე შემთხვევით ავიღე ფუნჯი დავიწყე ხატვა, ფერების აღმოჩენა, და მესიამოვნა. ბრმად მოვკიდე ფუნჯს ხელი, ფერების შეზავება არ ვიცოდი და იმხელა ჟინი მქონდა, მაინც დავიწყე ხატვა. მერე მირჩიეს ტილოზე გადასვლა. არცერთი მხატვრისგან არ მიმიღია შეგნებულად რჩევა-დარიგება, თუმცა კი მქონდა შემოთავაზებები მასტერკლასის თაობაზე, რადგან მინდოდა, ჩემი ინდივიდუალიზმი ასე გამომეხატა.
რასაც ვქმნიდი, ფეისბუქზე ვდებდი, ჩემი მეგობრების და იმათი მეგობრების მხრიდან დაინტერესება გამოიწვია. 4 ათასი ხელმომწერი გამიჩნდა, ახლა 4 ათასი მეგობარი და უამრავი მიმდევარი მყავს. ბოლოს გამოფენამდეც მივედი, დამიმეგობრდა მრავალი მხატვარი.
ადრე მამაჩემი ირაკლი თოიძე რომ მიხატავდა რაღაცას, გაფერადება მიყვარდა, სკოლაში მიღებული ხაზვის გაკვეთილიდან წამოღებული ცოდნის გარდა, ხატვასთან მეტი შეხება არ მქონია. მათემატიკოსი ვარ და დღემდე ბავშვებს ვამეცადინებ. უმაღლესი ტექნიკური განათლება მაქვს. ნამცხვრების ბიზნესი მქონდა, ამჟამად ვმუშაობ აღმზრდელად, ვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში და ვაძლევ საფუძველს ტექნიკურ და ზოგად განათლებას დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს.
– ხელოვნებამ შემოქმედებითი ნიჭი გააღვიძა თქვენში…
– ხელოვნების როლი ის არის, რომ ახლიდან დავიბადე ხელოვნებასთან ერთად. როგორ განწყობაზეც ვარ, იმ ჟანრში ვხატავ. მიყვარს სიფერადე… სიურეალისტური პეიზაჟები, აბსტრაქციები… რამდენიმე გრაფიკული ნამუშევარიც მაქვს, მაგრამ ბევრი მუშაობა მჭირდება მაგ კუთხით, უფრო საღებავი შემიყვარდა – აკრილი, აკვარელი.
– გამოფენებშიც მონაწილეობთ…
– პირველ გამოფენაზე გამოვიტანე „სამება“. მე ასე ვფიქრობ, რომ მართლაც სამების ერთობლივი ძალა, საკუთარ თავში მოძიებული ღმერთი, წმინდა სული კეთილშობილებით ამარცხებს ბოროტებას… ნახატი რომ გაადიდოთ, ნახავთ, ბოროტი ძალა გასხივოსნებით როგორ არის დამარცხებული. ეს სურათი ინტერნეტსივრცეში არაერთგან დავდე და მითხრეს, რომ ეს უფრო იმას ჰგავს, საიდან მოვდივართ და საით მივდივართო. გამოფენაზეც ჩემთან არაერთი ადამიანი მოვიდა, ყველა თავისებურად აღიქვამდა.
კიდევ აპოკალიფსის ომი დავხატე, ისიც ძლიერი ნახატია, ალბათ იმასაც ყველა თავისებურად აღიქვამს, ბევრი დამაფიქრებელია შიგნით ჩადებული.
რაღაც ძალა მეხმარება. სანამ ხატვას დავიწყებ, ღმერთს ვთხოვ, რომ გამიხსნას გონება. წინასწარ მადლობას ვუხდი ამ ყველაფერისთვის და შთაგონებით ვაკეთებ.
მაქვს 600-მდე პეიზაჟი. ზოგი დარიგებული, ზოგი აღარ მომწონს და გადავყარე, თუმცა იმხელა ემოციით დავხატე, ალბათ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.
დიანა და ნინო რევაზიშვილების მიერ დაფუძნებულ „თავისუფალი სივრცის“ არტ გალერეაში წარვდექი სამი ნახატით.
ხელოვანი მეგობრების დახმარებით, ნინო რეხვიაშვილის ჟურნალში „ნიჭიერების კვალდაკვალ“ დაიბეჭდა ჩემი ნახატები. ასევე, ჩემი ლექსი მესხეთის ისტორიაზე, რომელიც ინტერნეტითაც მრავალმა გააზიარა, მესხებმა გამიცნეს, უფრო მეტად შევუყვარდი და ამ ყველაფერში ხელოვნება დამეხმარა.
ამავე გუნდის დახმარებით სხვა 43 მხატვართან ერთად კიდევ ორი ნახატით წარვდექი აბსტრაქციაზეც.
გადმომეცა სერტიფიკატები, მომეცა წარდგენილი ნახატების ყიდვით დაინტერესების შანსი. ასევე ადგილზე დაგვირიგეს საღებავები და ტილოები. მონაწილე მხატვრებმა დაახლოებით 40 წუთში ერთ საათში შევქმენით ნახატები. დავხატე „თავისუფალი სივრცე და ოქროს ადამიანები“. ნახატზე ნათლად ჩანს ზემოთ მიმავალი ოქროსფერი ადამიანები.
– ჰობი და გეგმები…
– ჰობი მრავალნაირი მაქვს, ხატვა და წერა, რომელიც უკვე იქცა ჩემი ახალი საინტერესო ცხოვრების ნათელ გზად.
სამყარო, სადაც ვარ, მარტო ჩემს თავთან და ვქმნი. ცხოვრებაა ჩემი ჰობი, ძალიან საინტერესო, სათავგადასავლო ჟანრის ორტომეული. ასე ვუწოდებ ჩემს თავგადასავალს.
სამომავლოდ მინდა გამოფენების მოწყობა და წიგნის გამოცემა, ჩემი 400 ლექსითა და ნოველებით. ხელოვნებამ დამაძლევინა ცუდი განწყობა, გადამარჩინა და ჩემში გარდატეხა მოახდინა. ის უძილო ღამეები, რომლებიც შეიძლებოდა დეპრესიაში გამეტარებინა, გავატარე წერაში, დავწერე ნოველები, ლექსები… ამ ყველაფერს სხვა სამსახურთან შეთავსებით ვაკეთებ, ხატვაში მთელ ღამეს ვჭრი, უძინარი მივდივარ სამსახურში, პლუს ოჯახი მყავს, შვილები, შვილიშვილი.
ხელოვნებამ იმხელა სასწაული მოახდინა, რომ დღეს არანაირ დეპრესიაში აღარ ვარ.
მიყვარს ის ნაცნობ-უცნობი ხალხი, რომლის ყურადღებამ და შეძახილმა, მათმა სიყვარულმა ბევრი რამ შემაძლებინა.
მიყვარს ჩემი გამზრდელი დედ-მამა, თავზე რომ გადამყვნენ, თავი შემომწირეს, ბებია, დეიდა-მამიდა. მათი მემკვიდრეც და მათი მესაფლავეც ვარ. მათი მომგონებელიც.
მიყვარს ჩემი შვილები და შვილიშვილი;
მიყვარს ჩემი ახლად აღმოჩენილი და-ძმები, მათი შვილები, ბიცოლები და ბიძები. დეიდა და მათი მრავალრიცხოვანი დიდი ლამაზი მშრომელი ნიჭიერი განათლებული წარმატებული ოჯახები.
მიყვარს ბიოლოგიური მშობლები, მამაც, რომელიც არასოდეს მინახავს, ვერ მომესწრო, მაგრამ საფლავიდან ღრიალებს – არჩილ გვარამაძე, და დედა, რომელიც სულ იცრემლება.
მე ვიტყოდი: ბედნიერ ვარსკვლავზე დავიბადე, მადლობელი ვარ ღმერთის.
თუ წავედი მესხეთში აღდგომის დღესასწაულზე, სანთელს დავუნთებ ბებიას, რომელსაც მოვესწარი, მოინანია და ასე გამოვიდა, ვინც თავისი შვილის კი არა, რეალურად ჩემი ბედნიერება ისურვა.
თამარ შაიშმელაშვილი