რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი თეონა ფოლადაშვილი სამინისტროს შეთავაზებულ კომპენსაციას დათანხმდა და უკვე „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“ დასაქმდა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, გინეკოლოგი თეონა ფოლადაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კომპენსაციების პაკეტიდან, მისთვის ყველაზე მისაღებ შეთავაზებას დათანხმდა – მან, ტოლფას პოზიციაზე დასაქმება და 4 თვის კომპენსაცია აირჩია. სპეციალური საბჭოს შუამდგომლობით, თეონა ფოლადაშვილი უკვე დასაქმდა „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დაახლოებით, 3 წელია ვმუშაობ. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, სპეციალური პასუხისმგებელი საბჭოა შექმნილი. ზუსტად მათ გამიწიეს სრულფასოვანი და ეფექტური შუამდგომლობა, დასაქმებასთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინეს ჩემი სურვილები და კომპეტენცია. საბოლოოდ, დამიკავშირდნენ „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის“ ადმინისტრაციიდან, მათთან, გავიარე  გარკვეული საკითხები, რომელიც ახალი კადრის მიღების დროს არის გათვალისწინებული და ჩვენი, ორივე მხარის შეთანხმებით, ურთიერთთანამშრომლობა გავაფორმეთ“,  – ამბობს თეონა ფოლადაშვილი.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციები კვლავ გრძელდება. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის  თანამშრომლებს შორის, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა, უწყების მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. მათივე ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის ნაწილი მუშაობას იმ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ალტერნატიულ დასაქმებას სთავაზობს. უწყებამ, ამ მიმართულებით, 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან გამართა მოლაპარაკებები.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. მათი განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ – ღირსეული კომპენსაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები