სამტრედიის სოფლებში სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურა წესრიგდება
“დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაღმა ზონის სოფლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა”,- ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე კაპიტონაზე რამდენიმე უბნის დამაკავშირებელი ხიდი ეწყობა. მოსახლეობის გადაადგილებისთვის მოწყობილია ალტერნატიული გადასასვლელი, რასაც მალე კაპიტალურად მყარი კონსტრუქცია შეცვლის.
“დაზიანებული ხიდი დიდ პრობლემას უქმნიდა გადაადგილებისას ადგილობრივებს. აღნიშნული პრობლემა წლებია გვაწუხებს და მიხარია, რომ ყველაფერი გვარდება”, – განაცხადა ადგილობრივმა პაატა ამაღლობელმა.
ადგილობრივი მნიშვნელობის გზა იგება სოფელ გორმაღალში, რომელიც სოფელში მოსახლეობის დამაგრების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხებით ხდება.
,,საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კვლავ რჩება მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა შორის. მნიშვნელოვანია, რომ მაღალმთიან ზონაში გზის მოწყობა სოფლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული სამუშაოები ხარისხიანად სრულდება და ველოდებით მათ დროულ ჩაბარებას”,- განაცხადა დავით ბახტაძემ.