„პუტინის ბედი შესაძლოა კიევის ცივ ქუჩებში უფრო გადაწყდეს, ვიდრე სოჭის ფაფუკ ფერდობებზე“

  „ცარ“ ვლადიმირის ილუზიები – ამ სათაურით საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტატიას მსოფლიოს წამყვანი გაზეთი “New York Times” სარედაქციო გვერდზე აქვეყნებს. ექსპპრეზიდენტი წერილში სოჭის ოლიმპიადაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თავის დროზე, როდესაც რუსეთმა სოჭში ოლიმპიადის ჩატარების უფლების მოპოვებაზე განაცხადა პრეტენზია, საქართველომ ამას დიდი ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი. სააკაშვილი განმარტავს, რომ მაშინ საქართველოს ხელისუფლებას ეგონა, რომ ოლიმპიადა სოჭში, მშვიდობასა და ურთიერთობათა გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს. თუმცა ნაცვლად ამისა, ოლიმპიადის მასპინძლობის მოგებიდან რამდენიმე თვეში რუსეთი საქართველოში შეიჭრა. მისივე თქმით, უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში საქართველო უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება ვიდრე რუსეთი.
ექსპრეზიდენტის წერილის თარგმანს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის პირად გვერდზე განთავსდა, “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“მაშინ, როდესაც სოჭში ოლიმპიადა იწყება, რუსეთის მოკავშირე უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად გამოსულ დემონსტრანტებს არბევს და ტყვიებს უშინებს.
იმის შემხედვარე, თუ როგორ ემზადება მსოფლიო „ცარ“ ვლადიმირის დიადი მმართველობის საზეიმოდ, ვერ გაამტყუნებ მას, ვინც მიიჩვევს, რომ ავტოკრატიის ტრიუმფის და დემოკრატთა უკან დახევის ჟამი დამდგარა.
მაგრამ, ნუთუ სოჭის ოლიმპიადა, მართლაც, ადასტურებს იმას, რომ ნავთობით გაჟღენთილი პუტინური ავტორიტარიზმი რეგიონის ერთადერთი მოდელია, რომელსაც ბედნიერება და წარმატება მოაქვს ხალხისთვის?
ჩემს სამშობლოს, საქართველოს, თითქმის არ აქვს ნავთობი, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი სწორედ ამაში შეიძლება მოვძებნოთ. უკანასკ,ნელი ცხრა წლის განმავლობაში საქართველო უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება ვიდრე რუსეთი. ორი წლის წინ, ჩემი ინიციატივით ცალმხრივად გავაუქმეთ ვიზები რუსეთთან. მას მერე ორ მილიონზე მეტი რუსი ესტუმრა საქართველოს. ეს, ძირითადად, საშუალო ფენის ვიზიტორები, რომლებიც უფრო მდიდარი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, გაცილებით უკეთესი ინფრასტრუქტურითა და მომსახურეობით აღფრთოვანებულნი არიან საქართველოთი. როგორც წესი, ეს საპირისპიროდ ხდება ხოლმე: ასეთი აღფრთოვანების საძიებლად ადამიანები უფრო ღარიბი ქვეყნებიდან მდიდარ სახელმწიფოებში მიდიან.
რუს ვიზიტორთა უმრავლესობას, უჭირს იმის დაჯერება, რომ პატარა, ოდესღაც გაპარტახებულმა, კრიმინალთა საბოგინოდ ქცეულმა მეზობელმა, რეალობად აქცია ახალი ქალაქები, თანამედროვე არქიტექტურა, სუფთა და უსაფრთხო ქუჩები.
საიდუმლო მარტივია. მიუხედავად ნავთობის უქონლობისა, საქართველოს შესწევს უნარი, რომ საკუთარ მოსახლეობასა და მსოფლიოს შესთავაზოს ის, რაც რუსეთს არ ძალუძს. იგი ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიო რეიტინგში მერვე ადგილზეა, მაშინ როდესაც რუსეთი 92-ე ადგილს იკავებს.
თანამედროვე რუსეთი დაბეჩავებულია კორუფციისა და კრიმინალის მაღალი დონით, საქართველო კი, ევროკავშირის მიერ სისტემატიურად მიიჩნევა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე არაკორუმპირებულ და უსაფრთო ქვეყნად, რომელიც რამდენჯერმე აღემატება რუსეთის მაჩვენებლებს ამ საკითხში.
თუ გსურთ, გაიგოთ განსხვავება პუტინის სისტემასა და გახსნილ დემოკრატიას შორის, ერთმანეთს უნდა შეადაროთ შავი ზღვისპირეთში, ქალაქ სოჭის მახლობლად არსებული ორი რეგიონი: აფხაზეთი და აჭარა.
თავის დროზე, როდესაც რუსეთმა სოჭაში ოლიმპიადის ჩატარების უფლების მოპოვებაზე განაცხადა პრეტენზია, საქართველოში ამას დიდი ენთუზიაზმით დავუჭირეთ მხარი. გვეგონა, რომ ოლიმპიადა სოჭაში, მშვიდობასა და ურთიერთობათა გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს. თუმცა ნაცვლად ამისა, ოლიმპიადის მასპინძლობის მოგებიდან რამოდენიმე თვეში რუსეთი საქართველოში შემოიჭრა.
კრემლმა ამისათვის დიდი არმია გამოგზავნა და მანამდე დე ფაქტო კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონები, საკუთარი უკანონო ოკუპაციის ზონებად აქცია. მას შემდეგ, რუსეთი დაუღალავად აშენებს ეკლიან მავთულხლართებს აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის.
აფხაზეთის დედაქალაქი – სოხუმი, სანახევროდ დანგრეულია, ერთადერთი თუ სადმე რამე შენდება, ეს რუსეთის სამხედრო ბაზებია. ადგილობრივი მოსახლეობის 70%-ზე მეტი გამოდევნეს, ამიტომ იქაურობა გავერანებული და შემზარავია.
აჭარა, აფხაზეთიდან სამხრეთით რამოდენიმე კილომენტში მდებარეობს და საქართველოს კიდევ ერთი რეგიონია. 2004 წელს ჩვენ მოვახრხეთ მისი განთავისუფლება რუსეთის მიერ ხელდასმული ადგილობრივი ლიდერისაგან. მას შემდეგ, აჭარაში ჩადებულმა მილიარდიანმა ინვესტიციებმა გასაოცრად შეცვალა იქაურობა. ერთ დროს უკუღმართსა და უიღბლო რეგიონში, უფრო მეტი უმაღლესი დონის სასტუმროა ვიდრე სოჭში, ატმოსფერო კი გაცილებით უფრო თავისუფალია, აღარაფერს ვამბობ კრიმინალის თითქმის არარსებობაზე. რეგიონში ტურისტთა რაოდენობა 10-ჯერ, ხოლო ბათუმის მოსახლეობა ორჯერ არის გაზრდილი.
მიუხედავად კოლოსალური თანხებისა, რაც სოჭში ჩაყარეს, შედეგი ძალიან შორს არის მოლოდინისგან. ეს იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში, წარმატებისათვის გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე პუტინის მოდელი.
პოტიომკინის სოფლის შენება ვერც რუსეთის რეგიონულ გავლენას გაზრდის და ვერც სამეზობლო ურთიერთობებზე აისახება პოზიტიურად. მხოლოდ ნამდვილი რეფორმებით, ჭეშმარიტი მოდერნიზაციითა და ღია საზოგადოებით არის შესაძლებელი ამის მიღწევა. რუსეთმა, რომ ეს კურსი აირჩიოს, ყოველი მისი მეზობელი სახელმწიფო სიხარულით შეხვდება ამას.
ოლიმპიადა ვერც უამრავ ისტორიულ იარებს მოაშუშებს და ვერც ჩვენთვის სანატრელ მშვიდობას მოიტანს.
ოლიმპიური თამაშები IX საუკუნის გენოციდის კერაზე იმართება, გენოციდისა, რამაც თითქმის მთელი ჩერქეზი ერი შეიწირა. ნაწილი მეთოდურად გაანადგურეს, ნაწილი კი თურქეთში გადაასახლეს. ამ ჭრილობას კიდევ უფრო მოუშუშებელს ხდის ის, თუ როგორ ეპყრობა პუტინი ჩრდილო კავკასიის ხალხებს. რუსეთი სისტემატიურად აცხადებს უარს იმაზე, რომ ჩეჩენი, დაღესტნელი, ინგუში, და ყაბარდო – ბალყარელები, განიხილოს თანასწორუფლებიან სუბიექტებად. მათ მიმართ დამოკიდებულება კოლონიურია, სადაც ელიტა უნდა მოისყიდო, ხოლო მოსახლეობა დათრგუნო.
ეს დამოკიდებულება ნათლად გამოჩნდა ბოლო თვეებშიც, როდესაც რუსულმა უშიშროების ძალებმა ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდების მასობრივი დაპატიმრებები დაიწყეს, ხოლო ტერორისტების ძიებაში, თითქმის ყველა მუსლიმ ქალს ნერწყვის ანალიზები აუღეს. ასეთი უხეში კოლონიური მიდგომა, მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტ ანტაგონიზმსა და რადიკალიზაციას წარმოშობს, რაც თავისთავად საფრთხეს შეუქმნის რუსეთის მიერ ამ რეგიონზე კონტროლის შენაჩუნებას.
პუტინი იმაშიც ცდება, როდესაც ჰგონია, რომ ოლიმპიადა გაამყარებს მის ძალაუფლებას. ბოლო ჯერზე, რუსეთმა ოლიმპიადას 1980 წელს უმასპინძლა. საბჭოთა ხალისუფლების მაშინდელი ჩანაფიქრით, ოლიმპიადა საბჭოთა ტრიუმფისა და უპირატესობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო.
თუმცა, მათდა სამწუხაროდ, თამაშების დასრულებიდან ძალიან მალე, საბჭოთა კავშირი ისეთ კრიზისში შევიდა, რომელმაც მოგვიანებით კომუნისტური სისტემა დააჩოქა, ხოლო იმპერია სწრაფი ტემპით დაშალა. არა-ერთი შთამბეჭდავი მსგავსება იკვეთება მოსკოვისა და სოჭის ოლიმპიადებს შორის. სოჭის ოლიმპიადაც, ისევე როგორც მოსკოვისა, გადაქცეულია სისტემის პროპაგანდისტულ შოუდ. მაშინ, საბჭოთა კავშირს მოსკოვი ჰქონდა ჩაკეტილი არამოსკოველებითვის, ახლა რეგიონებიდან ჩასულებს აღარ იკარებენ სოჭში.
პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედია უწოდა, თუმცა როგორც ჩანს მას ჯერაც არ ესმის თუ რამ განაპირობა ეს.. სწორედ ისევე, როგორც პუტინი დღეს, საბჭოთა ლიდერებიც უარყოფდნენ მოდერნიზაციის აუცილებლობას და ნაცვლად ამისა ფსონს ნავთობის მაღალი ფასების შენარჩუნებაზე დებენ.
1980 წლის შემდეგ, ნავთობის ფასების დაცემამ და ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ, საბჭოთა კავშირი დანგრევამდე მიიყვანა. დღევანდელი რუსეთი, ნავთობის მაღალი ფასების მიუხედავად ეკონომიკური რეცესიის ზღვარზეა. უფრო ფართო გაგებით, სახეზეა ფუნდამენტური წინააღმდეგობა პუტინის მიერ რკინის ხელის მოჭერით დისციპლინის დამყარების ხედვასა და ადამიანთა მისწარაფებებს შორის, რომელნიც როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, უკეთეს მომავალს შენატრიან. შედეგად, პუტინის ბედი შესაძლოა კიევის ცივ ქუჩებში უფრო გადაწყდეს ვიდრე სოჭის ფაფუკ ფერდობებზე“,- აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები