თეა წულუკიანმა „ნიჭიერთა ათწლედის“ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლას – „ნიჭიერთა ათწლედს“ ესტუმრა და ცნობილ ქართველ პიანისტ გიორგი ვაჩნაძესთან ერთად გაეცნო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ინფორმაციისთვის: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდი „ქართუს” ერთობლივი დაფინანსებით მიმდინარეობს „ნიჭიერთა ათწლედის“ შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე დასრულდა შენობის დაზიანებული სახურავისა და გამოუყენებელი ფრაგმენტების დემონტაჟი; ჩატარდა მთელი შენობის გამაგრებითი სამუშაოები; დამონტაჟდა დამატებითი სართულის რკინის კონსტრუქციები საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად; გათბობის სისტემის მონტაჟი; დაწყებულია შიდა სარემონტო სამუშაოები.
რეაბილიტაცია 2022 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება, მანამდე კი სკოლა დროებით ალ. ყაზბეგის N 16-ში მდებარე შენობაში ფუნქციონირებს.
„ნიჭიერთა ათწლედის” შენობის რეაბილიტაციის ჯამური ბიუჯეტია 6 700 000 ლარი.
1934 წელს თბილისის კონსერვატორიასთან „ნიჭიერ ბავშვთა ჯგუფი“ ჩამოყალიბდა. სკოლის ისტორიაც სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს. სკოლის პედაგოგები იყვნენ და არიან სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები. „ნიჭიერთა ათწლედში“ აღიზარდა კომპოზიტორთა, მუსიკოს-შემსრულებელთა, მუსიკისმცოდნეთა მრავალი თაობა, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს მუსიკალური კულტურის განვითარებასა და მის საერთაშორისო აღიარებაში.
სკოლის აღზრდილთა შორის არიან: სულხან ცინცაძე, სულხან ნასიძე, გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, დავით თორაძე, მედეა ამირანაშვილი, ლიანა ისაკაძე, ლამარა ჭყონია, ზურაბ ანჯაფარიძე, ნოდარ გაბუნია, ჯანსუღ კახიძე, ელისო ვირსალაძე, ლექსო თორაძე, ეთერ ანჯაფარიძე, დები იაშვილები, დიმიტრი ბაშკიროვი, ალექსანდრე კორსანტია, ელისო ბოლქვაძე, ვიორგი ვაჩნაძე, ხატია ბუნიათიშვილი, საქართველოს სიმებიანი კვარტეტის მთელი შემადგენლობა და სხვა სახელგანთქმული მუსიკოსები.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „ნიჭიერთა ათწლედის” 80-ზე მეტი მოსწავლე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი გახდა.
„ნიჭიერთა ათწლედიდან“ წლების მანძილზე საუკეთესოდ მომზადებული აბიტურიენტები სწავლას აგრძელებენ სახელმწიფო კონსერვატორიაში, რაც ხელს უწყობს მუსიკალური განათლების ჯაჭვის უწყვეტობას საქართველოში.
2020 წლის მარტში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ „ნიჭიერთა ათწლედში“ ბავშვთა მუსიკალური აღზრდის ტრადიციას მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები