ყოველ ნახატს ღია ფერებით თავისებური განწყობა და სითბო მოაქვს… იქნება ეს – პატარა ქალაქის ქუჩები, წვიმა, ყვავილები, ნატურმორტები თუ პეიზაჟები…
თავიდან მხოლოდ პორტრეტებს ხატავდა, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ კი ქმნის როგორც ფერწერულ, ისე გრაფიკულ ნამუშევრებს… თუმცა ამბობს, რომ ფერწერა გამორჩეულად უყვარს და მის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინეს იმპრესიონისტებმა.
მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, სამომავლოდ კი პერსონალური გამოფენის გამართვას გეგმავს. – მხატვარ ქეთი ნავროზაშვილის პერსონა.
– საინტერესო ბავშვობიდან?
– ძალიან პატარა ვიყავი, ხატვა რომ დავიწყე. უმეტესად, პორტრეტებს ვხატავდი, რა თქმა უნდა, ჩემებურად. განსაკუთრებით მამას ვხატავდი, ძალიან სახასიათო სახე ჰქონდა. მიყვარდა პორტრეტების ხატვა და ხასიათების დაჭერა.
ხატვის გარდა არანაირ პროფესიაზე არც მიფიქრია და ოჯახშიც ეგრე ფიქრობდნენ.
– სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრეთ. ფერმწერები, გრაფიკოსები, მოქანდაკეები… ვინ დატოვა კვალი…
– დავამთავრე სამხატვრო აკადემია, ზურაბ წერეთლის ფაკულტეტი. მონუმენტური მოხატვა. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინეს იმპრესიონისტებმა.
– ხატავთ როგორც ფერწერულ, ისე გრაფიკულ ნამუშევრებს. და მაინც, რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– ფერწერა ჩემთან უფრო ახლოს არის. კიდევ აღვნიშნავ, რომ ძალიან მიყვარს იმპრესიონისტები და მართლა გავლენა აქვს ჩემს ნახატებზე. მიყვარს წვიმის ხატვა, რომელიც საოცრად მამშვიდებს.
– როგორ იქმნება ნახატი… შთაგონება ან რაიმე გარემო თუ გჭირდებათ?
– განწყობა შეიძლება ძალიან მოულოდნელად მოვიდეს. მუსიკას დიდი ადგილი უკავია ჩემს შემოქმედებაში.
– თქვენი პირველი შემფასებელი?
– ჩემი შვილი – ირაკლი მაღალაშვილი. ძალიან სწორად ხედავს და აფასებს.
– გრაფიკა… პორტრეტები…
– ჩემს გრაფიკულ ნახატებზე მეტად ჩემი წვიმის პეიზაჟებს გამოვყოფდი. უფრო მიყვარს და ჩემს თავს წვიმის მხატვარს ვეძახი…
– საინტერესო ამბავი…
– დამიწყია აბსოლუტურად სხვა ნახატი და უცებ საერთოდ სხვანაირად დამიმთავრებია, საერთოდ რომ ვერ წარმომედგინა, ისეთი დასასრული ჰქონია ნახატს…
– მხატვარი და ფერი… თქვენ დაასრულეთ…
– მხატვარი და ფერი. როგორიც არის მუსიკა, ყველა თავისებურად რომ აღიქვამს და შეიგრძნობს…
– კორონავირუსი და მკაცრი რეალობა…
– პანდემიის დროს საკმაოდ ბევრი ნახატი დავხატე. საკმაოდ ნაყოფიერად ვმუშაობდი.
– ჰობი…
– ჰობი მაქვს საჭმელების კეთება და ჩემებურად ვიგონებ რაღაცებს.
– ოჯახი…
– მე და ჩემი შვილი ვცხოვრობთ ერთად. ირაკლი მაღალაშვილი.
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– გამოფენა მქონდა ჯგუფური. მეგობრებთან ერთად. სამომავლოდ ვგეგმავ პერსონალურ გამოფენას.
თამარ შაიშმელაშვილი