“უცნაურად იქცევა” – რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 პირის მკვლელობისა და ერთის დაჭრის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

“არის ჩაკეტილი და უცნაურად იქცევა”,-  ამის შესახებ რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 პირის მკვლელობისა და ერთის დაჭრის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი ელდარ გვალია აცხადებს.

მისივე თქმით, დაკავებულის ფსიქიკური მდგომარეობა სასამართლო ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

“აღიარებს ბრალს. ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან, ჩემი თანდასწრებით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში. მკვლელობის მოტივზე გიორგი ორველაშვილი საერთოდ არაფერს არ ამბობს. არის ჩაკეტილი და უცნაურად იქცევა. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ადვოკატი ვარ და არ ვარ კომპეტენტური განვსაზღვრო რამდენად დაავადებულია გიორგი ორველაშვილი, თუნდაც ფსიქიკურად, ამისთვის არსებობს გამოძიება, რომელსაც აქვს ვალდებულება დანიშნოს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. დაველოდები დასკვნას და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო, თუ შეურაცხადი იქნება გიორგი მაშინ შეწყვეტენ დევნას მის მიმართ და განაწესებენ შესაბამის სამკურნალოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში”, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გუშინ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად 4 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია და კლინიკაშია მოთავსებული. მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა 20 თებერვალს, გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო. ძმებს ბრალი წარდგენილი აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები