იუსტიციის სამინისტრომ პრობაციონერთა ინოვაციური საორიენტაციო კურსის პროექტი დაიწყო
იუსტიციის სამინისტრომ პრობაციონერთა ინოვაციური საორიენტაციო კურსის პროექტი დაიწყო.
სამინისტროს ინფორმაციით, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ინოვაციური სარეაბილიტაციო შესაძლებლობაა, რომელიც დაბალი რისკის პრობაციონერების მხრიდან განმეორებითი დანაშაულის პრევენციას და ამ პროცესში პრობაციის ოფიცრების როლის გაძლიერებას ემსახურება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამა ითვალისწინებს პრობაციის ოფიცრების როლის ზრდას დანაშაულის პრევენციის პროცესში; ასევე, დაბალი რისკის პრობაციონერებს უქმნის შესაძლებლობას, გაიარონ საორიენტაციო კურსი და შემდგომ შესაბამისი ანაზღაურების მიღებით, პრობაციის ოფიცრებთან ერთად თავადვე გაუძღვნენ მსგავსს კურსებს. ამას გარდა, პროგრამის წარმატებით დასრულება პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და რეჟიმის შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი დადებითად გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება.
კურსი მოიცავს ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორიცაა: ფსიქოსოციალური უნარების განვითარება, წიგნიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა, სამართლებრივი საკითხები და ქალები მართლმსაჯულების სისტემაში.
კურსის ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას: შრომითი უფლებებისა და სოციალური დახმარების სისტემებზე;
ემოციური მდგომარეობის რეგულირებაზე;
ეფექტიან კომუნიკაციასა და კონფლიქტური სიტუაციის მართვაზე;
განსხვავებულის მიმართ მიუღებლობისა და სტიგმის დაძლევაზე;
ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და არაჯანსაღი ქცევისა და ჩვევების იდენტიფიცირებაზე;
ასევე, პროფორიენტაციის პროგრამის საშუალებით გაეცნობიან არაერთი პროფესიის თავისებურებას.
კურსის პილოტის ჩასატარებლად პრობაციის ოფიცრები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩნენ.
პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა პრობაციის ოფიცრები დააჯილდოვა, რომელთაც წარმატებით გაიარეს ტრენერთა ტრენინგი და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ისინი იქნებიან პირველი პრობაციის ოფიცრები საქართველოში, რომლებიც კურსის პილოტს ჩაატარებენ, შემდეგ კი, ამავე პროცესის გავრცელებას შეუწყობენ ხელს.
პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ექსპერტის ჩართულობით, აშშ-ის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად ხორციელდება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.