„ხშირად მესიზმრება, რა უნდა დავხატო“ – ინდიელებზე შეყვარებული ხელოვანი და… დათვი, რომელმაც შეაშინა

ხატვა 8 წელია  დაიწყო. სპეციალობით  გერმანული ენის თარჯიმანრეფერენტი. პირველი ნამუშევარი 2014 წელს დახატა, ყველაზე მეტი ნახატი კი პანდემიის დროს შექმნა. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო გამოფენებზე.
წერს მოთხრობებს, ხოლო ლექსებს – გერმანულ და ინგლისურ ენებზე.
ამბობს, რომ წლის ბოლომდე გამოსცემს წიგნს – „მუნა, ინდიელი ბელადის ქალიშვილი“, რომელსაც საკუთარი ილუსტრაციებით გააფორმებს.გერმანისტის, მხატვრის და მწერლის, ქეთევან მერკვილაძის პერსონა.

ბავშვობა და სკოლის პერიოდიალბათ ხელოვნებდა ხატვა მაშინაც გიყვარდათ. რა იყო საინტერესო იმ დროიდან?
– ცხადია, ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და ხელოვნება, ვინაიდან სკოლის პერიოდში დავდიოდი გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურული მუზეუმის ლიტერატურულ კოლეჯ-სახელოსნოში. სადაც ბავშვებს ლიტერატურასთან ერთად გვასწავლიდნენ: ხელოვნების ისტორიას, მუსიკას, ცეკვას, მსახიობის ოსტატობას, ჩემთვის ყველაზე ტკბილი წლები იყო.
გერმანული ენის თარჯიმანრეფერენტი ხართ…  
– გერმანული ბავშვობიდან მესმოდა და მიყვარდა, ვინაიდან დედა, მამიდა და ნათლია, ყველა გერმანისტი მყავდა, ასევე, გერმანისტი შემხვდა მეუღლეც.
როდის დაიწყეთ ხატვა?  
– პირველად დავიწყე ხატვა პასტელებით. ეს იყო 2014 წელი, როცა პირველად დავხატე უსაყვარლესი ნახატი „გოგონა ფანჯარასთან“,  სქელ ქაღალდზე. დღემდე ჩემს ფავორიტად ითვლება.
სხვადასხვა გამოფენაზე მიღებული გაქვთ  ჯილდოები. რომელ ჯილდოს გამოყოფდით?
– განსაკუთრებით ძვირფასია ქართულ-ინდური კულტურის დღეები (სამდღიანი გამოფენა), სადაც მივიღე უამრავი სერტიფიკატი, სამადლობელი სიგელი, რაც მთავარია, ინდურ ჟურნალ “SPANDAN ARTBEAT’’-ში დაიბეჭდა სხვა უნიჭიერეს თანამედროვე ქართველ მხატვრებთან ერთად ჩემი ნახატები.
გიყვართ ინდიელების დახატვა
– ისინი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბავშვობიდან მიყვარს ეს ხალხი და პატივს ვცემ მათ ტრადიციებს და კულტურას. ცოტ-ცოტას ვლაპარაკობ მათ დიალექტზე და ვმღერი მათ სიმღერებსაც.
როგორ მოდის შთაგონება?
–  ასე უცებ არ მოდის. ხშირად მესიზმრება, რა უნდა დავხატო, ან ჩემი ანგელოზი მუზა მიკარნახებს, ხშირად შეიძლება რამე ლამაზ ფილმს ვუყურო, ან ლამაზ მუსიკას მოვუსმინო და მოვიდეს შთაგონება. თუნდაც ტრანსპორტში მგზავრობისას უამრავი მოთხრობა დამიწერია.
–  საინტერესო ამბავი
– განსაკუთრებით გამოვყოფ ნახატს „ბათუ და მათე“, რომელიც წელს გაიყიდა, ჩემმა მუდმივმა ამერიკელმა კლიენტმა იყიდა.
დათვი, რომელიც მე და მეუღლეს მართლა შეგვხვდა ბორჯომის ნაკრძალში  და ძალიან  შეგვაშინა, ხოლო შემდეგ სასიამოვნო მოგონებად დარჩა… მასზე მოთხრობა დავწერე და ცხადია, ჩემივე ილუსტრაციებით გავაფორმე.
ლექსებს უცხო ენებზე წერთ…
– ძალიან ხშირად ვცადე ქართულად დაწერა, მაგრამ არ ვიცი, სულ უცხოურად მეწერება, ცხადია – გერმანულად და ინგლისურად. ხშირად ჩემი უცხოელი მეგობარი მეუბნება, აღვწერო ნახატი და თან დავურთო ჩემივე ლექსი. შემდეგ ის სიამოვნებით ბეჭდავს თავის ამერიკულ ჟურნალში. წელსაც ასე მოიქცა. მარტის დასაწყისში გამოვა ყოველწლიური ინტერნეტჟურნალი “Angels Art  Magazine’’ ჩიკაგოში.
ჰობი
– ხატვა, დეტექტივების კითხვა და ზღაპრების წერა.
როგორ უთავსებთ ერთმანეთს ხატვას და ძირითად საქმიანობას?
– ეს არც ისე რთულია. ის, რაც გიყვარს, ყოველთვის უნდა მიუძღვნა დრო, თუნდაც ერთი დღე.
–  ოჯახის წევრები
– ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანია, ისიც ხელოვანი, პოეტი და გერმანისტი, ყველაფერში მხარში მიდგას, განსაკუთრებით ხატვაში, გამოფენებში. ორივე პერსონალური  გამოფენის ორგანიზებაში  ძალიან დამეხმარა.
–  ამბობთ, რომ  მხატვრისთვის ძნელია საქართველოში თავის დამკვიდრება? რა უნდა გაკეთდეს ამ წრის გასარღვევად?
– მართლა ძალიან რთულია, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, იქ, სადაც უამრავი ჯგუფური თუ პერსონალური  გამოფენა ეწყობა, მაინც ძნელია თავის დამკვიდრება თუ არ ხარ ცნობილი მხატვარი, ან არ გყავს პატრონი. ყველგან პატრონი გჭირდება. ვცდილობ, ეს სტერეოტიპი დავარღვიო და ჩემით გავიკვლიო გზა. განსაკუთრებით – საზღვარგარეთ.
სამხრეთ ამერიკაში, იქ, სადაც ნამდვილად აფასებენ ხელოვნებას, ხატვას და პირიქით, თვითნასწავლ მხატვრებს უფრო მეტ პატივს სცემენ. ამიტომ საჭიროა, მხატვარმა იცოდეს უცხო ენები, რომ თავისუფლად დაუკავშირდეს  უცხოურ გალერეებს, მიიღოს  მონაწილეობა უამრავ ონლაინგამოფენაში, სადაც სხვადასხვა გალერისტი გიყურებს, დაინტერესდები და დაგიკავშირდება, რასაც მე ვაკეთებ ხშირად.
დამწყებ მხატვრებს ვურჩევ, შეაგროვონ უცხოელი პარტნიორების  რაც შეიძლება ბევრი კონტაქტი, რომ გზა გაიკვლიონ უფრო სერიოზული საქმიანი ურთიერთობისკენ.
სამომავლო გეგმები….
– უამრავი გეგმა მაქვს, პირველი მაინც ის არის, რომ წლის ბოლომდე გამოვცე ჩემი წიგნის ორივე ნაწილი – „მუნა, ინდიელი ბელადის ქალიშვილი“, გაფორმებული ჩემივე ილუსტრაციებით.

 

                                                                                                          თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები