თავდაცვის მინისტრი რუმინელ დიპლომატებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი შეხვედრა რუმინეთის ელჩთან და თავდაცვის ატაშესთან გამართა. მინისტრმა რაზვან როტუნდუსა და ვიცეპოლკოვნიკ ოვიდიუ პისკოჩუს რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, თავდაცვის სფეროში წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში რუმინეთის როლი და აქტიური მონაწილეობა.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სხვადასხვა, მათ შორის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მიმართულებით არსებული მჭიდრო, თანმიმდევრული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მრავალფეროვანი გახდება.