“ბრალდებული მეუღლეს სახლის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკურად ძალადობდა” – სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.

“2023 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში, ბრალდებულმა თავის მეუღლესთან ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მასზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

2024 წლის თებერვალში, ბრალდებული მეუღლეს სოციალურ ქსელ „Facebook”-ით კომუნიკაციისას, სახლის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სამართალდამცავს ბრალდება წარედგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები