რა როლს თამაშობს განათლება და კულტურა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაში?
ყოველი სუვენერული და დემოკრატიული სახელმწიფოს მიზანია შექმნას ერთიანი ეროვნული სივრცე, სადაც მოქალაქე იგრძნობს დაცულობას, სიმშვიდესა და სტაბილურობას. დაცულობა ადამიანის მოთხოვნილებათა იერარქიის ბაზისია (აბრაჰამ მასლოუს „ადამიანური მოტივაციის თეორია“, 1943 წელი) და სწორედ მასზეა დაშენებული სხვა ფსიქოლოგიური და სოციალური საჭიროებები. იმისთვის, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა სუფევდეს, აუცილბელია შიდა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება და დარეგულირება. დემოკრატიული პრინციპების მიხედვით, წარმომავლობის (ეთნოსის) მიუხედავად, ყველა მოქალაქე თანასწორი უფლებებითა და შესაძლებლობებით უნდა სარგებლობდეს – ამგვარად ქვეყანა თავიდან აირიდებს სეპარატიზმის მცდელობებს მცირე ჯგუფების მხრიდან, ქვეყნის შიდა მწვავე დაპირისპირებებს და უხილავი, გარე პოლიტიკური ძალის უხეშ ინტერვენციას; ასევე, შეინარჩუნებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა, ანტიდისკრიმინაციული იდეოლოგია, ტოლერანტობა, უზენაესი კანონის აღსრულება და სამართლიანი სასამართლო სისტემაც კი, რომელიც საერთო კრიტერიუმებით განსჯის ნებისმიერ ეჭვმიტანილს.
განათლების გავრცელება და ცნობიერების ამაღლება ინტეგრაციის საკითხებში
დიდებული ქართველი მწერალი და პოეტი, აკაკი წერეთელი წერდა – “მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა”. მართლაც, განათლებას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ინტეგრაციის საკითხებში, რადგან იგი ადამიანში წარმოშობს ტოლერანტობას, მზაობას და თვალსაწიერს აფართოებს, ანუ საშუალებას გვაძლევს უფრო მასშტაბურად ვიფიქროთ, შევაფასოთ და განვსაჯოთ სიტუაციები; მოვლენები დავინახოთ არა ვიწრო, პერსონალურად ჩვენზე მორგებული სპექტრიდან, არამედ აღვიქვათ მთელი პოლიტიკურ-სოციალური სურათი. განათლება ანგრევს იმ სტერეოტიპებს, რომელიც შესაძლოა ართულებდეს ხალხთა შორის ურთიერთობას – ერთი მხრივ, მკვიდრი მოსახლეობისგან მიმღებლობას ასუსტებდეს, მეორე მხრივ, ეთნიკური უმცირესობის ინიციატივას; ამგვარად კი მათ შორის უფსკრულს წარმოშობდეს. მაგალითად, ტერაქტების გახშირებისა და ესქტრიმისტთა გამრავლების შემდეგ, მუსლიმანების მიმართ წარმოშობილი ლოგიკური შიშის გასანეიტრალებლად (და იმ იარლიყის მოსაშორებლად, რომელიც ყველა მუსლიმს ტერორისტად რაცხავდა), დიდ ბრიტანეთში აჰმადიას მუსლიმთა თემმა წამოიწყო საგანმანათლებლო კამპანია “მუსლიმები მშვიდობისთვის”. კამპანია მოიცავდა სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივას, საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამას და მედიასთან სწორ კომუნიკაციას, რაც ისლამის პოზიტიური იმიჯის შექმნა-გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
საერთო ღირებულებებისა და ჰუმანურობის, როგორც მთავარი ფასეულობის, ხაზგასმით კამპანია ცდილობდა დაენგრია მის ირგვლივ წარმოქმნილი ბარიერები და ჩამოეყალიბებინა კავშირები სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ან ათეისტებთან. კამპანია „მუსლიმები მშვიდობისთვის“ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მუსლიმების მიერ შეტანილი წვლილის ჩვენებით, სოციუმს იმ „მორალური უფსკრულის“ ამოვსებაში დაეხმარა, რომელიც სტერეოტიპებმა და ცრურწმენებმა წარმოშვა.
საგანმანათლებლო ღონისძიებები ფართო სპექტრს შეიძლება მოიცავდეს – სახელმწიფო ენის სწავლებას, ლექციებს ან სემინარებს ისტორიისა და რელიგიის შესახებ (სადაც სათანადოდაა წარმოჩენილი და მრავალი კუთხითაა გაანალიზებული, ფაქტები, ასევე აქცენტირებულია მსგავსებები და განსხვავებები ხალხთა შორის), პანელური შეხვედრები, აქციები, საქველმოქმედო საღამოები და ა.შ. საინტერესოა, როგორია პრაქტიკა საქართველოში. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხით დაინტერესებულები არიან სახელმწიფო დაწესებულებები, ე.წ. ფოლისიმეიქერები, აკადემიური ინსტიტუტები, კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაციები, მედია საშუალებები; იქმნება პოლიტიკის დოკუმენტები, რეპორტაჟები, ფილმები, სტატიები, სამეცნიერო ნაშრომები, ე.წ. გაიდლაინები, პროექტები და ა.შ.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა, რომელიც საქართველოში ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებს წარმართავს, სსიპ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაა. 2014 წელს ორგანიზაციამ შეიმუშავა განახლებული სახელმწიფო ენისა და ინტეგრაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე ათი წელია ქართულს ასწავლის განსხვავებული ეროვნების მოქალაქეებს. ბენეფიციარებს ხელი მიუწვდებათ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ 30 კურსზე, რათა დაეუფლონ ქართულ ენას და ინტეგრირდნენ ერთიან ეროვნულ სივრცეში. პროცესების გასამარტივებლად, ჟვანიას სახელობის სკოლამ საკუთარი სახელმძღვანელოებიც შეიმუშავა, რომელიც ქართულს განიხილავს როგორც უცხო ენას და ყოფს შესაბამის დონეებად (A1, A2, A1.2, A2.2. B1.1. B1.2. და ა.შ). 2023 წელს აღნიშნულ პროგრამაში ჩართულთა რაოდენობა 5439-ს გაუტოლდა.
გარდა ამისა, ორგანიზაცია საჯარო სექტორში დასაქმებულ ეთნიკურ უმცირესობებს კომპეტენციის ამაღლებასა და პროფესიულ ზრდაში ეხმარება („მუნიციპალური მართვის შესავალი კურსი“, „მუნიციპალური მართვის ზოგადი კურსი“, „მუნიციპალური მართვის სპეციალიზებული კურსი“). 2023 წელს საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით გადამზადაა 90 მსმენელი.
კულტურული ღონისძიებები და სივრცე ინტერკულტურული დიალოგისთვის
კულტურა საუკუნეების განმავლობაში იყო ხალხთა დამაკავშირებელი ხიდი, მისი მეშვეობით განსხვავებული მსოფმხედველობისა და წეს-ჩვეულებების მქონე ერები „შეხების წერტილებს“ პოულობდნენ – ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ ცხოვრებისეულ ფილოსოფიას, წარმოდგენებს, რელიგიას; კულტურის უფრო ხელშესახებ და ყოველდღიურ ნაწილსაც – ტრადიციულ სამზარეულოს, ეროვნულ სამოსს, მუსიკას, საცეკვაო ნომრებსა და სხვა ფოლკლორულ საგანძურს – ზეპირსიტყვიერად გადმოცემულ ზღაპრებს, მითებს, ისტორიულ ამბებს.
ფესტივალები, ვორქშოფები, ფორუმები, გამოფენები, ლიტერატურისა და პოეზიის საღამოები, კონცერტები – ეს იმ ღონისძიებათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც კულტურული დიალოგისთვის სივრცეს იძლევა და ქვეყნის შიდა მრავალფეროვნებას წარმოაჩენს, რაც თავის მხრივ, სახელმწიფოსთვის დიდი ბონუსია საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებისას; ჩვეულებრივ, უმცირესობათა ინტეგრაციისთვის გატარებული ღონისძიებები დადებითად მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე, აუმჯობესებს მის დიპლომატიურ ურთიერთობებს და თან სდევს ეკონომიკური სარგებელიც (ფონდების მიერ დაფინანსება ან ანტერპრენერული პროცესების გააქტიურება). მსგავსი ღონისძიებები აყალიბებს და ამყარებს ნდობას განსხვავებული წარმომავლობის მქონე ხალხს შორის, აჩენს კოლაბორაციისა შექმნის სურვილს.
კანადა კარგი მაგალითია, როდესაც კულტურული ინკლუზიით ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას განვიხილავთ. იმიგრაციის ხანგრძლივი ისტორია კანადაში ჯერ კიდევ კოლონიზაციის პერიოდში იწყება. ევროპიდან, აზიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან წამოსული მიგრანტები სწორედ აქ იღებდნენ შანსს ახალი ცხოვრების დასაწყებად. საბოლოო ჯამში, სხვა უფრო მცირე მიზეზებთან ერთად, სწორედ ამან შეუწყო ხელი კანადის მოსახლეობის ეთნიკურ მრავალფეროვნებას. 1970 წელს კი კანადამ მულტუკულტურული პოლიტიკური კურსი აირჩია და ყველას თანაბარი გარემო-პირობები შესთავაზა ცხოვრებისა და განვითარებისთვის. დღესდღეობით მოსახლეობა დაკომპლექტებულია ძირძველი, ევროპელი, აზიელი და აფრიკელი კანადელებით; ასევე, კარიბის ზღვისა და ლათინო-ამერიკული წარმოშობის კანადელებით. კანადაში ყოველწლიურად იმართება ღონისძიებები, რომელთა მთავარი მიზანი, ერთი მხრივ, ეთნიკური უმცირესობების სუბკულტურების შენარჩუნებაა, მეორე მხრივ, მათი მოქცევა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. მაგალითად, კარიბანა (ტორონტოს კარიბის კარნავალი), რომელიც კარიბული კულტურის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას ემსახურება; ჩვეულებრივ, იგი ტარდება ტრადიციული მუსიკისა და ცეკვების თანხლებით. ამასთანავე, კარიბანა წარმოაჩენს კარიბელების როლს კანადის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. კიდევ ერთი მაგალითია, ვაისახის აღლუმები – რელიგიური ფესტივალი სიქებისთვის. ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ვანკუვერი, ტორონტო და კალგარი ტარდება აღლუმები, რომლებიც წარმოაჩენს ინდურ კულტურას – მუსიკას, ცეკვებს, სასცენო დადგმებსა და ისტორიული მნიშვნელობის საბრძოლო ხელოვნებას.
როგორც ხედავთ, განათლებისა და კულტურის წვლილი ეთნიკური უმცირესობების ინკლუზიის პროცესში განუზომლაც დიდია. თუკი ვიხელმძღვანელებთ დასავლური პრაქტიკით და, ამასთანავე, გავიხსენებთ ჩვენივე ქვეყნის წარსულს (თურქების, სელჩუკების, მონღოლებისა და ჩეჩნების ჩამოსახლება- ასიმილაციას) ცხადი გახდება, რომ ეთნიკური მრავალფეროვნება ერის ისტორიას, ცხოვრების წესსა და კულტურას უფრო საინტერესოს ხდის, მის პოზიციებს კი აძლიერებს.