ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, უზენაესი სასამართლოს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლობით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ასათიანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, ასევე პროკურატურის, სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციის, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და პროექტში მონაწილე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროექტის ორგანიზატორებს და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა უზენაეს სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს, პროექტში ჩართულ პირებს, სტუდენტებს და აშშ-ის საელჩოს პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის.
„ღონისძიება მართლაც წარმატებული გამოვიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე – ბრალდების და დაცვის მხარემ ძალიან მაღალ დონეზე წარმოადგინეთ თქვენი არგუმენტები და პოზიციები. მსგავსი ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ხელს უწყობს ახალგაზრდა იურისტების და სტუდენტების სასამართლო უნარ-ჩვევების განვითარებას და ჩვენთვის ეს მართლაც ღირებულია“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
გენერალურმა პროკურორმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებაში აშშ-ის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ს მხარდაჭერა არის ტრადიციული და მყარი, ვინაიდან სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოში მართლმსაჯულების განვითარებას და განსაკუთრებით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. როგორც ღონისძიებაზე აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, იგი მოხარულია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, გენერალურ პროკურორთან და ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტთან ერთად ზეიმობს სტუდენტების იმ დიდ შრომას, რომელიც მათ იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩემპიონატში მონაწილეობისას გაწიეს. ღონისძიებაზე ტრენინგის ორგანიზატორებმა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილე სტუდენტთაგან გამარჯვებულები გამოავლინეს, მათ შორის – საუკეთესო გუნდი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა, ასევე, გამოვლინდნენ საუკეთესო შესავალი და დასკვნითი სიტყვების და პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვების ავტორები. გამარჯვებულ სტუდენტებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა 12 უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. პროექტი გუნდებისთვის როგორც შიდა საუნივერსიტეტო ტრენინგებს და იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, ასევე, ნახევარფინალურ და ფინალურ შეჯიბრს მოიცავდა. პროექტის დასკვნით ეტაპზე გუნდებს მოქმედი მოსამართლეებისგან, პროკურორებისა და ადვოკატებისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებდა. ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის მონაწილეები საქართველოს პროკურატურის და ადვოკატთა ასოციაციის ტრენერებმა მოამზადეს. ჩემპიონატის მიზანს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების საპროცესო უნარ-ჩვევების გაღრმავება წარმოადგენს. პროექტი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობით, INL-ის ბიუროს ხელშეწყობით, განხორციელდა. ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად, საპილოტე ფორმატში გაიმართა, მომავალში კი ჩემპიონატის ყოველწლიურად ჩატარებაა დაგეგმილი.